როგორ შევქმნათ ცისარტყელა სახლის პირობებში? — 5 მეთოდი
იცოდით თუ არა, რომ ცისარტყელას შექმნა სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი?
რა თქმა უნდა, ასე ცაში უზარმაზარ ცისარტყელას ვერ გამოსახავთ და ვერც ისეთ შთამბეჭდავ სანახაობას შექმნით, როგორითაც თავად ბუნება გვანებივრებს ხოლმე. სტატიაში პატარა ხრიკებს გასწავლით, რომლებიც შეგიძლიათ, თავის გასახალისებლად ანდა ლამაზი ფოტოების გადასაღებად გამოიყენოთ:
1. ცისარტყელას გაკეთება სარკით
ეს მეთოდი ყველაზე მარტივია: აიღეთ დიდი ჯამი და წყლით ნახევრად აავსეთ; შიგნით სარკე მოათავსეთ ისე, რომ ნახევრად წყალში იყოს, ნახევრად კი — ზემოთ.
შემდეგ სარკიანი ჯამი ფანჯარასთან დადგით, რათა მზის სხივები პირდაპირ სარკეს მოხვდეს (უმჯობესია, ეს დილით, ადრიანად, ანდა მზის ჩასვლისას გააკეთოთ). შეგიძლიათ, ეს ბნელ ოთახში სცადოთ და მზის ნაცვლად სინათლის სხვა წყარო გამოიყენოთ, თუნდაც ფანარი.
შემდეგ ჯამის ზემოთ თეთრი ფურცელი დაიკავეთ — ასე ცისარტყელას "დაიჭერთ". შესაძლოა, მის საპოვნელად ფურცლის გამოძრავება დაგჭირდეთ: თუ მას ჯერ ახლოს მიიტანთ, შემდეგ კი შორს გასწევთ, ილუზიის ცვლილების მომსწრენიც გახდებით.
გაითვალისწინეთ, რომ სარკიდან ანარეკლს პირდაპირ არ უნდა შეხედოთ. ისევე, როგორც მზეს, თქვენი თვალების დაზიანება ამასაც შეუძლია.
2. წყლიანი ჭიქით
სინათლე ცისარტყელად წყლიან ჭიქაში გასვლის დროსაც იყოფა.
ამ ექსპერიმენტის ჩასატარებლად ძალიან მზიანი დღე დაგჭირდებათ ანდა ბნელი ოთახი სინათლის ძლიერი პირდაპირი წყაროთი.
თავდაპირველად ქაღალდი აიღეთ და შუაში ჩაჭერით. გამჭვირვალე ჭიქის გვერდზე მიაკარით ისე, რომ მზის სხივებმა ჭრილში გაიაროს და ჭიქის ფსკერზე დაეცეს. დარწმუნდით, რომ ჭიქა სრულებით, ბოლო წვეთამდე, სავსეა. მოათავსეთ იგი თეთრ იატაკზე ანდა თეთრ ფურცელზე ისე, რომ მზის სხივები ჭრილის გავლით ჭიქის ძირს ხვდებოდეს.
მოათავსეთ იგი თეთრ იატაკზე ან თეთრ ფურცელზე. ჭიქის ქვემოთ, წესით და რიგით, პატარა ცისარტყელა გამოჩნდება.
3. ფანრისა და დისკის გამოყენებით
ეს ხრიკი საკმაოდ მარტივია: აიღეთ CD დისკი (თუკი სადმე ისევ მოგეპოვებათ) და მზეს შეუშვირეთ ანდა ფანარი დაანათეთ. მისთვის პოზიციის შენაცვლებისას თავად დისკზე და ოთახში ცისარტყელასაც დაინახავთ. შეგიძლიათ, იგი ქაღალდითაც დაიჭიროთ.
ამ შემთხვევაში ცისარტყელა იმიტომ ჩნდება, რომ დისკის ზედაპირზე არსებული პაწაწინა ამობურცული ზოლები სინათლეს სხვადასხვა მიმართულებით ირეკლავს.
4. პრიზმის გამოყენებით
ერთ მზიან დღეს ნიუტონმა თავისი ოთახი ჩააბნელა და ისე მოაწყო, რომ ფანჯრიდან მზის მხოლოდ ერთი სხივი შემოსულიყო. შემდეგ მის წინ შუშის პრიზმა მოათავსა, შედეგად კი სინათლის ფერადი ზოლი იხილა. ამით დამტკიცდა, რომ სუფთა თეთრი ნათება სინამდვილეში შვიდი სხვადასხვა ხილვადი ფერისაგან შედგება.
ექსპერიმენტის გამეორება თქვენც თავისუფლად შეგიძლიათ სახლის პირობებში: ამისათვის ჩვეულებრივი პრიზმა (სხვადასხვა ტიპისა სინათლეზე სხვადასხვაგვარად ზემოქმედებს) უნდა შეიძინოთ, რომელსაც რეფრაქციულ პრიზმასაც უწოდებენ, შემდეგ კი მზის ანდა ფანრის შუქზე მოათავსოთ. სინათლეს ამ დროს არაფერი უნდა აბრკოლებდეს. უკეთეს გამოსახულებას მიიღებთ, თუკი პრიზმას ქაღალდს ანდა თეთრ კედელს დაუმიზნებთ.
5. წყლის შხეფებითა და მზის სხივებით
მზისგან ზურგით დადექით და ჰაერში წყლის გაფრქვევა (მილით ანდა აეროზოლის ბოთლით) დაიწყეთ. ამ დროს სითხის ნაკადი ნაკლებად გამოგვადგება — წყალი შხეფების სახით უნდა იფრქვეოდეს. შეგიძლიათ, ამისათვის მოშვებული წყლის მილის პირს ცერი დააჭიროთ.
მცდელობის შემდეგ, წესით, ცისარტყელასაც მალევე იხილავთ, თანაც ჰაერში და არა რაიმეს ზედაპირზე, რაც, ალბათ, მოყვანილ ხერხებს შორის ბუნებრივ ცისარტყელას ყველაზე მეტად წააგავს.
თუ ცისარტყელებზე მეტის გაგება გსურს, შეგიძლია ამ სტატიას გაეცნო:
საიდან ჩნდება ცისარტყელა და როგორ შევქმნათ იგი სახლის პირობებში — 5 მეთოდი
კომენტარები