აშშ-ში რადიაციის საწინააღმდეგო პირველ მედიკამენტს გამოცდიან
აშშ-ში ახალ მედიკამენტს გამოცდიან, რომელიც ბირთვული ინციდენტის შემთხვევაში სხეულის რადიაციისგან დაცვას ისახავს მიზნად. მოწამვლის სამკურნალოდ ან მისი პრევენციისათვის დღესდღეობით ძალიან ცოტა საშუალება არსებობს. შესაბამისად, წარმატების შემთხვევაში სამომავლოდ მედიკამენტი გვექნება, რომელიც სხეულიდან რადიაციას ეფექტიანად გამოდევნის.
ასევე იხილეთ: 6 რჩევა — როგორ დავიცვათ თავი რადიოაქტიური დაბინძურებისას
წამალს HOPO 14-1 ეწოდება. იგი დამაბინძურებელ მძიმე მეტალებს უკავშირდება და სხეულიდან გამოდევნის. მიჩნეულია, რომ მედიკამენტი ურანსა და ბირთვულ იარაღებში გამოყენებულ სხვა ნივთიერებებს ეფექტიანად უმკლავდება. შესაძლოა, იგი ტყვიით მოწამვლის დროსაც გამოდგეს.
პირველი კლინიკური ცდის ფარგლებში მედიკამენტს 42 ადამიანზე შეამოწმებენ სხვადასხვა დოზით და მის უსაფრთხოებას შეაფასებენ. კვლევის შედეგები ცნობილი 2024 წელს გახდება.
საგულისხმოა, რომ FDA-ს HOPO 14-1-ის გამოყენების ნებართვა ჯერ არ გაუცია. იგი უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშიც არაა ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზარზე უკვე არსებობს ნაერთი, რომელიც რადიოაქტიურ მძიმე მეტალებს უკავშირდება. HOPO Therapeutics-ის მიხედვით, ეს DTPA მოლეკულები სხეულს საჭირო იონებსაც (თუთია, მაგნიუმი და სხვ.) ართმევს, მათი მედიკამენტი კი — არა.
სხვა სამკურნალო საშუალებებს რაც შეეხება, ხელმისაწვდომი მხოლოდ იოდის ტაბლეტები და ბერლინის ლაჟვარდია. იოდი შედარებით კარგად რადიოაქტიურ იოდს აშორებს სხეულიდან, ბერლინის ლაჟვარდი კი — ცეზიუმსა და თალიუმს. მიუხედავად ამისა, რადიაცია ბოლომდე არ გამოიდევნება და სხეულის დაზიანება კვლავაც შესაძლებელია.
როგორც წესი, რადიაციით მოწამვლისას მხოლოდ იმის იმედიღა რჩება ხოლმე, რომ დოზა სასიკვდილოდ დიდი არ ყოფილა. მაშასადამე, ისღა დაგვრჩენია, პირველი კლინიკური ცდის შედეგებს დავუცადოთ — ვინ იცის, იქნებ სწორედ HOPO 14-1 აღმოჩნდეს ხსნა.
კომენტარები