მეცნიერებმა დაბერების საწინააღმდეგო ფერმენტი გამოავლინეს
ვირჯინიის უნივერსიტეტში მომუშავე ეილინ ო'რურკი, კოლეგებთან ერთად, სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ჯანსაღად დაბერების მექანიზმებს ეძებს. ახალი კვლევის ფარგლებში მათ გამოავლინეს ფერმენტი, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს.
დაბერების საწინააღმდეგო გზების იდენტიფიცირებისთვის სპეციალისტებმა მიკროსკოპული ჭიები, სახელად Caenorhabditis elegans, შეისწავლეს, რომლებთანაც გენების 70 პროცენტს ვიზიარებთ. შესაბამისად, ისინი ამგვარი კვლევებისთვის იდეალურია, რასაც ისიც ამტკიცებს, რომ მედიცინის დარგში ნობელის პრემიის 2 ლაურეატის მიღწევები სწორედ მათ უკავშირდება.
მეცნიერებმა ამ არსებებში "ალკოჰოლისა და ალდეჰიდ-დეჰიდროგენაზის შუამავლური, დაბერების საწინააღმდეგო რეაქციის" მექანიზმის გამოვლენა შეძლეს. მოკლედ მას AMAR ეწოდება, რაც სანსკრიტზე "უკვდავებას" ნიშნავს.
"ჩვენ მივყევით გავრცელებულ ჰიპოთეზას, რომლის თანახმადაც, ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო უჯრედთა გამაახალგაზრდავებელი პროცესის, აუტოფაგიის, გააქტიურებაა, შედეგად კი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გახანგრძლივების ამოუცნობ მექანიზმს მივაგენით", — აცხადებს ეილინ ო'რურკი.
ამ მექანიზმის წყალობით, adh-1-ის სახელით ცნობილი გენი აქტიურდება და მეტი ალკოჰოლ დეჰიდროგენაზას (ფერმენტს) გამომუშავებას უწყობს ხელს, რითაც სხეულს ცხიმის ტოქსიკური მეორეული პროდუქტების, გლიცეროლისა და გლიცერალდეჰიდის, მოშორებაში ეხმარება. ისინი ჩვენს ორგანიზმში ასაკის მატების პარალელურად გროვდება, რასაც ჯანმრთელობის პრობლემები მოჰყვება.
ექსპერიმენტის შედეგად, ჭიებმა 50 პროცენტით მეტხანს იცოცხლეს და ბევრად ჯანმრთელები იყვნენ, ვიდრე სხვები. იგივე შედეგი მიიღეს საფუარი სოკოს შემთხვევაშიც, რომელშიც ადამიანის მსგავსი გენეტიკური მახასიათებლები გხვდება.
ავტორები იმედოვნებენ, რომ ახალი მიგნებით სათანადო თერაპიების შემუშავებას შეძლებენ, რომელთა მეშვეობითაც დაბერების პროცესსა და მასთან დაკავშირებულ გართულებებს შეებრძოლებიან. მათი ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები