მკვლევრებმა შეიმუშავეს ელექტრონული აბი, რომელსაც შიმშილის დარეგულირება შეუძლია
MIT-ს მკვლევრებმა შეიმუშავეს ელექტრონული აბი, რომელიც, ფაქტობრივად, ტვინისა და კუჭის კავშირის "დაჰაკვის" საშუალებას იძლევა და მომავალში ანორექსიის, სიმსუქნისა და დიაბეტის სამკურნალოდ შეიძლება გამოიყენონ.
მეორე ტვინი
ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტი გაფორმებულია 100 მილიონზე მეტი ნერვით, რომელიც ცნობილია როგორც "ენტერალური ნერვული სისტემა" (ENS-ი). ეს სისტემა იმდენად რთულია, რომ მეტსახელად "მეორე ტვინი" შეარქვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ENS-ი საჭმლის მონელებას დამოუკიდებლად აკონტროლებს, მას შეუძლია და აქვს კომუნიკაცია ტვინთან, იყენებს რა ქიმიური და ელექტრული სიგნალების ქსელს, რომელსაც "ნაწლავ-ტვინის ღერძი" ეწოდება.
მაგალითად, როდესაც თქვენი კუჭი ცარიელია, ენდოკრინული უჯრედები ENS-ში იწყებს გამოყოფას ჰორმონი გრელინისა, რომელიც შემდეგ სისხლის მიმოქცევის საშუალებით გადადის ტვინში, რის შედეგადაც ის აგზავნის სიგნალებს, რომ მშიერი ხართ.
თუმცა ნაწლავ-ტვინის ღერძი ჩართულია ბევრად მეტ საქმეში — კვლევები მას უკავშირებს დიაბეტს, განწყობის დარღვევას, შემეცნებასა და ა.შ.
ელექტრონული აბი
MIT-ს მკვლევრები ახლა მუშაობენ აბზე, რომელიც ელექტრულად ასტიმულირებს კუჭის ენდოკრინულ უჯრედებს გრელინის გამოთავისუფლების მიზნით — ეს პოტენციურად დაეხმარება ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემებით, როგორებიცაა: კიბო ან ანორექსია — რომლებიც იწვევს გულისრევას ან მადის დაკარგვას.
მათ უკვე გამოცადეს ელექტრონული აბი ღორებზე და მიღებიდან 20 წუთში ცხოველებს სისხლში გრელინის დონე ამაღლებული ჰქონდათ. აბი ღორის კუჭიდან, დაახლოებით, ერთი დღის შემდეგ გაქრა და გამოიყო ორი კვირის განმავლობაში გვერდითი ეფექტების გარეშე.
როგორ მუშაობს აბი?
MIT-ს ელექტრონული აბი შეიცავს $1-ან ბატარეას (უკვე დამტკიცებულია FDA-ს მიერ სხვა საჭმლის მომნელებელ მოწყობილობებში გამოსაყენებლად), რომელიც აგზავნის დენს მის ზედაპირზე არსებული პატარა ელექტროდების მეშვეობით.
კუჭის ქსოვილთან სათანადო კონტაქტის უზრუნველსაყოფად, მკვლევრებმა აბების ზედაპირზე დაამატეს ღარები, რომლებიც აშორებს სითხეს ელექტროდებიდან — ამ დიზაინის შთაგონების წყარო გახდა ხვლიკი, ავსტრალიური ეკლიანი ეშმაკი, რომლის ქერცლი ეხმარება მას კანიდან წყლის შეგროვებაში.
"ამ ზედაპირს შეუძლია მართოს სითხე, რომელიც პოტენციურად ხელს უშლის ელექტროდებს, შეეხოს კუჭის ქსოვილს, ასე რომ, მას შეუძლია საიმედოდ მიაწოდოს ელექტრო სტიმულაცია", — განმარტა კვლევის თანაავტორმა, ჯეიმს მაკრეიმ.
სამომავლო ხედვები
ამჟამად MIT-ს ელექტრონული აბი მუდმივად მუშაობს, მაგრამ მკვლევრები ამბობენ, რომ მომავალი ვერსიები შეიძლება უსადენოდ ჩართოთ ან გამორთოთ. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია აბების შემუშავება ნაწლავ-ტვინის ღერძთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გადასაჭრელად, როგორებიცაა: სიმსუქნე და დიაბეტი.
გამომდინარე იქიდან, რომ მოწყობილობა "შედარებით მარტივია", მკვლევრების თქმით, კლინიკურ კვლევებზე მის დამტკიცებას დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს — MIT-ს გუნდი იმედოვნებს, რომ ადამიანებზე ტესტირება სამი წლის განმავლობაში დაიწყება.
კომენტარები