ჰაბლმა გადაიღო, როგორ შეცვალა ასტეროიდი მასთან ხომალდის განზრახ შეჯახებამ
გასული წლის სექტემბერში NASA-მ მისია DART-ის ფარგლებში ასტეროიდ დიმორფოსს კოსმოსური ხომალდი განზრახ შეაჯახა, რათა მისი ტრაექტორია შეეცვალა. ეს პლანეტური თავდაცვის ტექნოლოგიის გამოცდა იყო, რამაც წარმატებით ჩაიარა, რადგან ობიექტის ორბიტა შემჭიდროვდა.
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი შეჯახების შემდგომ ცვლილებებს აკვირდებოდა. მის მიერ გადაღებული ეს კადრები ახლახან გავრცელდა. სურათებზე ვხედავთ, როგორ გადაადგილდება მტვერი და ფრაგმენტები დიმორფოსისა და მისი დიდი კომპანიონის, დიდიმოსის მიღმა სივრცეში, თანაც, მაღალი სიჩქარით.
მეცნიერების გამოთვლებით, დედამიწიდან გაგზავნილ აპარატთან შეჯახებამ ასტეროიდიდან 1 000 ტონამდე მატერიის გაფრქვევა გამოიწვია.
"ჩვენ აქამდე რეალურ დროში არასდროს გვინახავს, როგორ ეჯახება ასტეროიდს ობიექტი ბინარულ სისტემაში და ეს ნამდვილად გასაოცარი და ფანტასტიკურია. იქ ძალიან ბევრი რამ ხდება და ამის გასაგებად გარკვეული დროა საჭირო", — აცხადებენ სპეციალისტები.
ავტორებმა ახალი კადრების შესახებ ნაშრომი გამოცემაში Nature გამოაქვეყნეს, სადაც ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ 4 კვლევა გავრცელდა.
ჰაბლის მონაცემები დიმორფოსის ნარჩენების ევოლუციის სულ მცირე სამ ეტაპს ავლენს. პირველი მათი გამოყოფაა, მეორე ორბიტაზე გაფანტვა, ბოლო კი ასტეროიდის მიღმა წარმოქმნილი ერთგვარი კუდი, რომლის ფორმირებაც მზის ქარით, ანუ დამუხტული ნაწილაკების ნაკადით პროვოცირებულმა წნევამ განაპირობა.
ახალი ვიდეოს დასაწყისში შეჯახებიდან 1.3 საათში არსებული სიტუაციაა ნაჩვენები. მასში ბინარული სისტემა ისე შორიდანაა აღბეჭდილი, რომ თითოეულ ასტეროიდზე ინდივიდუალურად დაკვირვება შეუძლებელია. მოვლენიდან 2 საათში მტვერი 6.4 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება, ანუ საკმარისად სწრაფად, რომ ობიექტთა მიზიდულობის ძალას არ დაემორჩილოს. 17 საათში უკვე კუდის ფორმა იკვეთება.
"ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი სტრუქტურები მბრუნავი, ქარის ბზრიალას მსგავსი წარმონაქმნებია, რომლებიც კომპანიონი ასტეროიდის, დიდიმოსის გრავიტაციას უკავშირდება", — ამბობენ მეცნიერები.
მათი თქმით, ეს პროცესი ჯერ კიდევ კარგად გაანალიზებას საჭიროებს. საბედნიეროდ, დიმორფოსთან ხომალდის შეჯახება სხვა ხელსაწყოებმაც გადაიღო, ამიტომ მონაცემების რაოდენობა გაიზრდება და მეტის გაგების საშუალებას მოგვცემს.
კომენტარები