სატურნის რგოლები იმაზე ბევრად ახალგაზრდაა, ვიდრე ვვარაუდობდით
ასტრონომთა ახალი კვლევის თანახმად, სატურნის რგოლები იმაზე ბევრად ახალგაზრდაა, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით — თავად პლანეტასთან შედარებითაც კი.
ამის გასაგებად მეცნიერებმა მზის სისტემის აირის გიგანტის გარშემო მტვრის დაგროვების ტემპი შეისწავლეს. ასეთი მატერია ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში მუდმივად გადაადგილდება და ციური სხეულების ირგვლივ იყრის თავს, როგორც, მაგალითად, მტვერი ედება ავეჯს, ხოლო მასზე თითის გადასმით შეგვიძლია დავადგინოთ, რამდენი ხანია, ის ხელუხლებელია.
სწორედ ასე გამოთვალეს სპეციალისტებმა, რომ უზარმაზარი პლანეტის შთამბეჭდავი რგოლების სისტემა 400 მილიონ წელზე ხნიერი არ უნდა იყოს. შედარებისთვის, სატურნი დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ, მზის გარემომცველი აირისა და მტვრის დისკოში წარმოიქმნა. რგოლები იქ ყოველწლიურად 929 კვადრატულ სანტიმეტრ ფართობზე გრამზე ნაკლები მტვრით ივსება. ავტორები ამ დასკვნამდე 2004-2017 წლებში ხომალდ Cassini-ს მიერ მოპოვებული მონაცემების გაანალიზების გზით მივიდნენ.
იქიდან გამომდინარე, რომ სატურნის რგოლების შემადგენელი ყინულოვანი ფრაგმენტები ნელ-ნელა პლანეტაში მისი ძლიერი გრავიტაციის გავლენით ჩაედინება, ისინი კოსმოსური დროითი მასშტაბებით საკმაოდ მალე გაქრება. საუბარია 7 რგოლზე, რომელიც ციური სხეულის ზედაპირიდან დაახლოებით 282 000 კილომეტრ მანძილზეა გადაჭიმული.
მათი ფორმირების საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები