Google-ის კვანტურმა კომპიუტერმა წამებში შეძლო ის, რისთვისაც სუპერკომპიუტერს 47 წელი დასჭირდებოდა
მკვლევრებმა განაცხადეს, რომ Google-ის კვანტურ კომპიუტერს წამებში შეუძლია ის, რისთვისაც ყველაზე სწრაფ სუპერკომპიუტერს 47 წელი დასჭირდებოდა.
Google უკვე წლებია კვანტურ კომპიუტერებზე მუშაობს. 2019 წელს მათ შექმნეს Sycamore — კვანტური კომპიუტერი, რომელიც 53 ქუბიტზე მუშაობდა.
კლასიკური კომპიუტერისგან განსხვავებით, რომელიც ნულებისა და ერთიანების სერიებს, ანუ ბიტებს ამუშავებს, კვანტური კომპიუტერი ქუბიტებისგანაა შექმნილი, რისი მიხედვითაც, თითოეული ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც ნული, ისე ერთი. ამ პრინციპით, კვანტურ კომპიუტერს მილიონობით გამოთვლის თანადროულად ჩატარება შეუძლია.
შემდეგი პოდკასტი: კვანტური კომპიუტერები — ახალი ეპოქა
კვანტური კომპიუტერის უპირატესობა
მეცნიერებს სურთ კვანტურმა კომპიუტერებმა კლასიკური კომპიუტერები ჩაანაცვლონ. ცნობისთვის, კვანტური კომპიუტერი იყენებს კვანტური მექანიკის ეფექტებს და თანამედროვე სუპერკომპიუტერზე მილიონჯერ, მილიარდჯერ და ტრილიონჯერაც უფრო სწრაფი შეუძლია იყოს.
იყო პერიოდი, როდესაც Sycamore-ის მიერ შესრულებული დავალების გამეორება სუპერკომპიუტერებსაც იგივე დროში შეეძლოთ. თუმცა, მას შემდეგ კვანტურ კომპიუტერს 17 ქუბიტი დაემატა.
როგორია მომავალი?
დღეს ბევრი ისეთი ტექნოლოგიური გიგანტი, როგორიცაა Google, Microsoft და IBM ერთმანეთს კვანტური კომპიუტერების შექმნაში ეჯიბრება. კონკურენციაში სახელმწიფოებიც არიან ჩართული, მაგალითისთვის, ჩინეთი კვანტურ გამოთვლებში მილიარდობით დოლარს ხარჯავს.
კვანტური კომპიუტერი შეიძლება იყოს მილიონჯერ უფრო სწრაფი, ვიდრე კლასიკური კომპიუტერი. თუმცა, ვერ ხერხდება გამოთვლებისთვის ზოგადი ფორმის მიცემა.
მაგალითად, ამ მომენტისთვის კვანტური კომპიუტერით ვერ შეასრულებთ ისეთ მარტივ დავალებებს, რასაც ჩვეულებივი ლეპტოპით აკეთებთ. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, რა პრაქტიკული დანიშნულება აქვს კვანტურ კომპიუტერებს?
მაგალითად, ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ ჯანდაცვის სფეროში პირველი კვანტური კომპიუტერი გამოჩნდა. IBM-მა და კლივლენდის კლინიკამ კვანტური კომპიუტერი წარადგინეს, რომელსაც სამედიცინო კვლევებისთვის გამოიყენებენ. IBM Quantum System One შეიქმნა დიდი რაოდენობით მონაცემების მაღალი სიჩქარით დასამუშავებლად.
ამასთან, ივნისში გავიგეთ, რომ კვანტურმა კომპიუტერმა სუპერკომპიუტერი დაჯაბნა — ეს რთული მათემატიკური დავალების შესრულებისას მოხდა. მაშინ ეს პირველი შემთხვევა იყო, რა დროსაც 100+ ქუბიტზე კვანტური კომპიუტერის შესაძლებლობების დემონსტრირება მოხდა.
კვანტური კომპიუტერი ე.წ. ნაწილაკების სუპერპოზიციას იყენებს. როგორც უკვე ვახსენეთ, ეს ის მოვლენაა, როდესაც ნაწილაკი ერთდროულად სხვადასხვა ადგილასაა. ეს არის კვანტური კომპიუტერების ფუნდამენტიც. თუმცა, რადგან სუპერპოზიცია შეიძლება დაირღვეს გარე ჩარევის შემთხვევაში, კვანტური კომპიუტერების "დამორჩილება" რთულია.
მეცნიერები ცდილობდნენ უზრუნველყონ შესაბამისი გარემო, სადაც ურთიერთქმედება ნაკლები იქნება.
შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი კვანტური კომპიუტერები საწყის ეტაპზეა. თუმცა, პოტენციალი უდიდესია.
ვნახოთ, რა იქნება შემდეგი.
კომენტარები