რას გვიმზადებს მომავალი: AI-მ, შესაძლოა, ომის ბუნება ფუნდამენტურად შეცვალოს
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელიც უპრეცედენტო ტექნოლოგიურ წინსვლას განიცდის და ეს წინსვლა აისახება ცხოვრების ყველა ასპექტზე, მათ შორს, ომზე. ჰიპერ-ბგერითი რაკეტებიდან და ნანოტექნოლოგიებიდან დაწყებული, კოსმოსური ომით, თანამგზავრზე დაფუძნებული ლაზერების გამოყენებითა და ბიოლოგიურად გაძლიერებული ჯარისკაცებით დამთავრებული, ერთი კვირაც კი არ გავა სიახლეების გარეშე იმაზე, თუ როგორ ცვლის ტექნოლოგია სამხედრო სფეროს.
თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიას არ შეუძლია შეცვალოს ომის გარკვეული ელემენტები, კერძოდ, ის, რომ ომის წარმოებას სტრატეგია სჭირდება და იგი არის ფენომენი, რომელიც ფესვგადგმულია ადამიანის ფსიქოლოგიაში და, ამდენად, ეხება ადამიანებს. აქედან გამომდინარე, ტექნოლოგია თავად ომის ბუნებას ვერ შეცვლის. ან იქნებ შეცვლის კიდეც?
ბაზარზე ChatGPT-ს, Midjourney-ს, DALL·E 2-სა და სხვა პროგრამების გამოჩენის შემდეგ, ყველამ ცხადად დაინახა, რამხელა პოტენციალი აქვს ხელოვნურ ინტელექტს. და ცხადია, ეს პოტენციალი არც სამხედრო სფეროში დარჩება აუთვისებელი.
დოქტორი მაიკ მარტინის, King’s College London-ის ომის მკვლევრის, აზრით, ომის მსვლელობისას, AI ადამიანებს ჩაანაცვლებს გადაწყვეტილებების მიღებაში. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური ტვინების მიერ შემუშავებული ომის მეთოდები — ბლეფი, წინსვლა, მახე, მოტყუება — ჩვენთვის საკმაოდ ნაცნობია, AI-მ, შესაძლოა, სრულიად ახლებურ და განსხვავებულ ხერხებს მიმართოს.
მარტინის მიხედვით, ადამიანების საომარი სტრატეგიის საფუძველში დევს ერთი და იგივე ემოციური პასუხები — შური, ბრაზი, სიამაყე, მწუხარება — რომლებსაც ყველა ჰომო საპიენსი იზიარებს. ეს ემოციები და ომის ფსიქოლოგია სტრატეგიის შემუშავების საფუძველია. მაგრამ რა შეგვიძლია ვთქვათ AI-ზე, რომლისთვისაც ემოციები უცხოა?
ხელოვნურ ინტელექტს არ ამოძრავებს ადამიანური მიზნები, როგორებიცაა: წყლისა და საკვების მოძიება, სექსუალური პარტნიორები, კოალიციების ჩამოყალიბება და ა.შ. შესაბამისად, AI-ს მიერ წარმოებული ომის მიზანი ომში გამარჯვება იქნება და არა, ვთქვათ, ზემოხსენებული რესურსების მოპოვება. აქედან გამომდინარე, თუკი AI ომში გადაწყვეტილების მიმღებად მოგვევლინება, იგი შექმნის ომის ახალ ბუნებას და, ამდენად, ომის ცენტრალური ფსიქოლოგია უბრალოდ გაქრება.
აქედან გამომდინარე, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, შესაძლოა, ომის ძირითადი ბუნება ფუნდამენტურად შეიცვალოს. ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის, რა მიმართულებით და როგორ შეიცვლება ომის ბუნება, თუმცა ავტომატიზაცია სამხედრო სფეროს დაბალ საფეხურებზე უკვე დაწყებულია და, ნაკლებად სავარაუდოა, რაიმე მიზეზით შეწყდეს. ასე რომ, მარტინის თქმით, პირველ რიგში, უნდა დავაკვირდეთ ავტონომიური სისტემების განვითარების დინამიკას, რომელიც ნელ-ნელა გაგვიმხელს, როგორი იქნება ომი მომავალში.
კომენტარები