საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — კონსპირაციის უარყოფა
Artemis-ის მისია დაიწყო, ადამიანები მთარეზე ბრუნდებიან. თუმცა, ამის საპირისპიროდ, კვლავ აქტალურია კონსპირაციის თეორია, რომლის მიხედვითაც, მთვარეზე ჯერ არ ვყოფილვართ. ანუ, 1969 წლის მისია "დადგმული" იყო.
ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის! ადამიანმა მთვარეზე ფეხი ნამდვილად დადგა და არაერთხელ!
დღეს ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ულევი ინფორმაციაა, მაგრამ ამასთან ერთად დეზინფორმაციამაც იმატა. საკმარისია რაიმე კონსპირაციული თეორიით დაინტერესდეთ, ინტერნეტი ასეთ უამრავ ინფორმაციას მოგაწვდით. ასეთი იდეებითაა გადატენილი Reddit და Youtube, სადაც ადამიანები "სიცრუის მხილებას" ცდილობენ.
დავუბრუნდეთ მთვარის მისიას. საინტერესოა, რომ მთვარესთან დაკავშირებით ბევრი უცნაური კონსპირაციული თეორიაა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთთან ხშირად წინააღმდეგობაშიც მოდის, მათ მიმდევრებს ეს არ აინტერესებთ. მაგალითად, არის ვერსია, რომ მისია არ შემდგარა და მთვარეზე ასტრონავტებს ფეხი არ დაუდგამთ. თუმცა, არსებობს კონსპირაციული რწმენა, რის მიხედვითაც, ასტრონავტები მთვარისკენ ნამდვილად გაეშურნენ, მის ორბიტამდეც მიაღწიეს, მაგრამ უშუალოდ თანამგზავრზე ფეხი არ დაუდგამთ. არიან "მორწმუნენი", ვისაც მიაჩნიათ, რომ საერთოდაც მთვარე, ისევე როგორც დედამიწა, ბრტყელია; შესაბაისად, მასზე დაშვება შეუძლებელი იქნებოდა. მეტიც, ბევრს საერთოდაც მთვარის არსებობაში ეპარება ეჭვი და აბა, ობიექტზე, რომელიც არ არსებობს, ვინმე შეძლებდა ფეხის დადგმას?
და მაინც, რა თქმა უნდა, თუ "დავუშვებთ", რომ მთვარე არსებობს, საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა. . .
ძალიან ბევრი ადამიანი
თუ გსურთ ისეთი სცენარის გათამაშება, რომელსაც ვერავინ გაიგებს, ბუნებრივია, გირჩევნიათ "შემსრულებლები" რაც შეიძლება ცოტა გყავდეთ. იმისთვის, რომ თქვენმა სიცრუემ არ გაჟონოს, მასზე ცოტამ უნდა იცოდეს. კონსპირაციის თეორიის მიმდევრებს რატომღაც მიაჩნიათ, რომ მთვარის მისიაში მხოლოდ ნილ ამსტრონგი მონაწილეობდა. . . რეალურად, მის უკან უამრავი ადამიანი იყო. მეტიც, თავად მთვარეზე დაშვება 6-ჯერ მოხდა. მაგრამ არც მისიების ეს რაოდენობა შეიძლება გვეუბნებოდეს რამეს, თუ არ ჩავთლით იმას რომ გარკვეულ დონეზე მთლიანობაში ამ ყველაფერში 400 000 ადამიანი იყო ჩართული.
ერთი წამით წარმოიდგინეთ 400 000 შეთქმული თანამშრომელი, რომელიც სინამდვილეში არაფერს აკეთებს, არ მუშაობს და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე კომპლექსურ მისიას სიმულირებს. ანუ, ჩვენ გვაქვს საქმე არა რამდენიმე შეთქმულ აგენტთან, არამედ 400 000 ადამიანთან.
ცალკე საკითხია გადამღები ჯგუფი, რომელსაც იმ დროისთვის ფაქტიურად წარმოუდგენელი მისიის შესრულება მოუწევდათ — მათ კადრები უნდა გაეყალბებინათ, მეტიც, შეექმნათ ვიდეო მასალა, რომელიც ფიზიკურად არ არსებობდა. არ გეგონოთ, რომ ადამიანებმა მხოლოდ ამსტრონგის ნაბიჯები ნახეს. საუბარია კადრებზე, სადაც რაკეტის გაშვება და კაფსულის ორბიტაზე შესვლა-დაშვება ჩანს. ასეთი კადრების "გაყალბება" სტენლი კუბრიკსაც შეშურდებოდა.
ადამიანების უმეტესობამ ძალიან ცოტა იცის იმაზე, თუ რამდენი ადამიანი იყო საჭირო პირველი მისიის თითოეული ნაწილის გადასაღებად. მაგალითად, დაშვების კადრების გამართულობაზე ასობით ადამიანი იყო პასუხისმგებელი. თუ მისია გაყალბებულია, მათ აუცილებლად ეცოდინებოდათ, რომ კადრები სინამდვილეში მთვარედან არ მოდის. უფრო მეტიც, ცნობილი სურათების დამუშავებასა თუ შეგროვებაზე ცალკეული გუნდები მუშაობდა.
დედამიწაზე ჩამოტანილი მთვარის ნიმუშები
აპოლოს მისიებმა მთვარიდან მთლიანობაში 380 კილოგრამის ნიმუში ჩამოიტანა. ნებისმიერ ავტორიტეტულ გეოლოგს, რომელსაც შესაბამისი აღჭურვილობა და ლაბორატორია გააჩნია, შეუძლია მოითხოვოს ნიმუში და ბევრი ამას აკეთებს კიდევაც.
ეს რას ნიშნავს? ესე იგი, თუ მისია არ შემდგარა და მთვარიდან ნიმუშები არ ჩამოუტანიათ, ყოველი ავტორიტეტული თუ ცნობილი გეოლოგი ასევე შეთქმულია. მათ ყველაფერი იციან!
და მაინც, იქნებ მასალა გააყალბეს? გეოლოგებსაც ატყუებენ? კვლევები აჩვენებს, რომ მთვარიდან ჩამოტანილი ქანები წარმოქმნილია უჰაერო და მეტწილად უწყლო გარემოში, განსხვავებით დედამიწის პირობებისგან. მეტიც, მასალას ეტყობა, რომ მილიარდობით წელი მზის ქარის უშუალო ზემოქმედების ქვეშ იყო — ასეთი აქტივობა კი პლანეტის ატმოსფეროს გამო დედამიწაზე არ გვხვდება (საბედნიეროდ).
თუ ათასობით გეოლოგი მთელ მსოფლიოში არ არის შეთქმული, ისინი ამ "კონსპირაციას" აუცილებლად ამხელდნენ. მეტიც, მასალის გაყალბება ისე რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი ყოფილიყო იმ დროინდელი ტექნოლოგიისთვის ფიზიკურად შეუძლებელი გახლდათ.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: 1969 წლისთვის ამ ნიმუშების სრულად გაყალბება უფრო ძვირი დაჯდებოდა, ვიდრე რეალურად მთვარეზე წასვლა.
კომუნისტებს არ ეძინათ
მთვარის მისიას ძალიან დიდი სამეცნიერო მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ეროვნული სიამაყე და შესაბამისი კონკურენცია. 1969 წელია, ცივი ომი მიმდინარეობს და ის, თუ ვინ დაასწრებს მთვარეზე დაჯდომას სტრატეგიულად უმნიშვნელოვნესია.
ამიტომ, კომუნისტები მისიას დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ. მეტიც, მათ შესაბამისი ტექნოლოგია და შესაძლებლობა ჰქონდათ გაერჩიათ დადგმული იყო თუ არა მთვარის მისია. კომუნისტების რადიოტელესკოპები გაფაციცებით აკვირდებოდნენ თუ რა ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები. კომუნისტებს როგორც მინიმუმ იმის გაგება შეეძლოთ, თუ საიდან მოდიოდა შესაბამისი სიგნალები — თუ ის მთვრიდან არ წამოვიდოდა ეს მარტივი შესამჩნევი იქნებოდა.
და აი წარმოიდგინეთ, კომუნისტები ხვდებიან, რომ ამერიკელები მთვარეზე არ მიდიან და მიუხედავად ამისა, ჩუმად არიან?!
იქნებ იმისაც გვჯერა, რომ კომუნისტებს აწყობდათ ამერიკას მთვარის მისია მიეტაცებინა და ეს ისე, რომ იქ არც კი გაფრენილიყო?!
არა, კომუნისტებს არ ეძინათ და ისინი ყველაფერს აკვირდებოდნენ. კოსმოსურ რბოლაში მონაწილე საბჭოთა კავშირს ვერაფერს გამოაპარებდნენ!
რომ გამოგვააშკარაონ?!
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მთვარის მისია. ის როგორც სამეცნიერო, ისე იდეოლოგიურ ფაქტორს ატარებდა. შესაბამისად, კი, ცდუნება შეიძლება ყოფილიყო იმის, რომ ვიღაცას მთვარის მისია "გაეყალბებინა", მაგრამ ერთი წამით მაინც თუ დაფიქრებულხართ, რა შეიძლება ამ გაყალბების გამოაშკარავებას მოჰყოლოდა?!
დიახ, იყო მარცხის შიშიც. შეიძლება მისია წარმატებით არ დასრულებულიყო. მეტიც, შესაძლოა, თავად ასტრონომები მისიის შესრულებისას დაღუპულიყვნენ. . .
თუმცა, ეს შეცდომად ჩაითვლებოდა, შეცდომად, რომელიც კოსმოსურ მისიებს აუცილებლად შეაფერხებდა, ქვეყნის იმიჯზეც საშინლად იმოქმედებდა, მაგრამ მეორეა, როდესაც შეთქმულება აშკარავდება — შეთქმულება, რომლის მიხედვითაც მთავრობა მთელს მსოლფლიოს ატყუებს. ამ რისკის აღებას საკუთარ თავზე ვერავინ გაბედავდა.
შესაბამისად, მისიის წარუმატებლობის გარისკვა უფრო ლოგიკური იქნებოდა, ვიდრე მსგავს ტყუილზე გამოჭერის.
უბრალოდ გაფრინდი
როგორც ფიზიკოსი ნილ დეგრას ტაისონი იტყოდა, რაკეტა ნამდვილად გაეშვა, ეს ყველამ დაინახა. ამის უკან კი უამრავი დოკუმენტია, რისი გაცნობაც თითქმის ყველას შეუძლია და დიახ, ეს დოკუმენტები სწორედ მთვარის მისიებს ასახავს. თუ ადამიანს მთვარეზე ფეხი არ დაუდგამს, მთელი ეს დოკუმენტებიც გაყალბებული უნდა იყოს. და იცით რამდენია ეს? ფაქტობრივად, ვერ დაითვლით. . .
ერთი სიტყვით, თავად მთვარის მისია ბევრად უფრო იაფი დაჯდებოდა და ბევრად უფრო ნაკლებ რესურს მოითხოვდა, ვიდრე მისი გაყალბება.
სტატიაც შეგვიძლია ნილ დეგრას ტაისონის სიტყვებით დავასრულოთ — "მთვარეზე გაფრენის გაყალბება ბევრად უფრო ძვირი დაჯდებოდა, ვიდრე რეალური მისია. ამიტომ, გეკითხებით, რატომ უნდა გაეყალბებინათ ეს ყველაფერი, როცა შეეძლოთ უბრალოდ გაფრენილიყვნენ!"
ამიტომ კი, ის მაინც გაფრინდა!
კომენტარები