სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge–ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media–სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media–ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ბოლო თვეების განმავლობაში მმართველი პარტია ქართული ოცნების მაღალჩინოსნები სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ ჰომოფობიურ რიტორიკას, დაწყებული სწრაფი კვების ქსელის დადანაშაულებით "ლგბტ პროპაგანდაში" და დასრულებული "რეკომენდაციით", რომ სტუდენტებმა ჰეტეროსექსუალური ურთიერთობები დაიწყონ და "გამრავლდნენ".

ჰომოფობიური განცხადებები გააკეთეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ. მათ "ლგბტ პროპაგანდასთან" დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს და ახალგაზრდები "არეული ორიენტაციის" ქონაში დაადანაშაულეს.

განცხადებების რაოდენობა და სიხშირე მარტის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, რამაც აქტივისტების ნაწილში გამოიწვია ეჭვი, რომ ხელისუფლებას პრაიდის კვირეულისათვის, რომელიც ივლისის პირველ კვირაშია დაგეგმილი, ხელის შეშლა სურს. სხვების აზრით კი, ჰომოფობიური განცხადებების მატება ხელისუფლების მხრიდან კიდევ უფრო მასშტაბური წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

12 ივნისის შემდეგ მმართველი პარტიის სხვა წევრებმაც გააკეთეს ჰომოფობიური განცხადებები, მათ შორის, თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც სამთავრობო ტელეარხის, იმედის ინფორმაციას გამოეხმაურა მაკდონალდსის მიერ "ლგბტ პროპაგანდის" გავრცელებასთან დაკავშირებით.

იმედის სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ "ჰეფი მილში" მოთავსებული ბროშურა ელტონ ჯონის ბიოგრაფიას აღწერდა და კაცთან მის ქორწინებას უსვამდა ხაზს. კომპანიამ განმარტა, რომ წიგნი კულტურული და ისტორიული ფიგურების შესახებ სერიის ნაწილია და ბრუნვიდან მისი ამოღება არ განიხილება.

ბუკლეტი "შემიძლია ნიჭიერი მუსიკოსი ვიყო" ელტონ ჯონისა და არეტა ფრანკლინის შესახებ მოუთხრობს ბავშვებს

ფოტო: RFE / RL.

თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებისთვის, ეს ინციდენტი ჰომოფობიური რიტორიკის გასაძლიერებლად გამოეყენებინათ. პრემიერმინისტრმა ბროშურებს "გულისამრევი" უწოდა და თქვა, რომ ეს "ამორალური და მიუღებელი კამპანიის" ნაწილია.

ანტისამთავრობო მოძრაობა სირცხვილიამ შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველმა პარტიამ ჰომოფობიური გამონათქვამები პრაიდის კვირეულის დაწყებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე გაახშირა. დროის ამ მონაკვეთში ქვიარ აქტივისტებსა და ხელისუფლებას შორის დაძაბულობა აუცილებლად იმატებს ხოლმე.

მიუხედავად იმისა, რომ შარშან პოლიციამ პრაიდის ღონისძიებები ულტრამემარჯვენე ძალების თავდასხმისგან დაიცვა, 2021 წელს დაგეგმილი მარშის დაცვა ხელისუფლებამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა, რასაც ჰომოფობიით მოტივირებული ძალადობა მოჰყვა. დაზარალდნენ აქციის მონაწილეები, ტურისტები და ჟურნალისტები.

ირაკლი ღარიბაშვილი: ბრძოლა "ბოროტ ძალებთან"

საქართველოს პრემიერ–მინისტრი რიტორიკის ერთ–ერთი მთავარი გამაძლიერებელი იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ტრიბუნაზეც. მისი სიტყვები გააკრიტიკეს ადგილობრივმა უფლებადამცველებმა და დასავლელმა პარტნიორებმა.

აპრილში უნგრეთის კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კომიტეტის (CPAC) კონფერენციაზე გამოსვლისას ღარიბაშვილმა არაერთხელ გაუსვა ხაზი "ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნების" მნიშვნელობას და დაგმო "უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე ძალადობა".

რამდენიმე დღის შემდეგ, დამოუკიდებლობის დღეს, სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ "ბოროტ ძალებს" ტრადიციული ღირებულებების განადგურება და "სიყალბის რეალობად ქცევა" სურთ. ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, ვინ არიან ეს "ძალები". მან დასძინა, რომ "ცრუ ღირებულებების პროპაგანდა" ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის წინაშეც ამჟამად კაცობრიობა დგას.

მაკდონალდსის ბროშურის შესახებ ტელეკომპანია იმედის სიუჟეტის შემდეგ ღარიბაშვილმა თქვა, რომ სწრაფი კვების ქსელი პროპაგანდას ბავშვებზე ავრცელებს.

ამავე გამოსვლაში ღარიბაშვილმა Ipsos–ის კვლევაც ახსენა, რომლის თანახმადაც, საფრანგეთის პოპულაციის 22% ქვიარად იდენტიფიცირდება, რასაც პოლიტიკოსმა "საგანგაშო რეალობა" უწოდა.

"არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ეს დაუშვებელია, მაგრამ ის ფარული პროპაგანდა, რომელიც საზღვარგარეთ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მიმდინარეობს, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია", – განაცხადა პრემიერმა, – "მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს არ დაგვემართება, ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ, რადგან ამ თემის ბაღებში, სკოლებსა და ახალგაზრდებში გავრცელება დაუშვებელია".

2021 წლის ჰომოფობიური ძალადობის შემდეგ, რომლის დროსაც აქტივისტები და ჟურნალისტები დაზარალდნენ, პრემიერმა განაცხადა, რომ "როცა მოსახლეობის 95% პროპაგანდისტული აღლუმის წინააღმდეგია, ჩვენ მათ ნებას უნდა დავემორჩილოთ".

ჟურნალისტებს რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ თავს ესხმიან

ფოტო: Mariam Nikuradze / OC Media.

მნიშვნელოვანია, რომ CRRC–ის მიერ სწორედ იმ წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართველების სამი მეოთხედი სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება იმ აზრს, რომ ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სექსუალური იდენტობის მიუხედავად. გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ პრაიდის მარშს შეიძლება საქართველოსთვის საფრთხე შეექმნა.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 91% ფიქრობს, რომ დემონსტრანტების მიმართ ძალადობის გამოყენება არასდროსაა დაშვებული.

ირაკლი კობახიძე: "ახალგაზრდები არეული ორიენტაციით"

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სისტემატურად აჟღერებს ხოლმე პარტიის პოზიციას საკვანძო საკითხებზე, ხშირად სწორედ ის გამოდის ანტიდასავლური განცხადებებით, ის იყო "უცხოელი აგენტების კანონის" მთავარი მხარდამჭერი და ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ხმამაღლა აფიქსირებს ჰომოფობიურ პოზიციას.

"აგენტების კანონპროექტის" უკან გაწვევიდან ცოტა ხანში კობახიძემ განაცხადა, რომ კანონმა უკვე შეასრულა "მნიშვნელოვანი" საქმე და გამოავლინა ის ორგანიზაციები, რომლებიც "ანტისამთავრობო აქტივობებში" არიან ჩართულები. მათ შორის ახსენა ქვიარ "პროპაგანდაც".

29 მარტს, როცა არასახელმწიფოებრივი კანონის გასაპროტესტებელ აქციაზე დაკავებული პირველი აქტივისტი წარდგა სასამართლოში, კობახიძემ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისზე თქვა, რომ მას "ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული".

ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო სხდომაზე

ფოტო: RFE / RL

კობახიძემ მსგავსი განცხადებები 10 ივნისსაც გააკეთა, მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული რუბლები ესროლეს.

"მათი ორიენტაცია ყველანაირად არის არეული", – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, – "მე მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს".

კობახიძე მაკდონალდსის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ "ბავშვებისკენ მიმართული ლგბტ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია".

მამუკა მდინარაძე: "განვასხვავოთ უფლებები პროპაგანდისაგან"

საპარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ასევე "ლგბტ პროპაგანდის" გულმხურვალე მოწინააღმდეგეების სიაშია.

1-ელ მაისს მდინარაძემ არგუმენტად მოიყვანა ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Gallup–ის კვლევა, რომელშიც, მისი ინტერპრეტაციით, ნათქვამია, რომ ლგბტ პროპაგანდას შეუძლია "დრამატულად გაზარდოს" "კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლების" რაოდენობა.

რეალურად კი, გამოკითხვამ ცხადყო, რომ აშშ-ში ზრდასრულ პირებს შორის ქვიარად იდენტიფიცირებული ადამიანების რაოდენობა 2012 წლიდან 2022 წლამდე გაორმაგდა, 2022 წელს კი 7%-ს მიაღწია. პროპაგანდა კვლევაში ნახსენები არ ყოფილა. ასევე ნათქვამი იყო, რომ თემის წევრად თვითიდენტიფიცირების მაჩვენებელი ახალგაზრდებში უფრო მაღალი იყო.

"უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან გარკვეული თემების პროპაგანდა, მათ შორის ლგბტ პროპაგანდა და ადამიანების უფლებების დაცვა, რომელიც გარკვეულ ჯგუფს წარმოადგენენ… არანაირი განსხვავებული ნიშანი არ შეიძლება გახდეს რაიმე დისკრიმინაციის საფუძველი… უნდა შევთანხმდეთ, რომ არავინ უნდა დაიჩაგროს რაიმე განსხვავებულობის გამო. მეორე მხრივ, აბსოლუტურად დაუშვებელია პროპაგანდა".

თუმცა როცა ულტრამემარჯვენე და პროსახელისუფლებო ევროპელი სოციალისტების წარმომადგენელი ფრიდონ ინჯია კანონის დონეზე "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვის წინადადებით გამოვიდა, მდინარაძემ თქვა, რომ ამ ინიციატივას მმართველი პარტია მხარს არ დაუჭერდა. მისი თქმით, კანონპროექტი პირიქით გაახარებდა "ლგბტ პროპაგანდისტებსა და რადიკალურ ძალებს" (ამ უკანასკნელ ტერმინს მმართველი პარტია პოლიტიკური ოპოზიციის აღსანიშნავად იყენებს), "რომლებიც ამ ყველაფრის გარშემო ააგებდნენ ნარატივს".

მდინარაძის თქმით, "არაჯანსაღ პროპაგანდას" "ჯანსაღი პროპაგანდით" უნდა დაუპირისპირდნენ და არა ლეგალური მექანიზმებით.

11 ივნისს მდინარაძემ უსახელოდ გააკრიტიკა რამდენიმე ტელევიზია, რომლებიც, მისი აზრით, "ლგბტ პროპაგანდისტები" არიან. მან მედიებს ურჩია, არ შევიდნენ "ღირებულებების ომში", რადგან წააგებენ.

"საქართველოს ჯანსაღი ახალგაზრდობა ჰყავს, ჯანსაღი მომავლით და ჩვენ დავიცავთ ჯანსაღ, ნიჭიერ, განათლებულ თაობას ლგბტ და ნებისმიერი საზიანო პროპაგანდისაგან", – თქვა მან.

ახალგაზრდობის დაცვის რიტორიკა მდინარაძემ მეორე დღესაც გააჟღერა, როცა მაკდონალდსის ბუკლეტს "ამაზრზენი" უწოდა.

"ასეთი მცირე ასაკიდან პროპაგანდით ტვინის გამორეცხვა საზიანოა", – თქვა მდინარაძემ, –"ამ ქვეყანაში ვერავინ დაუძახებს პროპაგანდას უფლებების დაცვას".

წინასაარჩევნო სტრატეგია?

ჰომოფობიური კომენტარების რაოდენობა განსაკუთრებით პრაიდის კვირეულის (ივლისის დასაწყისი) წინა თვეებში გაიზარდა.

თბილისი პრაიდის თანადირექტორი მარიამ კვარაცხელია ფიქრობს, რომ ეს ტრენდი კონკრეტულად პრაიდის კვირეულთან არაა დაკავშირებული და ის ქართული ოცნების ფართო საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია.

მარიამ კვარაცხელია, პრაიდის თანადირექტორი

ფოტო: Mariam Nikuradze / OC Media

"ჩვენ გვჯერა, რომ მმართველმა პარტიამ ჰომოფობიური პოლიტიკა წინასაარჩევნო სტრატეგიად აირჩია, რათა 2024 წლის არჩევნებში რადიკალური კონსერვატორების ხმები მოიპოვოს, რაც 15–20%–ია", – თქვა კვარაცხელიამ.

საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერშია ჩანიშნული.

მისი თქმით, ორგანიზაციას სჯერა, რომ მმართველი პარტია ამ საკითხს რეალური, რთულად გადასაჭრელი პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად იყენებს. ეს პრობლემებია სიღარიბე, უმუშევრობა, სასამართლოს მიკერძოებულობა და ქვეყნის მზარდი დამოკიდებულება რუსეთზე.

"[ქართული ოცნება] გვაჯერებს, რომ ოჯახურ ღირებულებება და ტრადიციებს იცავს. ოჯახების დაცვისთვის საუკეთესო გზაა, რომ ბავშვები არ შიმშილობდნენ, მოხუცები ვალებში არ ცხოვრობდნენ და დედებს ემიგრაციაში წასვლა არ უწევდეთ ოჯახების გამოსაკვებად. ასე შეიძლება ოჯახის დაცვა და არა ლგბტ პირებზე თავდასხმით", – ამბობს კვარაცხელია.

პრაიდის თანადირექტორმა თქვა ისიც, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ ზიზღის გაღვივება რუსეთში ვლადიმერ პუტინის მიერ დამკვიდრებულ პოლიტიკას აგონებს.

"ვიცით, როგორ გაგრძელდა ეს ისტორია რუსეთში. ჯერ ლგბტ ადამიანების მიმართ ზიზღით და ჰომოფობიით დაიწყო ყველაფერი, რასაც სხვებზე თავდასხმა და რეპრესიები მოჰყვა", – აღნიშნა კვარაცხელიამ.

"მეორე მხრივ, აღსანიშნავია ლგბტ თემის გამძლეობა და ძალა, ისევე როგორც მხარდაჭერა, რომელსაც პარტნიორებისგან ვგრძნობთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – მის გარეთ".