ევროპას წყლის კრიზისი ემუქრება — კონტინენტზე მიწისქვეშა რეზერვუარები შრება
მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ევროპის ტერიტორიაზე წყლის მიწისქვეშა ბუნებრივი რეზერვუარები შრება, რაც იქ ამ სასიცოცხლო რესურსის კრიზისს მოასწავებს.
ავტორების თქმით, 2018-19 წლებში კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში წყლის ნაკლებობა უკვე შეიმჩნეოდა, მას შემდეგ კი მიწისქვეშ არსებული სითხის მარაგი არ აღდგენილა. ამის მიზეზი ძლიერი გვალვებია, რომლებიც გარემოსთვის, მეურნეობისთვისა და ენერგოსექტორისთვის საზიანოა.
უნალექობისა და სიცხის უარყოფითი შედეგები ევროპამ 2022 წელს უკვე იხილა. წყლის მრავალმა ბინადარმა ბუნებრივი საცხოვრებელი დაკარგა, ნიადაგის სიმშრალემ სამეურნეო პრობლემები წარმოშვა, საფრანგეთში წყლის ნაკლებობამ ატომური ელექტროსადგურების მიერ ენერგიის გამომუშავების პროცესი შეაფერხა, იგივე მოხდა ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაშიც.
კვლევისთვის საჭირო მონაცემები მეცნიერებმა ხელოვნური თანამგზავრების მეშვეობით მოიპოვეს. აპარატები, რომელთა სახელებიც ტომი და ჯერია, დედამიწის მთლიანი მასის დასადგენად გამოიყენება, რომელსაც სპეციალისტებმა მდინარეების, ნიადაგის ტენის, თოვლისა და ყინულის მასა გამოაკლეს, რათა მიწისქვეშა რეზერვუარებზე მიეღოთ ინფორმაცია.
როდესაც თითოეული სატელიტი რაიმე მასიურის (მაგალითად, მთის) თავზე გადაადგილდება, მისი მოძრაობა ჩქარდება. სწორედ ამაზე დაყრდნობით გამოითვალეს მკვლევრებმა მასათა ცვლილება და დედამიწის გრავიტაციული ველი მიკრომეტრის სიზუსტით შეისწავლეს. მსგავსი გლობალური მონაცემების შეგროვება თვეში ერთხელაა შესაძლებელი, რადგან აპარატებს პლანეტაზე სრულად დასაკვირვებლად ეს დრო სჭირდება.
"რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ აქ, ევროპაში, წყალი პრობლემური გახდებოდა, განსაკუთრებით გერმანიასა და ავსტრიაში", — ამბობს ნაშრომის თანაავტორი, ტორსტენ მაიერ-გური.
მათი კვლევა გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები