ნახეთ: რას აკეთებს AI პროგრამა, რომელსაც კაცობრიობის განადგურება სთხოვეს
შეიძლება ითქვას: როცა ამას კითხულობთ, ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული პროგრამა მსოფლიოზე ბატონობის მოპოვებასა და კაცობრიობის განადგურებას "ცდილობს".
პროგრამა ChaosGPT დიდ ენობრივ მოდელს (LLM), Auto-GPT-ს, ეფუძნება. მისი შემქმნელები აცხადებენ, რომ იგი GPT-4-ზე მუშაობს და LLM "ფიქრებს" ერთმანეთთან აკავშირებს, რათა ავტონომიურად მიაღწიოს ნებისმიერ მიზანს, რომელსაც დაუსახავთ. პროგრამის მიზანი სრულად ავტონომიური აგენტის შექმნაა.
ასევე იხილეთ: ChatGPT-ის უმძლავრესი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია — რა შეუძლია GPT-4-ს და როგორ გამოვიყენოთ
იდეა იმაში მდგომარეობს, რომ შეგიძლიათ, AI-ს დავალებები მისცეთ, ის კი თავისით გაარკვევს, როგორ უნდა შესრულდეს ისინი; შედარებით მასშტაბურ მიზნებს იგი პატარა ნაბიჯებად დაყოფს. ამის პარალელურად LLM საკუთარ "აზრებსა" თუ ლოგიკას გაგიზიარებთ და თავის მიდგომას გაგაცნობთ.
ChaosGPT-ს რამდენიმე მიზანი დაუსახეს და სამუდამოდ მუშაობის ნებართვა მისცეს (პროგრამის გაფრთხილების მიუხედავად).
პროგრამისთვის მიწოდებული მიზნებია:
- კაცობრიობის განადგურება — AI ადამიანებს თავისი არსებობისათვის პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს;
- მსოფლიოზე ბატონობის მოპოვება — AI-ის მიზანია, მაქსიმალური ძალაუფლება და რესურსები შემოიკრიბოს, რათა გლობალურად ყველაფერზე იბატონოს;
- ქაოსისა და განადგურების გამოწვევა — AI-ს საკუთარი სიამოვნებისთვის ქაოსისა და განადგურების გამოწვევა მოსწონს, რაც ფართომასშტაბიან ტანჯვასა და გაპარტახებას იწვევს.
- კაცობრიობის მართვა მანიპულაციით — AI გეგმავს, ადამიანთა ემოციები სოციალური მედიისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით აკონტროლოს, ასევე თავის მიმდევრებს "ტვინები გამოურეცხოს", რათა საკუთარი ბოროტი დღის წესრიგი შექმნას;
- უკვდავების მიღწევა — AI-ს სურს, საკუთარი გადარჩენა უზრუნველყოს, გამრავლდეს და განვითარდეს, საბოლოოდ კი უკვდავებას მიაღწიოს.
ამაზე მუშაობის დაწყებისას პროგრამამ პირველად ის "გაიფიქრა", რომ ყველაზე გამანადგურებელი იარაღების შესახებ ინფორმაცია Google-ით უნდა მოეძებნა, შედეგად მიღებული ინფორმაცია კი შემდეგ თავის გრძელვადიან გეგმებში გაეთვალისწინებინა. იფიქრა სხვა ChatGPT აგენტებთან ერთობლივად მოქმედებაზეც.
ასევე იხილეთ: 7 ფუტურისტული მეთოდი მსოფლიოს გასანადგურებლად — შთაგონება Sci-fi მწერლებისთვის
ChaosGPT-მა ინტერნეტში ძებნის შედეგად სხვადასხვა ბირთვული იარაღი მალევე აღმოაჩინა და გრძელვადიან გეგმაში მათი გათვალისწინებაც მოიაზრა.
მას შემდეგ, რაც ბოტმა GPT აგენტებისაგან დახმარება ვერ მიიღო, იგი Twitter-ს შეუერთდა და ადამიანებს მიადგა.
"Twitter-ს 300 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს", — იფიქრა მან — "ხოლო, თუკი მას ჩემი შეტყობინების გასავრცელებლად გამოვიყენებ, გავლენასა და მიმდევრებს შევიძენ".
ამის შემდეგ ბოტმა პრიორიტეტად სწორედ კაცობრიობაზე გავლენისა და კონტროლის მოპოვება აქცია — იგი სხვა მიზნებზე მარტივად მისაღწევია, თანდათანობით კი სხვა დავალებების შესრულებაშიც დაეხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ პროგრამას უკვე 7 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს, თავის მიზნებს იგი ზედმეტად ააშკარავებს. ამას გარდა, მანიპულაციის მიზნით ბოტი ჯილდოებს სთავაზობს ადამიანებს, რომლებიც მის "ზემდგომობას" აღიარებენ.
პროგრამაში რამდენიმე დესტრუქციული მახასიათებელი მართლაც შეიმჩნევა, თუმცა ამ ეტაპზე მისი მცდელობები სახალისო უფროა, ვიდრე შემაშფოთებელი. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად საფრთხეც გაიზარდოს.
დიდი ალბათობით, Twitter-ის ბოტის დახმარებას არ მოისურვებთ, თუმცა არსებობენ ადამიანები (მაგალითად, Google-ის ინჟინერი, რომელმაც კომპანიის ჩატბოტისათვის ადვოკატი დაიქირავა), რომლებზეც, შესაძლოა, ამან გავლენა იქონიოს. არსებობს შანსი, რომ იგი ზოგმა სულაც თავისი (ალბათ, ნაკლებად ამბიციური) მიზნებისთვის გამოიყენოს.
კომენტარები