ევროპის ყველაზე საშიში "სუპერვულკანი" შესაძლოა, ამოიფრქვეს
მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, სამხრეთ იტალიაში განლაგებული სუპერვულკანური კომპლექსი Campi Flegrei, იგივე ფლეგრეული ველები, სუსტდება და შესაძლოა, კოლაფსი განიცადოს. სპეციალისტთა პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ამან ამოფრქვევას შეუწყოს ხელი, მსგავსი რამ კი ბოლოს 1538 წელს მოხდა.
უზარმაზარი კალდერას, ანუ ვულკანური ღრმულის მიმდებარედ ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობს. ის 39 000 წლის წინ მომხდარი მძლავრი ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა. ასეთი რამ რომ განმეორდეს, დამდნარი ქანები და აირები სტრატოსფეროში აიტყორცნება, 33.5-მეტრიანი ცუნამი წარმოიქმნება და ჰაერში მომწამლავი მტვერი გაიფანტება, რაც რამდენიმეწლიან გლობალურ ზამთარს გამოიწვევს.
რა თქმა უნდა, ამგვარი მოვლენის განმეორება მოსალოდნელი არაა, თუმცა მცირე მასშტაბის ამოფრქვევას არ გამორიცხავენ. ავტორთა თქმით, ამის ხელშემწყობი ვულკანის კოლაფსისას დედამიწის ქერქში გაჩენილი ნაპრალი შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ მაგმას რაღაცამ მაღლა უნდა უბიძგოს.
აღსანიშნავია, რომ Campi Flegrei-ის სუპერვულკანად მოიხსენიებენ, მაგრამ ეს უკანასკნელი მოიაზრებს მერვე კატეგორიის ვულკანს, რომელიც მაღლა 1 000 კუბურ კილომეტრზე მეტ მატერიას ტყორცნის. Campi Flegrei-ის უდიდესი მაჩვენებელი 285 კუბური კილომეტრია და ის მეშვიდე კატეგორიას მიეკუთვნება.
ბოლო დეკადაში ვულკანის მიმდებარედ აქტიურობა შეინიშნება. მაგალითად, მის მახლობლად არსებულ ქალაქ პოცუოლის შემაღლება ყოველწლიურად 10 სანტიმეტრით იმატებს. ასევე, ფიქსირდება სუსტი მიწისძვრები, რაც სავარაუდო კოლაფსსა და პოტენციურად, მის თანმდევ ამოფრქვევაზე მიანიშნებს.
ამის მიუხედავად, ავტორები ამბობენ, რომ დაზუსტებით პროგნოზს ვერ გააკეთებენ, რადგან ამოფრქვევისთვის რამდენიმე გარემოება უნდა იყოს თანხვედრაში, რისი წინასწარ გათვლაც ძნელია. მათი ნაშრომი გამოცემაში Communications Earth & Environment გამოქვეყნდა.
კომენტარები