მეხის ჩამოვარდნის შედეგად ფოსფორის ახალი მასალა წარმოიქმნა — აქამდე იგი დედამიწაზე არასოდეს გვიხილავს
ნიუ პორტ რიჩის დასახლებაში 2012 წელს მეხი ჩამოვარდა, შედეგად კი მინერალი წარმოიქმნა, რომელიც ახლახან სამხრეთი ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა შეისწავლა. დადგინდა, რომ იგი ფოსფორის სრულებით ახალი ნივთიერებაა, რომელიც დედამიწაზე მყარი ფორმით აქამდე არ დაფიქსირებულა.
"ეს მასალა დედამიწაზე ბუნებრივად არასოდეს გვიხილავს — მსგავსი მინერალები მეტეორიტებსა და კოსმოსში მოიპოვება, თუმცა ზუსტად ეს ნივთიერება არსად გვინახავს", — აცხადებს მეთიუ პასეკი, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების სპეციალისტი.
მეხის დაცემის ადგილას სახლის მეპატრონეებმა პირველად ფულგურიტი, "ელვის შრამი", შენიშნეს. იფიქრეს, რომ იგი ფასეული იქნებოდა და მისი გაყიდვა გადაწყვიტეს. ფულგურიტი პასეკმა შეიძინა და იგი ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორ ლუკა ბინდისთან ერთად შეისწავლა.
კერძოდ, გამოიკვლიეს, როგორ შეიძლება მაღალენერგეტიკულმა მოვლენებმა სხვადასხვა ქიმიურ რეაქცია წამოიწყოს, შედეგად კი ახალი ნივთიერება წარმოიქმნას — "გარდამავალი ნივთიერება კოსმოსურ და დედამიწაზე არსებულ მინერალებს შორის".
"როდესაც ხეს მეხი ეცემა, ჩვეულებრივ, მიწა ფეთქდება და გარშემო ბალახი ნადგურდება. შედეგად ერთგვარი ნაიარევი ჩნდება, ელექტრული მუხტი კი ქვებში, ნიადაგსა და ქვიშაში გადაადგილდება. ასე "განამარხებული ელვა", იგივე ფულგურიტები, ჩნდება", — აცხადებს პასეკი.
მეცნიერთა გუნდმა ფოსფორის შემცველი უნიკალური მინერალები გამოიკვლია. ყურადღება განსაკუთრებით მეხის შედეგად წარმოქმნილებზე გაამახვილეს.
"მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენი ენერგია აქვს ელვას, რადგან ასე გავიგებთ, საშუალოდ რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია მეხის დაცემას და რამდენად სახიფათოა ის", — ამბობს პასეკი — "ფლორიდა მეხების კუთხით მოწინავეა და ამ მხრივ უსაფრთხოება მნიშვნელოვანია — თუკი მეხი იმდენად ძლიერია, რომ ქვა დაადნოს, იგი ადამიანების დადნობასაც აუცილებლად შეძლებს".
პასეკის განმარტებით, ნოტიო გარემოში ზოგჯერ რკინა გროვდება და ხის ფესვებს ერტყმის გარს. ამ შემთხვევაში მეხის დაცემამ ფესვებზე არსებული რკინისა და ხის ნახშირბადის აალება გამოიწვია, შედეგად კი ფულგურიტი შეიქმნა. კრისტალის მაგვარი სრულებით ახალი, ფერადი ნივთიერება სწორედ ამ ფულგურიტში აღმოაჩინეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერებმა აღნიშნული მასალის ლაბორატორიაში შექმნა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს. ამის გამო შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მასალა მკაცრად განსაზღვრულ პირობებში სწრაფად ფორმირდება, ხოლო, თუკი ზედმეტად დიდხანს გაცხელდება, მეტეორიტებში არსებულ მინერალად გარდაიქმნება.
მკვლევრები სამომავლოდ მასალის დამატებით შესწავლას გეგმავენ იმის დასაზუსტებლად, შეიძლება თუ არა, მას ოფიციალურად მინერალი ეწოდოს.
ნაშრომი გამოცემაში Communications Earth & Environment გამოქვეყნდა.
კომენტარები