სინათლით დაბინძურების გამო ღამის ციდან უამრავი ვარსკვლავი ქრება — კვლევა
სინათლით დაბინძურების შედეგად ღამის ცა უფრო და უფრო ნათდება. აქედან გამომდინარე, რაც მეტი დრო გადის, მით ნაკლები ვარსკვლავია ჩვენთვის შეუიარაღებელი თვალით ხილული. ახალი კვლევის თანახმად, თუ 18 წლის წინ საშუალოდ 250 მნათობის დანახვა იყო შესაძლებელი, ახლა ეს რიცხვი 100-მდე შემცირდა.
ამის მიზეზი, ცხადია, ხელოვნური სინათლეა, რომლის წყაროთა რაოდენობაცა და სიმკვეთრეც მზარდია. ქალაქებში მსგავსი ეფექტის გამო გლობალურად ყოველწლიურად ცის სიკაშკაშე საშუალოდ 9.6%-ით იმატებს, რაც სატელიტების დახმარებით აქამდე გამოთვლილ ტემპს აღემატება. საინტერესოა ისიც, რომ ეს ტენდენცია დედამიწის ამა თუ იმ ნაწილში განსხვავებულია. მაგალითად, ევროპაში ყოველწლიური მაჩვენებელი 6.5%-ია, ჩრდილოეთ ამერიკაში კი — 10.4%.
ახალი კვლევისთვის ავტორებმა მოყვარული მეცნიერების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს, რომელიც 2011-დან 2022 წლამდე შეუიარაღებელი თვალით ღამის ცაზე განხორციელებულ დაკვირვებებს ეფუძნება.
მეცნიერთა თქმით, ღამის ცის სიკაშკაშე აქამდე გლობალურად არ გამოთვლილა, თუმცა სატელიტების მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გარკვეული ვარაუდები არსებობდა. ისინი უკანასკნელი კვლევის შედეგებთან შეუსაბამო აღმოჩნდა იმიტომ, რომ ხელოვნური თანამგზავრები ცისკენ მიმავალი სინათლის სხივებისადმია მგრძნობიარე. სინამდვილეში კი, მის სიკაშკაშეს ყველაზე მეტად ჰორიზონტალურად გავრცელებული ნათება განაპირობებს.
დედამიწის ორბიტაზე მოძრავი აპარატები, ასევე, სათანადოდ ვერ აღიქვამს დიოდურ განათებას, რომელსაც მოლურჯო ელფერი აქვს. ის ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარული გახდა. ასეთი სხივების მიმართ ჩვენი თვალები მგრძნობიარეა, თანაც ისინი ატმოსფეროში უფრო მარტივად იფანტება და სიკაშკაშეს აძლიერებს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები