მარსის სიღრმეში სითბოს რადიოაქტიურ წყაროს მიაკვლიეს
ციურიხის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა, მარსზე გაშვებული აპარატის InSight მონაცემებზე დაყრდნობით, წითელი პლანეტის ქერქის სისქე გამოთვალეს. ამ ინფორმაციის ანალიზისას, მათ დაადგინეს, რომ ჩვენი მეზობელი ციური სხეულის სითბოს მთავარი წყარო მის სიღრმეში არსებული რადიოაქტიური ელემენტების დაშლის პროცესია, მათ შორის ურანისა და თორიუმის.
ეს ნიშნავს, რომ მარსის შიდა გარემო დედამიწისას ჰგავს, რომელიც, მის მსგავსად, ნაწილობრივ სწორედ რადიოაქტიური ელემენტების მიერ წარმოქმნილ სითბოზეა დამოკიდებული. ამის გარდა, სითბოს უმნიშვნელოვანესი წყაროა ჩვენი პლანეტის ფორმირების 4.5 მილიარდი წლის წინანდელი პერიოდიდან შემორჩენილი ენერგიაც, რომელიც ბირთვის სიმხურვალეს უწყობს ხელს.
სპეციალისტებმა ეს დასკვნები InSight-ის მიერ მისიის განმავლობაში მარსზე დაფიქსირებული უმძლავრესი სეისმური აქტიურობის გამოკვლევის შედეგად გამოიტანეს. ეს ტალღები იმდენად ძლიერი იყო, რომ პლანეტაში სამჯერ გაიარა. მისმა შესწავლამ ნათელყო, რომ მარსის ქერქის სისქე საშუალოდ 42-56 კილომეტრია. შედარებისთვის, დედამიწის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 21-27 კილომეტრია, მთვარეზე კი — 34-43 კილომეტრი.
ავტორებმა, ასევე, გამოავლინეს, რომ წითელი პლანეტის ჩრდილოეთ დაბლობებისა და სამხრეთის მაღლობების მიმდებარედ ქერქის სიმკვრივე ერთნაირია, რაც მნიშვნელოვანი მიგნებაა. საინტერესოა, რომ სითბოს წარმომქმნელი ზემოხსენებული რადიოაქტიური ელემენტების სულ მცირე ნახევარი სწორედ ქერქში გვხვდება.
მეცნიერთა ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები