რატომ და როგორ მოხდა ტიტანზე შიგნით მიმართული აფეთქება და რა ბედი ეწიათ მგზავრებს
"სრული განადგურება მოხდებოდა წამის 1/20-ში, ზედმეტად სწრაფად იმისთვის, რომ წყალქვეშა ნავში მყოფ ადამიანებს რაიმე ეგრძნოთ"
აშშ-ის სანაპირო დაცვამ ხუთშაბათს დაადასტურა, რომ ტიტანიკის კორპუსის წინა ნაწილიდან, დაახლოებით, 500 მეტრის მანძილზე ნაპოვნი ნამსხვრევები ეკუთვნის ტიტანის დაკარგულ წყალქვეშა ნავს.
ნამსხვრევები იმის მტკიცებულებაა, რომ წყალქვეშა ნავმა, შესაძლოა, კატასტროფული იმპლოზია (შიგნით მიმართული აფეთქება) განიცადა.
წყალქვეშა ნავები შექმნილია იმისთვის, რომ გაუძლოს გამანადგურებელ წყალქვეშა წნევას, რომელიც ფიქსირდება ზედაპირიდან 3 800 მეტრის ქვეშ. ამ სიღრმეზე წნევა, დაახლოებით, 400-ჯერ მეტია, ვიდრე ზღვის დონეზე.
თუმცა, როგორც HITC იტყობინება, ტიტანის კორპუსის ნებისმიერ დაზიანებას ან დეფექტს შეეძლო გამოეწვია გაჟონვა, რაც მას, ამ უკიდურესი წნევის ქვეშ, დაუყოვნებლივ ააფეთქებდა.
სამაშველო სამუშაოები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც წყალქვეშა ნავმა კვირას ზედაპირთან კონტაქტი დაკარგა. შიშობდნენ, რომ ბორტზე მყოფი ხუთი მგზავრი ნავში ცოცხლად იყვნენ გამომწყვდეულები.
თუმცა, ნამსხვრევებისა და სავარაუდო აფეთქების შესახებ ცნობებზე დაყრდნობით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მგზავრები, სავარაუდოდ, დიდხანს არ დატანჯულან.
"თუკი აფეთქებას ადგილი ჰქონდა, ყველაფერი უკვე 4 დღის წინ დასრულდებოდა", — განუცხადა BBC-ს OceanGate-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გილერმო სონლაინმა.
უფრო მეტიც, Journal of Physics: Conference Series-ის მტკიცებით, აფეთქება, თითქმის, მყისიერი იქნებოდა და მხოლოდ მილიწამების განმავლობაში გაგრძელდებოდა. მსგავსი რამ 1961 წელს შეემთხვა USS Thresher-ს, წყალქვეშა ნავს, რომელმაც, სავარაუდოდ, ასევე განიცადა იმპლოზია.
Naval History Magazine-ის თანახმად, კატასტროფული მოვლენა ლითონის ხომალდს შუაზე გახლეჩდა.
"სრული განადგურება მოხდებოდა წამის 1/20-ში, ზედმეტად სწრაფად იმისთვის, რომ წყალქვეშა ნავში მყოფ ადამიანებს რაიმე ეგრძნოთ", — წერია სტატიაში.
იმპლოზია აფეთქების (explosion) საპირისპიროა. იმის ნაცვლად, რომ შიდა წნევა შიგნიდან გარეთ გავიდეს, იმპლოზიის დროს პირიქით ხდება. თუმცა, აფეთქების მსგავსად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნავიდან რაიმე არსებითი გადარჩეს.
"ვიცი, რომ ეს არ არის დიდი ნუგეში ოჯახებისა და მეუღლეებისთვის, მაგრამ ისინი მყისიერად დაიღუპნენ. მათ არც კი იცოდნენ, რომ რაღაც რიგზე არ იყო", — განუცხადა ჟურნალისტმა, დევიდ პოგმა, CNN-ს.
კომენტარები