ნახეთ: იაპონელმა ასტრონომმა მთვარესთან მეტეორიტის შეჯახება დააფიქსირა
იაპონელმა ასტრონომმა, ქალაქ ჰირაცუკას მუზეუმის კურატორმა დაიჩი ფუჯიიმ მთვარის ზედაპირზე მეტეორიტის შეჯახების კადრები გადაიღო, რომლებზეც ამ ასტრონომიული სხეულის ჩამოვარდნით გამოწვეული მცირე ნათება ჩანს.
ეს მიმდინარე წლის 24 თებერვალს, თბილისის დროით 15:14 საათზე მოხდა. სპეციალისტის განცხადებით, მეტეორიტი დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე მდებარე იდელერის კრატერის მახლობლად, პიტისკუსის კრატერის ჩრდილ-დასავლეთით დაეცა.
მსგავსი ობიექტები საშუალოდ 48 000 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება, ანუ წამში დაახლოებით 13 კილომეტრს ფარავს. ასეთი სისწრაფე ნიშნავს, რომ მათთან შეჯახების შედეგად მაღალი ტემპერატურა წარმოიქმნება და ციური სხეულის ზედაპირზე ჩაღრმავებებიც ჩნდება. ასევე, შესამჩნევია ხილული სინათლე, რომელიც ამგვარ მოვლენას მოჰყვება.
დედამიწიდან მთვარეზე მეტეორიტის ჩამოვარდნის დანახვა შესაძლებელია (თუმცა არა მის შორეულ მხარეს), თუკი ის საკმარისად დიდი ზომის იქნება. სწორედ ეს მოხდა უკანასკნელ შემთხვევაში. ფუჯიის განცხადებით, ახალი კრატერი 11 მეტრი დიამეტრის უნდა იყოს, ანუ მას NASA-ს მთვარის ორბიტერი Reconnaissance და ინდოეთის მიერ იქ გაგზავნილი ზონდი Chandrayaan 2 თავისუფლად დააფიქსირებს.
მეტეორიტები დედამიწაზეც ყოველდღიურად ცვივა, თუმცა მათი უმეტესობა ჩვენი პლანეტის ატმოსფეროშივე იწვება. მთვარეს ასეთი სქელი აირადი გარსი არ გააჩნია, ამიტომ იქ მსგავსი ობიექტები ზედაპირამდე უპრობლემოდ აღწევს და კრატერების ფორმირებას უწყობს ხელს.
ამით კარგად აიხსნება მისი უსწორმასწორო ლანდშაფტი, რომელიც მრავალი ამგვარი მოვლენის ვიზუალური დასტურია. თავად შეჯახების პროცესის დაფიქსირებას კი მეცნიერული ღირებულება აქვს, რადგან უახლოეს მომავალში მთვარეზე ასტრონავტების გაშვება იგეგმება.
კომენტარები