ნახეთ: მეცნიერებმა ეგვიპტეში ნაპოვნი უძველესი ჰომო საპიენსის სახე აღადგინეს
მეცნიერებმა 30 000 წლის წინ ამჟამინდელი ეგვიპტის ტერიტორიაზე მცხოვრები კაცის სახე აღადგინეს.
1980 წელს სპეციალისტებმა ნილოსის ხეობაში, Nazlet Khater 2-ის სახელით ცნობილ არქეოლოგიურ ზონაში, ჩონჩხს მიაკვლიეს. ის 17-დან 29 წლამდე ასაკის, აფრიკული წარმოშობის კაცს ეკუთვნის, რომელიც დაახლოებით 160 სანტიმეტრი სიმაღლის იყო. ესაა ჰომო საპიენსის უძველესი ნაშთები, რომელიც ეგვიპტეში აღმოუჩენიათ. ნიმუში, რომლის გვერდითაც ქვის ნაჯახსაც მიაგნეს, ხნიერებით მთელ მსოფლიოშიც ერთ-ერთი გამორჩეულია.
ახლა, 40 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ბრაზილიელმა მეცნიერებმა მისი სახე აღადგინეს, რისთვისაც მრავალი ციფრული გამოსახულება გამოიყენეს, რომელიც კაიროს ეგვიპტურ მუზეუმში არსებული ჩონჩხის დათვალიერებისას შეაგროვეს. ავტორები ამბობენ, რომ ძვლების უმეტესობა დღემდე პირვანდელი სახითაა მოღწეული, მაგრამ ზოგიერთი ფრაგმენტი აკლია, როგორიცაა ნეკნები, ხელები და წვივის ძვლების ნაწილი. რაც მთავარია, თავის ქალა კარგადაა შემონახული.
ზემოხსენებული თავის ქალის ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი ყბაა, რომელიც თანამედროვე ადამიანის ამ ძვლისგან განსხვავდება. მართალია, ქალას გარკვეული ნაწილი აკლია, მაგრამ ის მეორე მხრის მიხედვით აღადგინეს. რეკონსტრუქციის პროცესში ცოცხალი ვირტუალური დონორების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოსახულებებიც გამოიყენეს.
"თავის ქალა მთლიანობაში თანამედროვე სტრუქტურისაა, მაგრამ მისი ნაწილი არქაულ ელემენტებსაც შეიცავს, როგორიც ყბაა, რომელიც თანამედროვე ადამიანების ყბებთან შედარებით უფრო ძლიერია. როცა ქალას პირველად დავაკვირდი, ამ სტრუქტურით გავოცდი და, ამავე დროს, დამაინტერესა, როგორი იქნებოდა ის სახის მიახლოებითი აღდგენის შემდეგ", — ამბობს მეცნიერი ელიას სანტოსი.
სპეციალისტებმა ფოტოგრამმეტრიის მეთოდს მიმართეს, რაც სურათების გაერთიანებას გულისხმობს. მათ კაცის 2 ვირტუალური სამგანზომილებიანი მოდელი შექმნეს, რომელთაგანაც პირველი შავ-თეთრია, დახუჭული თვალებით, მეორე კი უფრო მხატვრული მიდგომითაა შექმნილი და მუქი ფერის თმის მქონე ახალგაზრდა კაცს გვიჩვენებს, მოკლე წვერით.
ეს სახის მიახლოებითი აღდგენაა, რაც ნიშნავს, რომ ის 100%-ით ზუსტი არაა, არამედ ჩონჩხის თავისებურებებთან ერთად, სტატისტიკურ ვიზუალურ მონაცემებს ეფუძნება.
"ფაქტი, რომ ეს ინდივიდი 30 000 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა, მას ადამიანთა ევოლუციის შესასწავლად მნიშვნელოვნად აქცევს", — აცხადებს სანტოსი.
ავტორთა ნაშრომს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.
კომენტარები