ნახეთ: მეცნიერებმა ადამიანთა მონათესავე "ჰობიტის" სახე აღადგინეს
2003 წელს არქეოლოგებმა ინდონეზიაში მდებარე გამოქვაბულში ადამიანის მსგავსი არსების ჩონჩხს მიაკვლიეს. ანალიზმა აჩვენა, რომ ის, სავარაუდოდ, მდედრობითი სქესის უნდა ყოფილიყო, ასევე, ძალიან პატარა თავი და მხოლოდ 106 სანტიმეტრი სიმაღლე ჰქონოდა. ჩვენს მონათესავე, ჰობიტის მაგვარ ამ სახეობას მეცნიერებმა Homo floresiensis უწოდეს.
სპეციალისტებმა ახლა სწორედ აღნიშნული ინდივიდის სახე მიახლოებით აღადგინეს. ეს საშუალებას გვაძლევს, წარმოდგენა შეგვექმნას, როგორ გამოიყურებოდა ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე 18 000 წლის წინ მცხოვრები არქაული ადამიანი.
როგორც წესი, კრიმინალურ ექსპერტიზაში სახის მიახლოებით აღდგენისას თავის ქალის გამოსახულებები და სხვა ინდივიდების მახასიათებლები გამოიყენება. შემდეგ კანის ტოპოგრაფია დგინდება და სახის სტრუქტურა იკვეთება. Homo floresiensis-ის შემთხვევაში ავტორებმა თავად "ჰობიტის", ჰომო საპიენსისა და შიმპანზეს თავის ქალის მონაცემები შეაჯერეს.
Homo floresiensis-ის თავის ქალა ჩვენამდე თითქმის სრულადაა მოღწეული. მას მხოლოდ შუბლისა და ცხვირის ნაწილები აკლია, რომელთა ანატომიაც სპეციალისტებმა მარტივად გამოავლინეს. მათ ჩონჩხის სტრუქტურა ვირტუალურად დაანაწევრეს, შემდეგ კი ჰომო საპიენსისა და შიმპანზეს მახასიათებლებთან გააერთიანეს.
ასე მივიღეთ ადამიანის მონათესავე ჰომინინის სახე, რომელსაც ზემოთ ნაჩვენებ ვიდეოში ვხედავთ. მას ფართო, ნაკლებად ამობურცული ცხვირი, ჩვენგან განსხვავებული პირი, თმიანი კანი და მცირე ზომის თავი აქვს (ამ სახეობის წარმომადგენლებს ბევრად პატარა ტვინი ჰქონდათ).
მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი გამოსახულებების შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან არქაული ადამიანების ვიზუალურად წარმოდგენისა და მათ შესახებ მეტის გაგების შესაძლებლობას გვაძლევს.
კომენტარები