ახალი კოსმოსური ობსერვატორია "ფარულ" ასტეროიდებს დააფიქსირებს
ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ახალი კოსმოსური ობსერვატორიის გაშვებას გეგმავს, რომელიც მზის სიკაშკაშეში "დამალულ" ასტეროიდებს დააფიქსირებს, მათ შორის პოტენციურად საფრთხის შემცველ ობიექტებს.
ტელესკოპი NEOMIR-ის სახელითაა ცნობილი და ის საშუალო ზომის ასტრონომიულ სხეულებზე კონცენტრირდება, რომლებიც დედამიწას ჩვენი სისტემის ცენტრალური ვარსკვლავის მიმდებარე რეგიონიდან მოუახლოვდება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ შეჯახების საშიშროების თავიდან ასაცილებლად მოქმედება მოვასწროთ.
NEOMIR-ს ლაგრანჟის წერტილ 1-ში გაგზავნიან, რომელიც ჩვენს პლანეტასა და მზეს შორის უახლოესი წერტილია, სადაც მათი გრავიტაციული ძალები ბალანსდება და სტაბილურ ორბიტაზე მოძრაობის საშუალებას იძლევა. ის ჩვენგან დაახლოებით 1.5 მილიონი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
დანიშნულების ადგილამდე მიღწევის შემდეგ ობსერვატორია ინფრაწითელი ხელსაწყოების მეშვეობით ასტეროიდების მიერ მზესთან ჩავლისას გამოყოფილ სითბოს დააკვირდება. ამგვარი სენსორების წყალობით ის ისეთი ობიექტების იდენტიფიცირებას შეძლებს, რომლებიც სხვაგვარად ჩვენთვის უხილავია, რადგან ვარსკვლავის სინათლე ფარავს.
მეცნიერთა ვარაუდით, NEOMIR ნებისმიერი საეჭვო ასტეროიდის შესახებ დაახლოებით 3 კვირით ადრე გაგვაფრთხილებს. ის კონცენტრირებული იქნება ათეულობით მეტრი დიამეტრის მქონე კოსმოსურ სხეულებზე, ანუ ისეთებზე, რომლებსაც დედამიწის ეკოსისტემის განადგურება არ შეუძლია, თუმცა მნიშვნელოვან ზიანს მოგვიტანს. 3 კვირა შესაძლოა, ზედმეტად ხანმოკლედ მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს საკმარისი დროა, რათა დავადგინოთ, რომელი ქალაქები იქნება რისკის ქვეშ.
2013 წელს ქალაქ ჩელიაბინსკის თავზე აფეთქებული მეტეორი იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ ობიექტებს დააკვირდება NEOMIR. ის სწორედ მზის სიკაშკაშეში "იმალებოდა", ამიტომ დაუფიქსირებელი დარჩა. მისი დიამეტრი თითქმის 20 მეტრი იყო, ამ მოვლენამ კი 1 500-მდე ადამიანის დასახიჩრება გამოიწვია, უმეტესწილად ჩამსხვრეული ფანჯრების გამო.
NEOMIR ამჟამად მისიის ადრეულ კვლევით ფაზაშია და მისი გაშვება 2030 წლისთვის იგეგმება.
კომენტარები