გენები არ ტყუის — რას გვეუბნება დნმ ჩვენს წარმომავლობაზე
მეცნიერები ადამიანის ევოლუციის ახალ მოდელს გვთავაზობენ. უკანასკნელი კვლევის მიხედვით, ჰომო საპიენსი აფრიკაში არსებული მრავალი განსხვავებული პოპულაციის ურთიერთობის შედეგად წარმოიშვა. მათი თქმით, გენეტიკური შერევის შემდეგ ყველაზე ადრეული დაკვირვებადი გამოცალკევება 120 000-135 000 წლის წინ მოხდა.
სპეციალისტები ამ ვარაუდს კონტინენტის ფარგლებში მოპოვებულ გენეტიკურ ნიმუშებზე დაყრდნობით გამოთქვამენ, რომლებიც მიუთითებს, რომ ადამიანები ასობით ათასი წლის განმავლობაში აფრიკის ამა თუ იმ რეგიონში მიგრირებდნენ და ერთმანეთთან წყვილდებოდნენ. ეს ზოგიერთ პოპულარულ თეორიას უპირისპირდება. მაგალითად, ერთ-ერთი მოსაზრებით, 150 000 წლის წინ მსოფლიოს ამ ნაწილში ჩვენს წინაპართა ერთადერთი პოპულაცია იყო, მეორე ჰიპოთეზის თანახმად კი ეს პოპულაცია ნეანდერტალელთა მსგავს ჰომინინებთან შეჯვარების შედეგია, რამაც ჩვენი ევოლუცია დააყოვნა.
ავტორთა თქმით, ლიმიტირებული არქეოლოგიური ნიმუშების გამო ამ თეორიების დადასტურება ძნელია, მაგრამ ნათელია, რომ ადამიანები მთელი აფრიკის ტერიტორიაზე იყვნენ გავრცელებულნი, სულ მცირე 300 000 წლის წინ მაინც. მათ განსხვავებულ მეთოდს მიმართეს და გენეტიკური მონაცემები გააანალიზეს, რათა ბოლო 1 მილიონი წლის განმავლობაში პოპულაციებს შორის მსგავსებები და სხვაობები გამოევლინათ.
ეს მათ ჰომო საპიენსის ევოლუციის დნმ-ის დონეზე გამოკვლევაში დაეხმარა, რისთვისაც 290 ინდივიდის გენეტიკური მასალა შეისწავლეს. გამოკვლეულ ჯგუფებს შორისაა ნამას (სამხრეთ აფრიკა), მენდეს (სიერა-ლეონე), გუმუზის (ეთიოპია), ამჰარასა და ორომოს ხალხი (აღმოსავლეთ აფრიკა). ასევე, შესადარებლად გამოიყენეს ევრაზიული გენეტიკური მასალაც.
ალგორითმის წყალობით ავტორებმა ასობით შესაძლო სცენარი დატესტეს და გენეტიკური ვარიაციების ახსნის ყველაზე სარწმუნო შედეგი სწორედ ზემოხსენებულმა თეორიამ აჩვენა. ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები