საიდან ჩნდება ცისარტყელა და როგორ შევქმნათ იგი სახლის პირობებში — 5 მეთოდი

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

გამონათება

ცაზე ცისარტყელას დანახვა ბევრი ჩვენგანისთვის დადებით ემოციებთან ასოცირდება. მართლაც, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით იგი წვიმის შემდეგ მზის გამონათების ნიშანია, რაც მის ფიზიკურ წარმომავლობაზეც გვაწვდის საბაზისო ინფორმაციას. მაშ, რომ განვავრცოთ...

რა არის ცისარტყელა და როგორ ჩნდება?

ცისარტყელა 7-ფერიანი ოპტიკური ილუზიაა ცაზე, რომელიც წვიმის წვეთებზე სინათლის მოხვედრის შედეგად ჩნდება.

უფრო ზუსტად, National Geographic-ის მიხედვით, მას სინათლის სხივი წარმოქმნის, რომელიც წყლის წვეთში შეღწევისას გარდატყდება, შემდეგ კი წვეთიდან აირეკლება. მანამ, სანამ არეკლილი სინათლე არსებობს, იგი თავიდან გარდატყდება.

ცისარტყელა შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ადგილას, სადაც ჰაერში წყალია, ცაში კი — მზე, თუმცა ამ დროს მაყურებელი მზის საპირისპირო მიმართულებით, წვიმისკენ, იყურება, სხივი კი წვეთებს მნახველის წინ ზუსტი კუთხით, 42 გრადუსით, ეცემა.

ფოტო: Courtesy Wikimedia

ვინაიდან ელექტრომაგნიტური სპექტრი ბევრი სხვადასხვა სიგრძის ტალღებისაგან შედგება, აქედან თითოეული სხვადასხვა კუთხით აირეკლება, შედეგად კი რამდენიმე ფერისაგან შემდგარი ილუზია იქმნება. ფერები ყოველთვის ტალღის სიგრძეების მიხედვითაა განლაგებული ყველაზე გრძელიდან ყველაზე მოკლისაკენ.

როგორც წესი, წითელი ყველაზე ნაკლებად გარდატყდება, ამიტომაც ცისარტყელას თავში ჩანს, იისფერი კი — ყველაზე მეტად, ამიტომაც იგი ცისარტყელას ბოლოშია მოქცეული. შესაბამისად, ფერები შემდეგი მიმდევრობითაა წარმოდგენილი: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ინდიგო და იისფერი.

გასათვალისწინებელია, რომ ცისარტყელას დანახვაზე ჩვენი ადგილმდებარეობის სიმაღლესაც აქვს მნიშვნელობა — შემაღლებულ ადგილებზე ყოფნისას ილუზიას არა როგორც რკალის, არამედ წრის სახითაც იხილავთ. ჩვეულებრივ, ამ სანახაობით მიწა არ გვანებივრებს ხოლმე.

როგორი ცისარტყელები არსებობს? — შვიდფერა ფენომენის მრავალი ელფერი

ჩვეულებრივ, ამას ნაკლებად ვაკვირდებით ხოლმე, თუმცა, როგორც Live Science-ზე ვკითხულობთ, ცისარტყელა სულ 12 სხვადასხვა ფორმით გვხვდება. მათ პირობითი სახელებიც კი შეარქვეს: RB_1, RB2 და ა.შ.

თითოეული მათგანი ერთმანეთისაგან ფერების ხილვადობითა და ზედმეტი რკალების არსებობით განსხვავდება. მაგალითად, ზოგიერთ ცისარტყელაში მხოლოდ წითელი რკალები გვხვდება, თუმცა არსებობს ნარინჯისფერსა და ყვითელში შეფერილებიც. შეიძლება ორმაგი, სამმაგი ანდა ოთხმაგი ცისარტყელებიც კი ვიხილოთ.

საფრანგეთში, ტულუზაში, აღბეჭდილი ორმაგი ცისარტყელა

ამ ყველაფერს უმეტესად წყლის წვეთების სისქე და მზის კუთხე განსაზღვრავს.

დადგენილია, რომ ცაში მზის სიმაღლეს ცისარტყელას შესახედაობაზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს. მაგალითისთვის, როდესაც მზე ძალიან დაბლაა (მოსაღამოებისას, თუნდაც), ნათება გაცილებით მცირე ინტენსივობისაა და თვალამდე მისაღწევად ბევრად შორს უნდა გადაადგილდეს. ამ დროს მხოლოდ წითელი ტალღის სიგრძეებს შეუძლია ატმოსფეროში გაღწევა.

ცისარტყელას შესახედაობაზე წვიმის წვეთის ზომას შედარებით სუსტი გავლენა აქვს, თუმცა მაინც — განიერი წვეთებისგან ნაკლებად მკაფიო ილუზია იქმნება უფრო ფართოდ გაშლილი ფერებით.

ამასთანავე, მარილიან წყალს მტკნართან შედარებით გარდატეხის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს, ამიტომაც მის სიახლოვეს წარმოქმნილ ცისარტყელებს უფრო პატარა რადიუსები ახასიათებს.

თავად ცისარტყელას რადიუსს სითხის გარდატეხის ინდექსი განსაზღვრავს, ანუ მაჩვენებელი, რომელიც აღნიშნავს, რამდენი სინათლე გარდატყდება ახალ გარემოში (ანუ ჰაერიდან წყალში) შეღწევისას.

ცეცხლოვანი სანახაობა უცეცხლოდ — აალებული ცისარტყელა?

შესაძლოა (თუმცა ნაკლებად სავარაუდოა), ცაზე "ცეცხლის ცისარტყელებიც" შენიშნოთ, ესთეტიკური თვალსაზრისით ჩემი მიკერძოებულობიდან გამომდინარე კი, ზემოხსენებული ოპტიკური ილუზიის 12 ფორმიდან ეს ქვეთავი მხოლოდ მათ მიეძღვნება.

ფოტოზე წარმოდგენილ სანახაობას სამეცნიერო ენაზე წრივჰორიზონტალური რკალები ეწოდება. მართალია, ერთი შეხედვით სულ სხვა რამეს მოგაგონებთ ("სპირტს წაუკიდეს ცაზე?", — იკითხა მთავარმა რედაქტორმა), მაგრამ მას ცეცხლთან ან აალებასთან საერთო არაფერი აქვს ("არა, ასეთი ცისარტყელებიც არსებულა", — მივუგე მე).

"ცეცხლის ცისარტყელა" მაშინ წარმოიქმნება, როცა მზე ცაზე 58 გრადუსზე მაღლა იწევს. ამას გარდა, წრივჰორიზონტალური რკალების გაჩენას ფრთისებრი ღრუბლების არსებობაც სჭირდება. ესენი თხელი, მსუბუქი ღრუბლებია, რომლებიც დიდ სიმაღლეზე გვხვდება. ვინაიდან აქ ტემპერატურა ძალიან დაბალია, ღრუბლები ყინულის პაწაწინა კრისტალებისაგან შედგება.

საქმე ისაა, რომ შორს მდებარე ფრთისებრ ღრუბელში ყინულის კრისტალები პატარა მოტივტივე პრიზმების როლში გვხვდება. იმისათვის, რომ წრივჰორიზონტალური რკალი ხილვადი იყოს, მზე მინიმუმ 58 გრადუს სიმაღლეზე უნდა იყოს ცაში, როცა ფრთისებრი ღრუბლები ქვემოთ იქნება. ამ დროს სინათლე პრიზმის როლის შემსრულებელ კრისტალებში გარდატყდება და ცისარტყელა იქმნება.

ფოტო: Hannah the Sailor

წრივჰორიზონტალური რკალების მისაღებად ფრთისებრ ღრუბელში არსებული ექვსკუთხედის ფორმის უამრავი ბრტყელი კრისტალი ჰორიზონტალურად უნდა განლაგდეს, რათა სინათლე სათანადოდ გარდატყდეს. ალბათ, სულ არ გაგიკვირდებათ იმის გაგონება, რომ "ცეცხლის ცისარტყელა" იშვიათი სანახაობაა.

"ცეცხლის ცისარტყელა" მაშინ წარმოიქმნება, როდესაც მზის სხივები წვიმის წვეთების ნაცვლად ყინულის კრისტალებს ეცემა.

ფოტო: Jeff Kubina/Flickr

როგორ შევქმნათ ცისარტყელა სახლის პირობებში? — 5 მეთოდი

რა თქმა უნდა, ასე ცაში უზარმაზარ ცისარტყელას ვერ გამოსახავთ და ვერც ისეთ შთამბეჭდავ სანახაობას შექმნით, როგორითაც თავად ბუნება გვანებივრებს ხოლმე. სტატიაში პატარა ხრიკებს გასწავლით, რომლებიც შეგიძლიათ, თავის გასახალისებლად ანდა ლამაზი ფოტოების გადასაღებად გამოიყენოთ:

1. ცისარტყელას გაკეთება სარკით

ეს მეთოდი ყველაზე მარტივია: აიღეთ დიდი ჯამი და წყლით ნახევრად აავსეთ; შიგნით სარკე მოათავსეთ ისე, რომ ნახევრად წყალში იყოს, ნახევრად კი — ზემოთ.

შემდეგ სარკიანი ჯამი ფანჯარასთან დადგით, რათა მზის სხივები პირდაპირ სარკეს მოხვდეს (უმჯობესია, ეს დილით, ადრიანად, ანდა მზის ჩასვლისას გააკეთოთ). შეგიძლიათ, ეს ბნელ ოთახში სცადოთ და მზის ნაცვლად სინათლის სხვა წყარო გამოიყენოთ, თუნდაც ფანარი.

შემდეგ ჯამის ზემოთ თეთრი ფურცელი დაიკავეთ — ასე ცისარტყელას "დაიჭერთ". შესაძლოა, მის საპოვნელად ფურცლის გამოძრავება დაგჭირდეთ: თუ მას ჯერ ახლოს მიიტანთ, შემდეგ კი შორს გასწევთ, ილუზიის ცვლილების მომსწრენიც გახდებით.

გაითვალისწინეთ, რომ სარკიდან ანარეკლს პირდაპირ არ უნდა შეხედოთ. ისევე, როგორც მზეს, თქვენი თვალების დაზიანება ამასაც შეუძლია.

2. წყლიანი ჭიქით

სინათლე ცისარტყელად წყლიან ჭიქაში გასვლის დროსაც იყოფა.

ამ ექსპერიმენტის ჩასატარებლად ძალიან მზიანი დღე დაგჭირდებათ ანდა ბნელი ოთახი სინათლის ძლიერი პირდაპირი წყაროთი.

თავდაპირველად ქაღალდი აიღეთ და შუაში ჩაჭერით. გამჭვირვალე ჭიქის გვერდზე მიაკარით ისე, რომ მზის სხივებმა ჭრილში გაიაროს და ჭიქის ფსკერზე დაეცეს. დარწმუნდით, რომ ჭიქა სრულებით, ბოლო წვეთამდე, სავსეა. მოათავსეთ იგი თეთრ იატაკზე ანდა თეთრ ფურცელზე ისე, რომ მზის სხივები ჭრილის გავლით ჭიქის ძირს ხვდებოდეს.

მოათავსეთ იგი თეთრ იატაკზე ან თეთრ ფურცელზე. ჭიქის ქვემოთ, წესით და რიგით, პატარა ცისარტყელა გამოჩნდება.

3. ფანრისა და დისკის გამოყენებით

ეს ხრიკი საკმაოდ მარტივია: აიღეთ CD დისკი (თუკი სადმე ისევ მოგეპოვებათ) და მზეს შეუშვირეთ ანდა ფანარი დაანათეთ. მისთვის პოზიციის შენაცვლებისას თავად დისკზე და ოთახში ცისარტყელასაც დაინახავთ. შეგიძლიათ, იგი ქაღალდითაც დაიჭიროთ.

ფოტო: Pink Stripey Socks/Pinterest

ამ შემთხვევაში ცისარტყელა იმიტომ ჩნდება, რომ დისკის ზედაპირზე არსებული პაწაწინა ამობურცული ზოლები სინათლეს სხვადასხვა მიმართულებით ირეკლავს.

4. პრიზმის გამოყენებით

ფოტო: Shutterstock

ერთ მზიან დღეს ნიუტონმა თავისი ოთახი ჩააბნელა და ისე მოაწყო, რომ ფანჯრიდან მზის მხოლოდ ერთი სხივი შემოსულიყო. შემდეგ მის წინ შუშის პრიზმა მოათავსა, შედეგად კი სინათლის ფერადი ზოლი იხილა. ამით დამტკიცდა, რომ სუფთა თეთრი ნათება სინამდვილეში შვიდი სხვადასხვა ხილვადი ფერისაგან შედგება.

ექსპერიმენტის გამეორება თქვენც თავისუფლად შეგიძლიათ სახლის პირობებში: ამისათვის ჩვეულებრივი პრიზმა (სხვადასხვა ტიპისა სინათლეზე სხვადასხვაგვარად ზემოქმედებს) უნდა შეიძინოთ, რომელსაც რეფრაქციულ პრიზმასაც უწოდებენ, შემდეგ კი მზის ანდა ფანრის შუქზე მოათავსოთ. სინათლეს ამ დროს არაფერი უნდა აბრკოლებდეს. უკეთეს გამოსახულებას მიიღებთ, თუკი პრიზმას ქაღალდს ანდა თეთრ კედელს დაუმიზნებთ.

5. წყლის შხეფებითა და მზის სხივებით

მზისგან ზურგით დადექით და ჰაერში წყლის გაფრქვევა (მილით ანდა აეროზოლის ბოთლით) დაიწყეთ. ამ დროს სითხის ნაკადი ნაკლებად გამოგვადგება — წყალი შხეფების სახით უნდა იფრქვეოდეს. შეგიძლიათ, ამისათვის მოშვებული წყლის მილის პირს ცერი დააჭიროთ.

ფოტო: Big Bang Education Queensland

მცდელობის შემდეგ, წესით, ცისარტყელასაც მალევე იხილავთ, თანაც ჰაერში და არა რაიმეს ზედაპირზე, რაც, დამეთანხმებით, მოყვანილ ხერხებს შორის ბუნებრივ ცისარტყელას ყველაზე მეტად წააგავს.

შეჯამება

ცისარტყელა ოპტიკური ილუზიაა, რომელიც წვიმის წვეთებში მზის სინათლის გარდატეხისა და არეკვლის შედეგად ჩნდება. გარდა ამისა, რამდენიმე ხერხით მისი შექმნა სახლის პირობებშიც შეგიძლიათ.

ალბათ, საკითხი თქვენთვისაც არასერიოზული ელფერის მატარებელია, თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ ფერადი ილუზიის მიმოხილვასა და კვლევას საკმაოდ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. მაგალითისთვის, შესაძლოა, ეგზოპლანეტაზე ცისარტყელას შემჩნევა მის ატმოსფეროში წყლის არსებობაზე მიუთითებდეს, წყალი კი, თავის მხრივ, ხშირად სიცოცხლის არსებობასაც მოასწავებს.

სწორედაც რომ, დედამიწაზე მოცქირალთათვის იგი წვიმის შემდეგ მზის გამონათების ნიშანია ხოლმე, ეგზოპლანეტებზე კი — თავად სიცოცხლის ნიშანი შეიძლება იყოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნაჭუჭში მოქცეული ისტორია: მკვლევრებმა შემთხვევით გატეხეს კვერცხი, რომელმაც 10 საუკუნეს გაუძლო
  2. გიგანტური ცხვრის კლონირების გამო 81 წლის კაცს პატიმრობა მიუსაჯეს
  3. რამდენი ადამიანი იქნება 21-ე საუკუნის ბოლოს — რას ამბობენ ექსპერტები
  4. რომელ ცხოველს შეუძლია ერთდროულად ყველაზე მეტი ნაშიერის გაჩენა
  5. ნახეთ: როგორი სკაფანდრები ეცმევათ ჩინელ ასტრონავტებს მთვარის ზედაპირზე ყოფნისას

გირჩევთ