ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ადამიანის ემბრიონები სრულად ხელოვნურად შექმნეს
ემბრიონები ყოველგვარი სპერმატოზოიდებისა და კვერცხუჯრედების გარეშე შექმნეს.
ისტორიაში პირველად, მკვლევრებმა ღეროვანი უჯრედებისგან ადამიანის ემბრიონები ხელოვნურად შექმნეს. შესაძლოა, ასე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ ადამიანის განვითარების ადრეულ ეტაპებზე, თუმცა ეთიკური თვალსაზრისით არაერთი შეკითხვა იჩენს თავს.
სინთეზური ემბრიონები თაგვისა თუ მაიმუნის ღეროვანი უჯრედებისგან აქამდეც შეუქმნიათ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ემბრიონი ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან დაამზადეს.
ასევე იხილეთ: მეცნიერებმა ტვინისა და გულის მქონე თაგვის ემბრიონები კვერცხუჯრედისა და სპერმის გარეშე შექმნეს
გასათვალისწინებელია, რომ მეცნიერთა ნაშრომი, ჯერჯერობით, რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა. იგი პროფესორმა მაგდალენა ჟერნიკა-გოტცმა (კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი) წარადგინა ღეროვანი უჯრედების კვლევის საერთაშორისო საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ბოსტონში.
სინთეზური ემბრიონები ბუნებრივი სქესობრივი გამრავლების შედეგად არ იქმნება — მას ლაბორატორიულ პირობებში ამზადებენ ღეროვანი უჯრედებისგან. შესაძლოა, მათი მეშვეობით უკეთ შევისწავლოთ, როგორ ვითარდება ემბრიონი პირველი კვირების განმავლობაში. ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიჩნეულია, რომ სწორედ ამ დროს იწყება არაერთი გენეტიკური დაავადება.
სინთეზური ემბრიონების კვლევა, ჯერჯერობით, კანონით არ რეგულირდება. გაერთიანებულ სამეფოში ადამიანის ბუნებრივი ემბრიონების კვლევა მხოლოდ 14 დღითაა შესაძლებელი, თუმცა რეგულაციები სინთეზურ ემბრიონებს არ ეხება.
თავად ხელოვნურ ემბრიონებს მომნელებელი სისტემა, გულისცემა ან ტვინის განვითარების რაიმე ნიშანი არა აქვს — ისინი უბრალოდ იმ უჯრედებს შეიცავს, რომლებიც სამომავლოდ ამ სტრუქტურებად შეიძლება იქცეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცხოველებში ხელოვნური ემბრიონებით ფეხმძიმობის შენარჩუნება ჯერ არ მოხერხებულა.
იხილეთ: ისტორიაში პირველად, მაიმუნები ხელოვნური ემბრიონებით დააფეხმძიმეს
სფერო დღითიდღე უფრო ვითარდება. შესაბამისად, იმის საჭიროებაც მით უფრო მატულობს, რომ კლინიკურ პირობებში სინთეზური ემბრიონების შექმნა და გამოყენება რაიმე ზომებით რეგულირდებოდეს. მიუხედავად ამისა, საკითხავია, როდის მიიღწევა ეს.
კომენტარები