სამხრეთ კორეაში მოქალაქეთა ასაკი ერთ დღეში "შემცირდა" — ქვეყანაში ასაკის დათვლის ახალი სისტემა შემოიღეს
სამხრეთ კორეაში ახალი კანონი მიიღეს, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში ასაკის დათვლის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს მოერგება. აქამდე ადამიანის ასაკის განსასაზღვრად ორ სხვადასხვა სისტემას იყენებდნენ. ახალი მიდგომის შემოღების შემდგომ ყოველი მოსახლის ასაკი 1-2 წლით "შემცირდა".
ძველი სისტემის ფარგლებში ბავშვი დაბადებისას უკვე ერთი წლისად მიიჩნეოდა და თითო წელი ყოველ პირველ იანვარს ემატებოდა — ამ შემთხვევაში 31 დეკემბერს დაბადებული ბავშვი მომდევნო დღეს უკვე ორი წლისა გამოდიოდა. მეორე სისტემის მიხედვით, ბავშვი ნული წლისა იბადებოდა, თითო წელი კი ყოველ პირველ იანვარს ემატებოდა. ამრიგად, თითოეულ ადამიანს ასე სამი სხვადასხვა ასაკი შეიძლება ჰქონოდა.
ახალი კანონი 27 ივნისს ამოქმედდა და სამხრეთ კორეაში ასაკის გამოთვლის საერთაშორისო მეთოდი შემოიღეს.
ამგვარი ცვლილება ყოველდღიურ ცხოვრებაზე მინიმალურ გავლენას იქონიებს, რადგან არაერთი ადმინისტრაციული პროცესი ისედაც დაბადების თარიღს იყენებს. მეორე მხრივ, სკოლებში დაშვების, სამხედრო სამსახურსა და ალკოჰოლისა თუ თამბაქოს მიღების ლეგალური ასაკები კვლავაც ძველ შერეულ სისტემას ეფუძნება. ეს ყველაფერი ახალ მიდგომასთან მოსარგებად თანდათან განახლდება.
იუნ სუკ იოლი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, ამ ცვლილების მომხრე იყო. მისი აზრით, ასაკის ტრადიციული სისტემა ზედმეტ სოციალურ და ეკონომიკურ ხარჯებთან ასოცირდებოდა.
სამხრეთი კორეა ახლა უკვე აღმოსავლეთ აზიის იმ სახელმწიფოებს მიეკუთვნება, რომელთაც ასაკის გამოთვლის სტანდარტული სისტემა მიიღეს. იაპონიაში საერთაშორისო სტანდარტი 1950 წელს შემოიღეს, ჩრდილოეთ კორეაში კი — 1980-იან წლებში.
კომენტარები