შესაძლოა, ძველად ვენერაზე ოკეანეები არსებულიყო
ვენერა ღამის ცაზე ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტია, რომელიც მზის სისტემის უცხელესი პლანეტაა. იქ ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმებისთვის გაუსაძლისი გარემო-პირობებია, მითუმეტეს ადამიანებისთვის, მაგრამ ეს ციური სხეული ყოველთვის ასეთი არ ყოფილა.
სინამდვილეში, ვენერა დედამიწას ზომით, მასით, შემადგენლობითა და სიმკვრივით საკმაოდ ჰგავს, ამიტომ მას ჩვენი პლანეტის ტყუპისცალადაც კი მოიხსენიებენ. მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, იყო თუ არა ის ოდესღაც სიცოცხლესთან თავსებადი?
ახალი კვლევის თანახმად, თუ ამ "ცისკრის ვარსკვლავზე" სათანადო პირობები და თხევადი წყალი მართლაც არსებობდა, ეს 3 მილიარდზე მეტი წლის წინ უნდა ყოფილიყო და ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებულიყო. მეცნიერებმა ამის დასადგენად ვენერას ატმოსფეროს ისტორიის მოდელირების გზას მიმართეს და მის მიერ ჟანგბადის დაკარგვის ტემპი თუ მისი ხელშემწყობი მექანიზმები შეისწავლეს.
ახლა ის ძალზე მშრალი და უჟანგბადოა. მის სქელ, მაღალი წნევის მქონე, ქარიან და გოგირდმჟავას წვიმიან ატმოსფეროში 96% ნახშირორჟანგს უკავია, 3% კი აზოტს. დაფიქსირებულია ისეთი აირების კვალიც, როგორიც გოგირდის დიოქსიდია. ვენერას აირად გარსს სიცხე თავს ვერ აღწევს, ამიტომ იქ საშუალო ტემპერატურა წარმოუდგენლად მაღალია, 464°C.
ჩვენი მეზობელი პლანეტის გაცხელების პარალელურად, მის ზედაპირზე პოტენციურად არსებული ოკეანეები და ტბები აორთქლდებოდა და ატმოსფეროში ფოტოდისოციაციის პროცესის შედეგად წყალბადად და ჟანგბადად დაიშლებოდა (ასეთ ქიმიურ რეაქციას მზის სხივები უწყობს ხელს). მათგან პირველი ელემენტი კოსმოსში გაიჟონებოდა, ხოლო მეორე დარჩებოდა. მაშ, სად გაქრა ის?
სპეციალისტთა მიერ შექმნილი მოდელის მიხედვით, შესაძლოა, ჟანგბადი ვულკანების მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის შემადგენელ ნახშირბადთან შეკავშირებულიყო, რაც ნაკლებად სავარაუდოა. უფრო დამაჯერებელი ახსნა ორგვარია: ის ან, წყალბადის მსგავსად, კოსმოსში გაიჟონა, ან ვენერას ზედაპირზე ჟანგბადთან რეაქციულ მაგმაში მოექცა, როგორიც ბაზალტია.
სიმულაციებმა აჩვენა, რომ ზემოხსენებულ პლანეტაზე ძველად ოკეანეების არსებობა გამორიცხული არაა, მაგრამ ამის შანსი მაინც მცირეა. ისინი ყველაზე გვიან 3 მილიარდი წლის წინ დაშრებოდა, მანამდე კი 300 მეტრზე ღრმა არ იქნებოდა.
ავტორები იმედოვნებენ, რომ სამომავლო მისიები ვენერას ზედაპირის შემადგენლობის უკეთ შესწავლასა და მისი პოტენციურად წყლიანი წარსულის გამოკვლევაში დაგვეხმარება, ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები