ტვინის რამდენ პროცენტს ვიყენებთ ადამიანები?
ალბათ, ყველას გსმენიათ მცდარი მოსაზრება, რომ ადამიანები ტვინის მხოლოდ 10 პროცენტს ვიყენებთ. ეს იდეა იმდენად პოპულარული იყო, რომ 2014 წელს მასზე ფილმიც კი ააგეს, სახელად Lucy. დღესდღეობით მისი სიმცდარე ბევრი ადამიანისთვისაა ცნობილი, მაგრამ მაინც ისმის კითხვა, თუ ტვინის რამდენ პროცენტს ვიყენებთ რეალურად.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორგანო 3 მთავარი ნაწილისგან შედგება, როგორიცაა კიდურა ტვინი, ნათხემი და ტვინის ღერო. სხვადასხვა არეალი დამოუკიდებლადაც ფუნქციონირებს და ერთადაც, რაც შესასრულებელ სამუშაოზეა დამოკიდებული. შესაბამისად, გამოყენებული ტვინის პროცენტულობა იმის მიხედვით იცვლება, თუ რას ვაკეთებთ. მართალია, უკლებლივ ყველა რეგიონი ყოველთვის ერთბაშად არაა აქტიური, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი უფუნქციოდაა.
რეალურად, 24 საათის განმავლობაში ჩვენი ტვინის უმეტეს ნაწილს ვიყენებთ, მათ შორის ძილისა და დასვენების დროსაც. ამის მიუხედავად, ამ ორგანოს რაიმე ადგილის ამოღება ან დაზიანება აუცილებლად უმოქმედოდ არ გვაქცევს, რადგან მას კომპენსაციის უნარი აქვს. ამის მაგალითია ორ ენაზე მოსაუბრე ქალი, რომელსაც სწორედ მეტყველებაზე პასუხისმგებელი არეალი დაუზიანდა, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია.
და მაინც, საიდან ვიცით რომ 10 პროცენტთან დაკავშირებული ზემოხსენებული მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება?
მეცნიერებმა ეს მითი ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსული აპარატის მეშვეობით უგულებელყვეს. ის ტვინში სისხლის მიმოქცევასა და ოქსიგენაციას აკვირდება, რისი მიხედვითაც აფიქსირებს, რომელი რეგიონებია აქტიური. მისი დახმარებით დადგინდა, რომ თუნდაც უმარტივესი ქმედების შესრულებისას ტვინის 10 პროცენტზე ბევრად მეტს ვიყენებთ.
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს პროცენტულობა ტვინის უჯრედებსაც რომ მიესადაგებოდეს, მაინც არ იქნებოდა მართებული. საქმე ისაა, რომ ნეირონები ასე უბრალოდ არ "ისვენებს", თუ, რა თქმა უნდა, დეგენერაციას არ განიცდის ან არ კვდება.
ასეც რომ არ იყოს, ტვინი, მცირე წონის მიუხედავად, ენერგიის 20 პროცენტს მიიხმარს, რაც ალოგიკური იქნებოდა, მართლაც მის ასეთ პატარა ნაწილს რომ ვიყენებდეთ.
კომენტარები