ჰომო საპიენსები ნეანდერტალელებსა და დენისოველებს შესაძლოა, ირანის ტერიტორიაზე შეხვედროდნენ
ჩვენში არსებული უძველესი გენები მიანიშნებს, რომ ჰომო საპიენსები ადამიანის სხვა სახეობებთან ჯვარდებოდნენ, კერძოდ, ნეანდერტალელებთან და დენისოველებთან. ის, თუ როდის და სად გადაიკვეთნენ ისინი, ძნელი სათქმელია. ამის გასარკვევად, მეცნიერებმა მათ მიერ პოტენციურად განვლილი გზა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ეს შესაძლოა, თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე მომხდარიყო.
ნეანდერტალელთა მიერ შექმნილი ქვის იარაღები ორ განსხვავებულ კულტურაში ერთიანდება — მუსტიესა და მიკოკსის. მათ შორის გეოგრაფიული მიკუთვნებულობის მხრივ სხვაობა მიანიშნებს, რომ აღნიშნული სახეობა, სავარაუდოდ, ორ ჯგუფად გაიყო, რომელთაგანაც თითოეული აღმოსავლეთისკენ წავიდა, მაგრამ სხვადასხვა გზით.
ზემოხსენებული კულტურების არქეოლოგიური მნიშვნელობის ზონებზე დაყრდნობითა და ტოპოგრაფიისა თუ კლიმატის მონაცემების გათვალისწინებით, სპეციალისტებმა შექმნეს კომპიუტერული მოდელი, რათა ევროპიდან აზიაში ნეანდერტალელების გავრცელების ორი გზა გამოევლინათ. აქედან პირველი მათ ციმბირში წაიყვანდა, სადაც სიცივე გადარჩენას გააძნელებდა, მეორე კი უფრო კარგი პირობების მქონე სამხრეთ კასპიის დერეფანზე გადის, რომელიც კასპიის ზღვასა და ელბურსის მთიანეთს შორისაა მოქცეული.
ეს ვიწრო ხაზი ჩრდილოეთ ირანში თბილი კლიმატის მქონე ადგილი იყო, სადაც 57 000-71 000 წლების წინ, გამყინვარების პერიოდებში, მრავალი ცხოველი და მცენარე აფარებდა თავს. რეგიონი, რომელიც ერთგვარი ბიოგეოგრაფიული ხიდის ფუნქციას ასრულებდა და აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფლორას/ფაუნას კავშირის შესაძლებლობას აძლევდა.
ამის გათვალისწინებით, ის ნეანდერტალელებისთვისა და სხვა სახეობებისთვისაც კარგი თავშესაფარი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ისინი სწორედ იქ შეხვედროდნენ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ამ ჰიპოთეზის დასადასტურებლად ჩონჩხების აღმოჩენაა აუცილებელი, რომლისთვისაც ჯერ არ მიუგნიათ. მიკვლეულია მხოლოდ ქვის იარაღები და სხვა ამგვარი არტეფაქტები.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში PLOS ONE გამოქვეყნდა.
კომენტარები