ეგვიპტური მუმიფიცირების საიდუმლო გამჟღავნდა — კვლევა
მეცნიერთა გუნდმა, ახალი აღმოჩენის წყალობით, ძველ ეგვიპტეში ცხედრების მუმიფიცირებისას სხეულის სხვადასხვა ნაწილის ბალზამირებისთვის გამოყენებადი ინგრედიენტები გამოავლინა. ზოგიერთი მათგანი მსოფლიოს შორეული რეგიონებიდან იყო ჩამოტანილი, რაც მიანიშნებს, რომ ეს ტრადიცია ქვეყანას გლობალურ სავაჭრო ქსელთან აკავშირებდა.
ბალზამირებისთვის განკუთვნილი ნაგებობა 26-ე დინასტიის მმართველობის პერიოდში ფარაონ უნასის პირამიდის მახლობლად მდებარეობდა და ჩვენს წელთაღრიცხვამდე 664-დან 525 წლამდე არსებობდა. იქ წარმოებული გათხრებისას არქეოლოგებმა სხვადასხვა ზომისა და ფორმის 121 თასს მიაგნეს, რომლებზეც ინსტრუქციებია დატანილი.
ჭურჭელზე ამოტვიფრულ ინფორმაციას შორისაა მითითებები, თუ სხეულის რა ნაწილისთვისაა განკუთვნილი ესა თუ ის ნივთიერება, ზოგს კი თავად ამ ნივთიერების სახელი აწერია. მეცნიერებმა 31 თასში შემორჩენილი ნალექის ქიმიური შემადგენლობა აირის ქრომატოგრაფიული მას-სპექტრომეტრიის მეთოდით დაადგინეს და ბალზამირების პროცესის ეტაპებს ახადეს ფარდა.
"გაშიფრული ეგვიპტური წარწერებიდან ბალზამირებისთვის საჭირო ინგრედიენტებიდან ბევრის სახელი აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ამ დრომდე მხოლოდ ვარაუდი თუ შეგვეძლო, რა ნივთიერება იგულისხმებოდა მათ მიღმა", — აცხადებენ მეცნიერები.
მაგალითად, Antiu-ს სახელით ცნობილ ნივთიერებას მურთან (ხის ფისი) ან საკმეველთან აიგივებდნენ, მაგრამ ანალიზმა ნათელყო, რომ ეს სინამდვილეში კედრის ზეთის, ცხოველური ცხიმისა და ღვიის/კვიპაროსის ზეთის ნარევია. ასევე, მეორე ინგრედიენტი Sefet-ი ცხიმზე დაფუძნებულ სურნელოვან საცხსა და მცენარეულ დანამატს გულისხმობს.
თავის ბალზამირებისთვის ინსტრუქციები სულ 8 თასზეა დატანილი. ისინი ცხოველურ ცხიმებს, Pistacia lentiscus-ის სახეობის ხის ფისის, ცვილსა და აბუსალათინის ზეთს შეიცავდა. 6 ჭურჭლის შიგთავსი სუნის შესამცირებლად, ცხედრების გასასუფთავებლად და კანის დასარბილებლად გამოიყენებოდა, ასევე, ორგანოების მოსავლელად.
ინგრედიენტების ნაწილს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები ჰქონდა, სხვები სუნს აქრობდა, კანის ქსოვილს ინახავდა, ტენიანობას ამცირებდა და ა.შ. ისინი ისეთი რეგიონებიდან ჩამოჰქონდათ, როგორიცაა ტროპიკული აფრიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ხმელთაშუაზღვისპირეთი.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები