ბავშვთან შედარებით ხშირი ლაპარაკი მისი ტვინის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს — კვლევა
აღმოსავლეთი ანგლიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჩვილთან საუბარმა მისი ტვინის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება იქონიოს. ნაშრომი გამოცემაში The Journal of Neuroscience გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომელთაც მეტს ესაუბრებოდნენ, ენის გადამამუშავებელ რეგიონებში მეტად ეფექტიანი ნეირონები ჰქონდათ. ტვინის სკანირებით აღნიშნულ რეგიონებში მიელინი უფრო დიდი რაოდენობით შენიშნეს. ეს გარსია, რომელიც ნეირონებს აკრავს გარს და საშუალებას აძლევს, სიგნალები მეტად სწრაფად და ეფექტიანად გადასცეს.
დაზუსტებული არაა, რა პირდაპირი გავლენა აქვს მიელინიზაციას ბავშვების ენობრივ უნარებზე, თუმცა, მკვლევრების აზრით, მას მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა უნდა შეეძლოს.
კვლევაში 140 ახალფეხადგმულო ბავშვი და ჩვილი მონაწილეობდა. სამი დღის განმავლობაში მათ ხმის ჩამწერი მოწყობილობები ეკეთათ და ყოველდღიურად მოსმენილ აუდიომასალას იწერდნენ. შემდგომში ცდისპირთა ნახევარს ძილის დროს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარეს.
აღმოჩნდა, რომ 6 თვის ჩვილებს რაც მეტს ელაპარაკებოდნენ, მით ნაკლები იყო მიელინიზაციაც. ეს შედარებით მოზრდილ ბავშვებში პირიქით ხდებოდა.
ჯონ სპენსერს, კვლევაში ჩართულ კოგნიტიური ფსიქოლოგიის სპეციალისტს, თუ დავუჯერებთ, ამ შეუსაბამობას ის ფაქტი შეიძლება განაპირობებდეს, რომ სხვადასხვა ასაკში ტვინი სხვადასხვა კუთხით ვითარდება.
კვლევის ფარგლებში ტვინის განვითარებაზე საუბრის მოსმენის გავლენა გამოიკვეთა, თუმცა ჯერჯერობით რთული სათქმელია, ზუსტად რა როლი აქვს მიელინიზაციას დასწავლისა და სამომავლო კოგნიტიური განვითარების მხრივ.
მეორე მხრივ, ცნობილია, რომ ბავშვებში ლაპარაკის მოსმენა საუბრის დამუშავების, ლექსიკის, გრამატიკისა და ვერბალური აზროვნების კუთხით მნიშვნელოვნად ზემოქმედებს.
ამას გარდა, კვლევების თანახმად, 4-6 წლის ბავშვებს, რომელთაც უფროსები უფრო ხშირად ესაუბრებიან, ენასთან დაკავშირებულ რეგიონებში მიელინიზაციაც მეტი აქვთ. ახალი მიგნებებით დასტურდება, რომ ეს უფრო პატარა ასაკის ბავშვებშიც ანალოგიურად ხდება.
დამატებითი კვლევაა საჭირო იმის დასაზუსტებლად, თუ რა გავლენა აქვს ამ სტრუქტურულ ცვლილებებს ენის დასწავლაზე, თუმცა კი ერთი რამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ: ბავშვებს თქვენი საუბრიდან იმაზე მეტი შეიძლება ესმოდეთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
კომენტარები