ნახეთ: მეცნიერებმა ბრინჯაოს ხანაში მცხოვრები ქალის სახე აღადგინეს
1987 წელს შოტლანდიაში გზის მშენებლობისას ბრინჯაოს ხანაში მცხოვრები ქალის ქვის სამარხს გადააწყდნენ, რომელშიც მისი ჩონჩხი იყო ჩასვენებული. ნაშთებთან ერთან იქ სხვადასხვა არტეფაქტსაც მიაკვლიეს, მაგალითად, თიხის ჭურჭელს, ძროხის ძვალსა და კაჟის ნამტვრევებს.
ამ ქალის შესახებ, რომელსაც არქეოლოგებმა ავა უწოდეს, ბევრი არაფერია ცნობილი. ჩონჩხის ანთროპოლოგიური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ეს ინდივიდი 18-25 წლის ასაკში მოკვდა, მისი სიმაღლე კი 1.71 მეტრამდე იყო. საფლავის შიგთავსის მიხედვით ასკვნიან, რომ საქმე ბრინჯაოს ხანის ე.წ. თასების კულტურის წარმომადგენელთან გვაქვს.
სპეციალისტებმა ქალის სახე მიახლოებით აღადგინეს და სამგანზომილებიანი გამოსახულება შექმნეს. ეს საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორ გამოიყურებოდა დაახლოებით 3 800 წლის წინ მცხოვრები ადამიანი. ამისთვის ავტორებმა მისი და ცოცხალი დონორების თავის ქალების მაგნიტურ-რეზონანსული მონაცემები შეაჯერეს, რადგან ჩონჩხს ქვედა ყბა აკლია.
მეცნიერები ამბობენ, რომ ავას სახის მიახლოებით აღსადგენად ანატომიური, სტატისტიკური და ლოგიკური მონაცემები გამოიყენეს. მათ რბილი ქსოვილის სისქე განსაზღვრეს და ჩონჩხის თავის ქალის მახასიათებლები დონორების მახასიათებლებთან გააერთიანეს.
2018 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც დნმ-ის ანალიზს ეფუძნება, ავას შავი თმა და ყავისფერი თვალები უნდა ჰქონოდა, მისი კანი კი თანამედროვე შოტლანდიელებისაზე ოდნავ მუქი უნდა ყოფილიყო. სწორედ ასეთს ვხედავთ ქალს გამოსახულებებზე.
ახალი ნაშრომი 22 ივნისს გამოქვეყნდა.
კომენტარები