რას გვიყვებიან ქუჩებში მოხეტიალე მელანქოლიური არსებები ჩვენს თავზე?
დასაწყისშივე გამოგიტყდებით: ამ უცნაურ არსებებს, თუ გინდათ, სულები დაუძახეთ, ქუჩაში არ გადავწყდომივარ. ეს არც მიკვირს, რადგან გარეთ, ჩვეულებრივ, მუსიკის ფონზე, ძალიან სწრაფად მივაბიჯებ და ხალხის ნაკადის გარღვევას წინ დაჟინებით ცქერით ვცდილობ. სხვების მსგავსად, ხშირად არც მე მცალია ნაცნობი ქუჩების უცნობი არსებების საძებნელად დათვალიერება და ამას ზოგჯერ ვნანობ კიდეც.
ამ მელანქოლიურ არსებებს ინსტაგრამზე შემთხვევით შევხდი. ლამაზი ფოტო, შავი ან თეთრი სული და ფრაზა, რომელიც გონებაში ბევრჯერ გამივლია, მაგრამ ხმამაღლა იშვიათად მითქვამს. სწორედ ამ სამ "ინგრედიენტს" იყენებს ქართველი ხელოვანი მარიამ ყანჩაველი "ქუჩის სულების" შესაქმნელად და ათასობით უცნობი ადამიანის გულის სათქმელის გადმოსაცემად.
ფოტო: streetspirits__ / Instagram
ფოტო: streetspirits__ / Instagram
ფოტო: streetspirits__ / Instagram
"პირველი შთაგონების წყარო ერთი წლის წინ მეგობრის მიერ გამოგზავნილი ფოტო გახდა. იმ ფოტოზე ჩემი წარმოდგენებით მობილურშივე ჩავხატე მარტივი ილუსტრაცია. შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ვცადე. ამ მცდელობების მერე კი გადავწყვიტე, პირად გვერდზე განთავსების ნაცვლად, ამ ილუსტრაციებისთვის ინსტაგრამზე ცალკე გვერდი შემექმნა. შერჩეული სახელი ასახავდა იმ სულებს, რომლებსაც ფოტოებში ვხედავდი. თავიდან streetspirits-ის შესახებ მარტო მეგობრებმა იცოდნენ და თავიანთი გადაღებული ფოტოების გამოგზავნა ჩემთან აქტიურად დაიწყეს.
სხვადასხვა ადამიანის მიერ გადაღებული ფოტო, ზედ დახატული პერსონაჟი და ფრაზები — ეს არის ერთობლივი ნამუშევარი, ემოციების გროვა და ისტორია, რომელსაც ჩვენ ვქმნით. ეს ყველაფერი არის ძალიან უბრალო, მარტივი, მაგრამ მრავლისმთქმელი", — მიყვება მარიამი.
ფოტო: streetspirits__ / Instagram
ფოტო: streetspirits__ / Instagram
ფოტო: streetspirits__ / Instagram
მარიამის მიერ შექმნილი არსებები ბინას ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების ფოტოებში იდებენ. სულებს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ სიტუაციაში შეხვდებით: ზოგჯერ სახლებს ან ანძას ეყრდნობიან, ხან მზის ჩასვლას დასდევენ, ხანაც ცას აჰყურებენ და ჩიტებს ეალერსებიან.
"პერსონაჟები არ არიან კონკრეტული ადამიანები, მათ არ აქვთ სახელები და სქესი. ისინი არიან ცხოვრებისეული გამოცდილებები, სხვადასხვა სიტუაციები, გრძნობები და ემოციები, რომლებიც თან გვდევენ ცხოვრებაში.
Street Spirits გახდა პატარა სამყარო, სადაც ვცხოვრობთ ჩვენ — მე და ის ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ცხოვრებისეული გამოცდილებები და განცდები გვაერთიანებს."
ფოტო: streetspirits__ / Instagram
ფოტო: streetspirits__ / Instagram
ფოტო: streetspirits__ / Instagram
სადაც არ უნდა იყვნენ, რასაც არ უნდა აკეთებდნენ და ამბობდნენ ეს უცნაური არსებები, მათ და მათ შემქმნელს მუდამ ერთი მიზანი ამოძრავებთ: საერთო გრძნობებით, გამოცდილებებითა და ემოციებით დააკავშირონ ადამიანები, რათა ყველამ ნაკლებად მარტოდ ვიგრძნოთ თავი.
"ვფიქრობ, ადამიანებს ბევრი რამ გვაერთიანებს. ბევრჯერ აღმოვჩენილვართ ერთსა და იმავე სიტუაციებში. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, კიდევ უფრო ღრმად ჩავიდე ამ ყველაფერში. ჩემი სამყაროს გაცნობა მეხმარება გავიგო სხვა ადამიანების გრძნობებიც. როდესაც სხვების გრძნობებს შენსას უკავშირებ, უფრო მშვიდად გრძნობ თავს და, ალბათ, ცოტა მოტივაციასაც გაძლევს ეს ყველაფერი.
ფოტო: streetspirits__ / Instagram
ფოტო: streetspirits__ / Instagram
ფოტო: streetspirits__ / Instagram
შემდეგ ჯერზე, როცა გარეთ გახვალთ, ნაბიჯს შეუნელეთ და ირგვლივ მიმოიხედეთ. თუ კარგად დააკვირდებით, შეიძლება თქვენც დაინახოთ მელანქოლიური სული, რომელიც ერთდროულად ყველაფერს და არაფერს უყურებს და ჩვენს თავზე იმას გვიყვება, რის სათქმელადაც თავად ხშირად სიტყვები, დრო ან გამბედაობა არ გვყოფნის.
კომენტარები