კაცმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით 100-მდე წიგნი დაწერა — მწერლობის მომავალი?
ტიმ ბუჩერი ამბობს, რომ მან 100-მდე წიგნი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაწერა. რაც საინტერესოა, მან ეს 2022 წლის აგვისტოდან შეძლო და რამდენიმე ათასი დოლარიც გამოიმუშავა.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნები შეიძლება უმაღლესი ხარისხის არ იყოს, ეს ხელოვნური ინტელექტის მორიგ პოტენციალს აჩვენებს. ბევრი მიიჩნევს, რომ მსგავს წიგნებს დიდი მომავალი აქვთ.
იდეებისა და ტექსტის გენერირებისთვის, ტიმ ბუჩერმა OpenAI-ის ChatGPT გამოიყენა. რაც შეეხება ილუსტრაციებს, ამისთვის მას Midjourney გამოადგა. ბუჩერის წიგნები, რომლებიც ხელმისაწვდომია Gumroad-ზე, დაახლოებით 1,99$-დან 5,99$-მდეა შეფასებული.
ბუჩერმა თქვა, რომ მას დაახლოებით ექვსიდან რვა საათი სჭირდება წიგნის შესაქმნელად.
"ზოგიერთ შემთხვევაში, მე ეს სამ საათშიც შევძელი", — აღნიშნა მან.
ბუჩერმა ამაზე Newsweek-ში სტატია გამოაქვეყნა. თავის მხრივ, სტატიის 60 პროცენტიც ChatGPT-ის მიერ იყო გენერირებული.
წიგნებში ვხვდებით გამოგონილსა და მისტიკურ სიუჟეტებს. ხშირად სიუჟეტი მიწისქვეშ ვითარდება. მიუხედავად ამისა, პერსნაჟები ისეთი დახვეწილები და საინტერესოები ვერ არიან, როგორც ეს კარგ წიგნში შეიძლება იყოს.
"რთულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კომპლექსური სიუჟეტის შექმნა. სიუჟეტი დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაგრძელდება. ამიტომ, ამ ეტაპზე, მოკლე სიუჟეტების შექმნა კარგი გამოსავალია", — აღნიშნა ბუჩერმა.
ფაქტია, ნამდვილად ღირებული ნაწარმოების შექმნა ხელოვნურ ინტელექტს დღეს არ შეუძლია, მაგრამ ეს შეიძლება დროებითი იყოს. ხელოვნური ინტელექტი ამ დარგში მოღვაწეობას მხოლოდ ახლა იწყებს და ჯერ არავინ იცის ის, თუ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები