აქვთ თუ არა გველებს ყურები?
გველები უნიკალური არსებები არიან, კიდურების არმქონე მოგრძო სხეულით, ორად გაყოფილი ენითა და უზარმაზარი ცხოველების მთლიანად გადაყლაპვის საზარელი უნარით. მსხვერპლს ისინი, ძირითადად, ყნოსვით აგნებენ. ასევე, მხედველობასა და სმენასაც იყენებენ, მაგრამ აქვთ კი მათ ყურები?
პასუხი "კიც" არის და "არაც". საქმე ისაა, რომ მრავალი ქვეწარმავლის მსგავსად, გველებს ყურის გარეთა სტრუქტურა არ გააჩნიათ, თუმცა თავში შიდა ყურის შემადგენელი ძვალი აქვთ განლაგებული. რეალურად, ეს ნაწილი ყველაზე ფუნქციური დატვირთვისაა, ამიტომ ორგანიზმში მისი არსებობა სმენის შესაძლებლობას იძლევა.
ეს ორგანო სამი მთავარი ნაწილისგან შედგება: გარეთა, შიდა და შუა ყური. ეს უკანასკნელი 3 ძვალს აერთიანებს და ხმა ბარაბნიდან შიდა ყურში ვიბრაციების წყალობით გადააქვს, რომლებიც ტვინში სათანადო იმპულსებს წარმოქმნის. გველებში გარეთა და შუა ყურს არ ვხვდებით, არამედ მათ ბოლო მათგანის ერთადერთი ძვალი აქვთ, რომელიც შიდა ყურს ყბასთან აკავშირებს.
ამის გამო ეს ქვეწარმავლები მახვილი სმენით არ გამოირჩევიან, განსაკუთრებით მაღალი სიხშირის ბგერითი ტალღების შემთხვევაში. 2023 წლის კვლევამ გამოავლინა, რომ ისინი მხოლოდ ხმელეთზე ვიბრაციების გამომწვევი დაბალი სიხშირეების მიმართ არ არიან მგრძნობიარენი, არამედ ჰაერში არსებულ, 450 ჰერცამდე სიხშირის ხმებსაც აფიქსირებენ.
"ცურვის დროს, წყალქვეშ ყოფნისას, აუზთან ახლოს მდგარმა ადამიანმა რომ დაგიძახოთ, ამას ვერ გაიგებთ, დეტალების გარჩევა გაგიჭირდებათ. სწორედ ასე ემართებათ გველებს მაღალი სიხშირეების ბგერების შემთხვევაში", — ამბობენ მეცნიერები.
საინტერესოა, რომ სისინი და სხვა ხმები, რომლებიც გველებს ახასიათებთ, იმაზე მაღალი სიხშირისაა, ვიდრე მათ შეუძლიათ, გაიგონ. ვარაუდობენ, რომ ასეთი ვოკალიზაციები ფრინველებისა და მტაცებლების დასაფრთხობადაა გამიზნული.
კომენტარები