ფეხსახსრიანების წონა ადამიანებისა და პირუტყვის საერთო წონას უთანაბრდება — კვლევა
ობობები, ხოჭოები, ჭიანჭველები და სხვა მსგავსი არსებები ჩვენთან შედარებით ძალიან მცირე ზომის არიან, მაგრამ, ალბათ, გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რამდენად დიდი წილი აქვთ დედამიწის ბიოსფეროში. მეცნიერებმა მათი სავარაუდო ბიომასა გამოითვალეს და დაადგინეს, რომ ხმელეთზე მობინადრე ფეხსახსრიანების წონა ადამიანებისა და პირუტყვის საერთო მაჩვენებელს უტოლდება.
"ფეხსახსრიანებს ახასიათებენ, როგორც 'პატარა არსებებს, რომლებიც მსოფლიოს ამოძრავებენ', რაც სხვადასხვა ეკოლოგიურ პროცესში მათი ცენტრალური როლის დამსახურებაა. ჩვენ ისინი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუკი პლანეტაზე ადამიანთა გავლენისა და კლიმატის ცვლილების შედეგების გაგება გვსურს", — აცხადებენ ავტორები.
მკვლევრებმა სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული მონაცემები გამოიყენეს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უდაბნოების, ფერმების, ტყეებისა და სხვა მნიშვნელოვანი ეკოსისტემების შესახებ აერთიანებდა ინფორმაციას. მათ მიწაში და მის ზემოთ მობინადრე ფეხსახსრიანების კატეგორიზება გადაწყვიტეს, რადგან თითოეული ჯგუფის შემთხვევაში სხვადასხვა შესასწავლი ტექნიკა იყო გამოყენებული.
შედეგად, დაასკვნეს, რომ ფეხსახსრიანთა ბიომასა 1 მილიარდი ტონაა, საიდანაც უდიდესი ნაწილი ტერმიტებზე მოდის და 40 პროცენტს შეადგენს. ეს ჭიანჭველების 10 პროცენტზე ბევრად მეტია. ავტორები ამბობენ, რომ მიწის ყოველ კვადრატულ მეტრ ფართობზე საშუალოდ ათობით ათასი ფეხსახსრიანია, რომელთა უმეტესობაც პაწაწინა ტკიპები და ბოლოფეხიანები არიან. რაც შეეხება ადამიანთა ბიომასას, ის დაახლოებით 400 მილიონი ტონაა, პირუტყვისა კი — 600 მილიონი.
მხოლოდ მიწაში და მიწის ზემოთ ფეხსახსრიანების რიცხვი დაახლოებით 10 კვინტილიონს აღწევს. ისინი ნიადაგში საკვები ნივთიერებების გადამუშავებას უწყობენ ხელს და ნახშირბადის გლობალური მიმოცვლის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მფრინავი მწერების გათვალისწინებით, რომელთა მონაცემებიც შედარებით შეზღუდულია, ფეხსახსრიანების ბიომასა ყველა ველური ცხოველისას აღემატება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს უფრო მცირე ზომის მიკრობები და წყლის ბინადრებიც.
ცხოველთა ბიომასის დადგენა გვეხმარება, რომ ფართო ეკოლოგიურ სისტემებზე ცოდნა გავიღრმაოთ და ამ არსებების რაოდენობის შემცირების შედეგები უკეთ გავიაზროთ. მაგალითად, იმის გაგება, თუ როგორ არიან ტერმიტები გადანაწილებულნი, საშუალებას გვაძლევს, გლობალურ დათბობაში მათი წვლილი გავაანალიზოთ.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ფეხსახსრიანები კვებითი ჯაჭვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენენ, რომელზეც უამრავი სახეობაა დამოკიდებული, იქნება ეს ჩიტები, ქვეწარმავლები თუ სხვა. ისინი ხელს უწყობენ ექსკრემენტების, მკვდარი ცხოველებისა და მცენარეების გადამუშავებას/დაშლას, ნიადაგის განოყიერებას და ა.შ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები