თუ რამდენიმე ათწლეულის წინ ენერგოეფექტურობა არჩევანი იყო, ახლა სიტუაცია შეიცვალა — ის თანდათან აუცილებლობა ხდება. ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, როცა ყოველდღიურად მოხმარებული ენერგიის ოდენობა სულ უფრო და უფრო იმატებს, მისი ეფექტიანი შემცირება და ალტერნატიული გზების ძიება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დღესდღეობით ენერგოეფექტურობა აღარ არის მხოლოდ დედამიწის რესურსებზე დამოკიდებულების შემცირების მეთოდი, ის უსაფრთხო მომავლის შესაქმნელად საჭირო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. მინიმალური ენერგიით მაქსიმალური სარგებლის მიღება და მნიშვნელოვანი რესურსების დაზოგვა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა.

სწორედ ამიტომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან და CENN-თან თანამშრომლობით, საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში ატარებს კამპანიას — გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური. პროექტში თბილისის ათი სკოლა მონაწილეობს, შედეგად მოსწავლეები თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას თავიანთ სკოლებში დანერგავენ.

On.ge-სთან ინტერვიუებში კონკურსის მონაწილეებმა დაინტერესებული ადამიანებისთვის გაგვიზიარეს რჩევები, თუ როგორ უნდა გავხადოთ სკოლა ენერგოეფექტური.

ასევე იხილეთ: ქვიზი: რა იცი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ?

უმანქანო დღე კერძო სკოლა "დეაში"

ფოტო: კერძო სკოლა "დეა"

ცნობიერების ამაღლება

რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, პირველი ნაბიჯი სკოლაში ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი წყაროების შესახებ ცნობიერების ამაღლება უნდა იყოს. ამისთვის ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა საინფორმაციო შეხვედრებია, რომლის ფარგლებშიც სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენლები თანატოლებს საბაზისო ინფორმაციას მიაწვდიან და მთავარ საკითხებში გაარკვევენ.

"დასაწყისში პროექტის ორგანიზატორებმა მოაწყვეს საინფორმაციო შეხვედრები, რამაც მოსწავლეები პროექტის არსში უფრო მეტად გაათვითცნობიერა და შემდეგ ეტაპზე დაიწყო გეგმის განხორციელება", — განაცხადა სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესის მენტორმა თინათინ ლაღიძემ.

გარდა ამისა, საკმაოდ ეფექტიანია ანალოგიური რეკომენდაციების შემცველი ბროშურების გავრცელებაც.

"სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენდა ფლაერების დარიგებაც, უმცროს კლასებში დარიგდა საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც აღწერდა, თუ რატომ და როგორ უნდა იყოს ენერგოეფექტურობა შენარჩუნებული და რა მნიშვნელობა აქვს ენერგიის დაზოგვას თითოეული ადამიანისთვის".

საინფორმაციო შეხვედრა თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში

ფოტო: თბილისის 71-ე საჯარო სკოლა

ხარჯების შემცირება, ენერგო აუდიტი, LED განათებები

გარდა ცნობიერების ამაღლებისა, კონკურსის მონაწილეების აზრით, აუცილებელია ენერგოაუდიტის ჩატარება, რომელიც სკოლას ენერგიის დაზოგვის კუთხით სწორი სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება. ენერგოაუდიტი აჩვენებს, თუ რა ნაწილში არსებობს ხარვეზები და რა უნდა გაკეთდეს პრობლემების გამოსასწორებლად. მნიშვნელოვანია ერთჯერადად გარკვეული ხარჯების გაწევა, მათი შორეულ პერსპექტივაში საგრძნობლად შემცირების მიზნით.

"შენობიდან განდევნილი ენერგიის უშედეგო დანაკარგი ხარჯებზე საგრძნობლად აისახება. სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს სამუშაოები და გამოიკვლიეს, როგორაა შესაძლებელი მინიმალური ხარჯებით სკოლის რესურსები დაიზოგოს: რატომაა აუცილებელი შეკეთდეს ყველა ფანჯარა და ასე ერთხელ გაწეული ხარჯით ყოველთვიური კომუნალური გადასახადი შემცირდეს". — განაცხადა On.ge-სთან ინტერვიუში ნანა ვერულაშვილმა, პროექტის ხელმძღვანელმა თბილისის 51-ე საჯარო სკოლიდან.

ასევე, სკოლის შენობაში კლასიკური ინკანდესენტური (სტანდარტული) ნათურები აუცილებლად ენერგოეფექტური LED ნათურებით უნდა ჩანაცვლდეს. ეს ხარჯებსაც ამცირებს და ენერგოეფექტურობის კუთხითაც, ამ ტიპის განათება ბევრად ხელსაყრელია. თუმცა, თუ ეს შესაძლებელია, ყველაზე ეფექტური გზა საკლასო ოთახების გასანათებლად მზის სინათლეა, რომელიც ხარჯსა და ძალისხმევას საერთოდ არ მოითხოვს.

"თუ შესაძლებელია, სკოლებს ვურჩევ, გამოიყენონ ეკონომიური ნათურები. ამით ელექტროენერგიასაც დავზოგავთ და პლანეტაზე უარყოფით გავლენასაც შევამცირებთ. ყველაზე მარტივი ვარიანტი საკლასო ოთახებში მზის სხივების შემოშვებაა. ელექტროენერგიის ნაცვლად, უმჯობესია, გამოვიყენოთ ბუნებრივი განათება, რომელიც ჩვენგან არც ფინანსურ და არც ბუნებრივ ალტერნატიულ დანახარჯს მოითხოვს". — გვირჩევს სალომე მილაძე, კონკურსის მონაწილე თბილისის 71-ე საჯარო სკოლიდან.

ფოტო: სერვანტესის სახელობის გიმნაზია "აია-ჯესს"

ინოვაციები

ბუნებრივია, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ინოვაციების წახალისება წარმოადგენს. კონკურსის მონაწილეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ენერგიის მოხმარების მონიტორინგის სისტემის შექმნას ანიჭებენ. ამ საკითხის დიაპაზონი, შესაძლოა, ძალიან ფართოდ გაიშალოს — შესაძლებელია როგორც მორიგეობის სისტემის, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. თბილისის 169-ე სკოლის ეკოკლუბი ამ პრობლემის მოგვარებას სამომავლოდ აპლიკაციის საშუალებით გეგმავს, რომელიც სხვადასხვა კლასში ცხრილის მიხედვით განათების ჩართვა-გამორთვას ოპერატიულად გააკონტროლებს. ეს ერთადერთი ტექნოლოგიური ინოვაცია არ არის, რომელზეც მოსწავლეები მუშაობენ:

"თავდაპირველად, ჩამრთველებთან და ონკანებთან განვათავსეთ პატარა სტიკერები წარწერით "დაზოგე ელექტროენერგია" და "დაზოგე წყალი", რამაც კარგად იმუშავა. ეს აქტივობა გახდა ბიძგი, შეგვექმნა მოწყობილობა, რომელიც გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ამცნობდა, რომ შუქის ჩაქრობის დროა, რაც ენერგიის არამიზნობრივ ხარჯვას გამორიცხავდა. იდეა სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგს გავაცანით, რომელიც დაეხმარა ბავშვებს, ის რეალობად ექციათ და შეექმნათ მაკეტი, რომელშიც ჩამონტაჟებულია აღნიშნული მოწყობილობა. პროგრამა აკონტროლებს, როდის უნდა აინთოს და ჩაქრეს განათება კლასში. სისტემას აქვს დენის მარეგულირებელი წინაღობაც, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია ენერგია დამატებით დავზოგოთ". — განაცხადა ქეთევან ჯიქიამ, მენტორმა თბილისის 169-ე საჯარო სკოლიდან.

საკლასო ოთახის მაკეტი

ფოტო: თბილისის 169-ე საჯარო სკოლა

სკოლები მუშაობენ განახლებადი ენერგიის წყაროების საკითხზეც. პირველი, რაც ასეთ დროს გვახსენდება, ალბათ, მზის პანელებია, რომლებიც მზის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის. ეს ინვესტიცია იაფი ნამდვილად არ არის, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია. ერთ-ერთ უმთავრეს რჩევას სწორედ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. რასაკვირველია, მზის ენერგია ერთადერთი განახლებადი წყარო არ არის და შესაძლებელია, დიდი ფინანსური რესურსების დახარჯვის ნაცვლად, უბრალოდ ფიზიკას მივმართოთ, როგორც ეს „აია-ჯესს“-ის მოსწავლეებმა გააკეთეს - ფიზიკის მასწავლებელთან ერთად მათ ქარის გენერატორის მინიმოდელი ააწყეს. სამომავლოდ კი გეგმაში აქვთ ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც სკოლის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას გარკვეულწილად დააკომპენსირებს.

ფოტო: სერვანტესის სახელობის გიმნაზია "აია-ჯესს"

ერთი სიტყვით, სკოლაში ენერგოეფექტურობის წასახალისებლად დიდი რესურსები სულაც არ არის საჭირო. ქცევისა და საკითხის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა საკმარისია იმისათვის, რომ პირველი ნაბიჯი გადაიდგას. სტატიაში მოცემული რჩევები კი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან თითოეული მათგანი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით გამოცადეს.