თოვლიანი მარსი? — რაზე მიუთითებს ჩინური მავალის ახალი აღმოჩენა
მეცნიერებმა ჩინეთის მიერ მარსის შესასწავლად გაგზავნილი მავალის Zhurong მიერ წითელ პლანეტაზე დაფიქსირებული დიუნების ნაპრალიანი საფარი გააანალიზეს. მათი განცხადებით, ეს წარმონაქმნები მიანიშნებს, რომ ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე სულ რაღაც 400 000 წლის წინ მარილით მდიდარი წყალი მოიპოვებოდა.
აპარატი 2021 წლის მაისში მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დაეშვა და მას შემდეგ Utopia Planitia-ს რეგიონში მდებარე 4 დიუნის შემადგენლობა გამოიკვლია. ისინი თხელი, დანაწევრებული შრეებითაა დაფარული და ერთგვარ ქედებს მოიცავს, რომლებიც დაახლოებით 1.4 მილიონი-400 000 წლის წინ გამლღვალი წყლის გავლენით წარმოიქმნა. ეს საინტერესოა, რადგან წითელ პლანეტაზე თხევადი წყალი 3 მილიარდი წლის წინ არსებობდა, სანამ სიცივის გამო არ გაიყინა და პოლუსებზე მოექცა.
Zhurong-ის მიერ შესწავლილი დიუნები ჩრდილოეთ პოლუსიდან საკმაოდ შორსაა და თითოეული 15-30 მეტრზეა გადაჭიმული, ხოლო მათი სიმაღლე დაახლოებით 1 მეტრს აღწევს. მაინც როგორ მოხვდა წყალი პოლუსებიდან ასეთ დისტანციაზე არსებულ არეალში?
ამაზე ბევრად დიდი ზომის დიუნები NASA-ს მარსმავალმა Curiosity-იმაც გამოიკვლია და გრუნტის ნაწილაკებში ჰიდრატირებული მინერალები გამოავლინა. მათი ფორმირება მარსის დაბალ განედებზე ე.წ. ამაზონურ ეპოქაში წყლის არსებობას უკავშირდება, მაგრამ ეს პერიოდი, წესით, მშრალი უნდა ყოფილიყო. ახალი კვლევის თანახმად, პოლუსებიდან ამ ტერიტორიაზე დიდი ოდენობით წყლის ორთქლმა რამდენიმე მილიონი წლის წინ გადმოინაცვლა და დაბალი ტემპერატურის გავლენით თოვლის სახე მიიღო. ამას ხელი შეუწყო მარსის სხვაგვარმა დახრილობამ, რის შედეგადაც მისი პოლუსები მზისკენ პირდაპირ იყო მიმართული.
როგორც ცნობილია, Zhurong-მა დიუნებზე წყლის ყინული ვერ დააფიქსირა. სამაგიეროდ, სპეციალისტთა აზრით, იქ არსებულმა მარილებმა თოვლის დადნობა განაპირობა და მარილიანი წყალი წარმოქმნა. ამას მინერალების ფორმირება მოჰყვა, როგორიცაა სილიციუმის ოქსიდი და რკინის ოქსიდები. თავად წყალი დიდი ხნით ვერ შენარჩუნდა, რადგან კლიმატის გავლენით აორთქლდა და მხოლოდ მარილი/მინერალები დატოვა, რომლებიც დიუნების ნაწილაკებს შორის მოექცა და ზედაპირზე 1.25-1.7 სანტიმეტრი სიღრმის შრეები გააჩინა. გამყარებისთვის მათ 1 წლამდე პერიოდი დასჭირდებოდა, რის შემდეგაც მაღალმა ტემპერატურამ იქ ნაპრალები წარმოიქმნა
სავარაუდოდ, ეს მარსის დაბალი განედების დიდ ნაწილში მოხდა. ავტორები სამომავლო მისიებით დიუნების მიმდებარედ მარილის მიმართ ამტანი მიკრობების კვალის მოძიებას გვთავაზობენ, როგორებიც დედამიწაზე მსგავსი პირობების მქონე არეალებში ბინადრობენ. მათი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები