ნახეთ: როგორ დავინახავდით სამყაროს, ჩვენი თვალები გამა-გამოსხივებას რომ აღიქვამდეს
ჩვენი თვალები ხილულ სინათლეს აღიქვამს, მაგრამ სამყაროში არის ისეთი რადიაციული ტალღებიც, რომლებიც ადამიანისთვის უხილავია. ასეთია მაღალენერგიული გამა-გამოსხივება, რომელზე დაკვირვებაც NASA-ს ფერმის გამა-გამოსხივების კოსმოსური ტელესკოპის დეტექტორის LAT მეშვეობითაა შესაძლებელი.
ახალი ანიმაცია 2022 თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში ცაზე გამა-გამოსხივების აქტიურობას გვიჩვენებს. პულსირებადი წრეები მსგავსი რადიაციის 1 500-ზე მეტ წყაროს შეესაბამება, რომელთა სინათლეც დროთა განმავლობაში იცვლება. LAT-ის სახელით ცნობილი ხელსაწყოთი მათ იდენტიფიცირებას 15 წელზე მეტი დასჭირდა. მეცნიერთა საერთაშორისო გუნდის დახმარებით ეს მონაცემები უკვე საჯაროა და მუდმივად ახლდება.
მონაცემთა ბაზაში არსებული ასტრონომიული წყაროების 90%-ზე მეტი ბლაზარია, ანუ გალაქტიკათა ცენტრალური რეგიონი, საიდანაც აქტიური ზემასიური შავი ხვრელი მძლავრ ნაკადებს დედამიწის მიმართულებით ათავისუფლებს. ხმელეთზე განლაგებული ობსერვატორიები ზოგჯერ ამგვარ ნაწილაკებს აფიქსირებს. მაგალითად, 2018 წელს ფერმის ტელესკოპის დეტექტორისა და IceCube-ის ობსერვატორიის საერთო ძალებით ბლაზარიდან მომავალი გამა-გამოსხივება და მაღალენერგიური ნაწილაკი ნეიტრინო პირველად დაფიქსირდა.
ანიმაციაში ყოველი კადრი სამდღიანი დაკვირვებების შედეგადაა მიღებული. თითოეული ობიექტის შესაბამისი წრე დიდდება, როცა სინათლე იმატებს და პატარავდება, როცა იკლებს. ზოგიერთი მათგანი მთელი წლის განმავლობაში ცვალებადია. მოწითალო-მონარინჯისფრო სარტყელი, რომელიც გამოსახულების შუაშია, ირმის ნახტომის გალაქტიკის სიბრტყეა და მისთვის უცვლელი გამა-გამოსხივებაა დამახასიათებელი. ღია ფერები იქ სიკაშკაშესთან ასოცირდება. რაც შეეხება ყვითელ მოძრავ წერტილს, ეს ჩვენი მზეა.
მთლიანი კატალოგის გადამუშავებას სპეციალისტებმა დაახლოებით 3 თვე მოანდომეს. თავად LAT ცას ყოველ 3 საათში აკვირდება და აფიქსირებს გამა-გამოსხივებებს, რომელთა ენერგიაც 20 მილიონიდან 300 მილიარდზე მეტ ელექტრონვოლტს შეადგენს. შედარებისთვის, ხილული სინათლის ეს მაჩვენებელი დიდწილად მხოლოდ 2-3 ელექტრონვოლტია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Supplement Series გამოქვეყნდა.
კომენტარები