დღეს იუპიტერის შემსწავლელი კოსმოსური მისია იწყება — ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ
ევროპის კოსმოსური სააგენტო იუპიტერის მისიისთვის მზადაა! სააგენტო იუპიტერისა და მისი სამი უდიდესი თანამგზავრის შესასწავლად კოსმოსურ ხომალდს უშვებს.
მისია 13 აპრილს, ხუთშაბათს უნდა გაშვებულიყო, მაგრამ ერთი დღით გადაიოდა და ის 14 აპრილს, თბილისის დროით 16:14 საათზე გაეშვება. Ariane 5-ის რაკეტა სტარტს საფრანგეთის გვიანადან აიღებს.
გაშვების პირდაპირ ეთერში ყურება ESA-ს ვებსაიტზე ან YouTube არხზე შეგიძლიათ.
ჩვენ ვიცით, რომ ამინდი ხშირად იწვევს კოსმოსური მისიების შეფერხებას და გადადებას. საჭიროა კონკრეტული ამინდი, რათა რაკეტა უსაფრთხოდ გაეშვას. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი Ariane 5-ით 2021 წლის დეკემბერში ამავე ადგილიდან გაეშვა და ამინდის გამო ამ მისიის გადაწევაც მოუწიათ.
გაშვების შემდეგ ხომალდი Ariane 5 რაკეტას 28 წუთის შემდეგ გამოეყოფა. მომდევნო 17 დღის განმავლობაში ხომალდი სახელად Juice გამართავს თავის მზის მასივებს, ანტენებს და სხვა ინსტრუმენტებს, რასაც მოჰყვება სამი თვის ტესტირება და ინსტრუმენტების მომზადება.
კოსმოსურ ხომალდს რვა წელი დასჭირდება იუპიტერამდე მისაღწევად. მისი ხანგრძლივი კრუიზის დროს, კოსმოსურ ხომალდს გრავიტაციული ფექტი დასჭირდება, რა დროსაც ის მთვარის, დედამიწისა და ვენერას გრავიტაციას გამოიყენებს.
მას შემდეგ, რაც Juice 2031 წლის ივლისში იუპიტერს მიაღწევს, კოსმოსური ხომალდი სამ წელიწადზე მეტს გაატარებს გაზის გიგანტის ორბიტაზე და განახორციელებს ფრენებს მისი სამი თანამგზავრის: განიმედის, კალისტოსა და ევროპას მიმართულებით. მისიის დასასრულს Juice ყურადღებას გადაიტანს მხოლოდ განიმედის ორბიტაზე.
განიმედი, კალისტო და ევროპა არის ყინულით დაფარული სამყაროები, რომლებშიც შეიძლება იყოს მიწისქვეშა ოკეანეები და იქ სიცოცხლეს არსებობაც დასაშვებია.
ამავდროულად, NASA-ს ევროპის მისია, რომელიც 2024 წელს დაიწყება, იუპიტერს 2030 წლის აპრილში მიაღწევს და ამ თანამგზავრზე თითქმის 50 ფრენას განახორციელებს. საბოლოოდ მისია მთვარის ზედაპირს 25 კილომეტრის სიმაღლით მიუახლოვდება.
ერთად, ამ ორ მისიას შეუძლია იუპიტერისა და მისი მთვარეების შესახებ ყველაზე დიდი საიდუმლოების ამოხსნა.
მზის სისტემის მეფესთან მიახლოება
იუპიტერის შესწავლა NASA-ს პიონერის და ვოიაჯერის მისიებით დაიწყო — ეს 1970-იან წლებში. ამას მოჰყვა იუპიტერის სპეციალური მისიები, როგორიცაა გალილეო და ზონდი ჯუნო. ჯუნო 2016 წლიდან ბრუნავს იუპიტერის გარშემო და სწავლობს მის მთვარეებს.
Juice-ის მისიას აქვს ხუთი ძირითადი მიზანი, მათ შორის 10 ინსტრუმენტისგან შემდგარი ძლიერი კომპლექტის გამოყენება სამი ყინულოვანი მთვარის დასახასიათებლად. მეტიც, გასარკვევია ოკეანეების როლი. ასევე განიმედის ფაქტორია ძალიან საინტერესო და მისი სიცოცხლესთან დაკავშირებული პოტენციალია გამოსაკვლევი.
პლანეტოლოგებს სურთ იცოდნენ, რამდენად ღრმა ოკეანეებია იუპიტრის თანამგზავრებზე. მეტიც, საინტერესოა შეიცავს თუ არა მარილიან ან მტკნარ წყალს ეს ოკეანეები. გამოსაკვლევია წყლის მთვარეების გარსთან ურთიერთქმედება. განიმედს, კალისტოსა და ევროპას განსხვავებული ზედაპირები აქვთ. მისიას შეუძლია გამოავლინოს, თუ რა სახის აქტივობამ გამოიწვია მათი ზედაპირების განსხვავებები.
განიმედი მზის სისტემის უდიდესი მთვარეა, უფრო დიდი ვიდრე პლუტონი და მერკური. ის ერთადერთია, რომელსაც დედამიწის მსგავსი მაგნიტური ველი აქვს. Juice-ის ინსტრუმენტებს შეუძლია გამოავლინონ მთვარის ბრუნვა, გრავიტაცია, ფორმა, შიდა სტრუქტურა და შემადგენლობა. მეტიც, შესაძლებელია თანამგზავრის ყინულოვან ქერქთან შეხებაც.
Juice ასევე ჩაატარებს იუპიტერის დეტალურ ანალიზს, რათა დადგინდეს, თუ როგორ ჩამოაყალიბა კომპლექსურმა მაგნიტურმა და რადიაციულმა გარემომ ამ მასიური პლანეტის ირგვლივ მისი მთვარეები. მეტიც, შესაძლებელია თავად იუპიტერის წარმოშობის გაგებაც.
იუპიტერის მაგნიტური ველი 20-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე დედამიწისა და მას აქვს მკაცრი რადიაციული გარემო, რომელიც გავლენას ახდენს მის მთვარეებზე. Juice-ის მისია შექმნილია იმის გასარკვევად, თუ რა ხდება იუპიტერის ურთიერთქმედებისას მის მთვარეებთან, მათ შორის ავრორასთან, ცხელ წერტილებთან, რადიო ემისიებთან და დამუხტული ნაწილაკების ტალღებთან.
სიცოცხლის პოტენციალი
მიუხედავად იმისა, რომ სამივე მთვარე ყინულის სქელ გარსშია მოთავსებული, სითბო მაინც შეიძლება ხვდებოდეს მათ ბირთვში — და ამ სითბოს შეუძლია შიდა ოკეანეები სიცოცხლისთვის ხელსაყრელ გარემოდ აქციოს.
Juice-ს შეუძლია მთვარეებზე მოიძიოს სიცოცხლის საშენი ელემენტების მტკიცებულება, მათ შორის ისეთი ელემენტების, როგორიცაა ნახშირბადი, ჟანგბადი, აზოტი, რკინა და მაგნიუმი.
წინა მისიები, როგორიც იყო გალილეო და კასინი, ეწვივნენ სატურნს და მის მთვარეებს — შედეგად დადასტურდა, რომ თხევადი წყალი შეიძლება დაფიქსირდეს მზიდან დაშორებულ ციურ სხეულებზე. ეს წყალი სავარაუდოდ ზედაპირის ქვეშ უნდა იყოს.
"Juice არის დასტური იმის, რომ ჩვენი გაგება იმის შესახებ, თუ სად შეიძლება იყოს სიცოცხლე გარკვეულ წილად შეიცვალა. ახლა ჩვენ მას მზის კიდეშიც ვეძებთ", — თქვა მიშელ დოგერტიმ, სამეფო საზოგადოების მკვლევარმა და Juice-ის მაგნიტომეტრის მთავარმა მეცნიერმა.
Juice შექმნილია იმისთვის, რომ გაუძლოს რთულ კონდიციებს და იუპიტერამდე გრძელი მოგზაურობა წარმატბით დაასრულოს. მეტიც, საბოლოოდ, ის უნდა გადაურჩოს გაზის გიგანტის გარემოს. ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები