ახალი ტექნოლოგია WIFI-ის მეშვეობით კედლის მიღმა ადამიანების "დანახვას" ხდის შესაძლებელს
კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ტექნოლოგია, რომლითაც კედლის მიღმა ადამიანთა სხეულის სამგანზომილებიანი გამოსახულებების "დანახვაა" შესაძლებელი, თანაც მოძრაობაში. ამისთვის სპეციალისტები WiFi-ის სიგნალებს იყენებენ. ნაშრომს, რომელშიც უკანასკნელი სიახლეა აღწერილი, ჯერ რეფერირება არ გაუვლია და arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
მათ მიზნის მისაღწევად სისტემას, სახელად DensePose მიმართეს, რომლითაც ფოტოებზე სხეულის ზედაპირის ყოველი პიქსელი ფიქსირდება. ის ლონდონში მცხოვრებმა მეცნიერებმა Facebook-ის ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კოლეგებთან ერთად შექმნეს. ავტორებმა ეს ტექნოლოგია ღრმა ხელოვნურ ნეირონულ ქსელთან გააერთიანეს, რომელიც როუტერებიდან სხეულისკენ გაგზავნილი და მიღებული WiFi-ის სიგნალების ფაზასა და ამპლიტუდას აანალიზებს.
აღსანიშნავია, რომ სპეციალისტები კედლის მიღმა "დანახვის" სხვადასხვა ტექნოლოგიაზე უკვე მრავალი წელია, მუშაობენ. 2013 წელს MIT-ის გუნდმა დაადგინა, რომ ამისთვის ტელეფონის სიგნალების გამოყენებაა შესაძლებელი, 2018-ში კი მათმა კოლეგებმა WiFi-ის მეშვეობით სხვა ოთახში მყოფი ინდივიდების მოძრაობა ხაზობრივი ფიგურებით აჩვენეს.
ახალი ნაშრომის ავტორები ამბობენ, რომ ოთახში მყოფი ადამიანების დაფიქსირების მხრივ WiFi-ის სიგნალებმა შესაძლოა, ჩვეულებრივი RGB კამერები ჩაანაცვლოს, რადგან ისინი ისეთ წინაღობებს ლახავს, როგორიც, მაგალითად, არასაკმარისი განათებაა.
"განვითარებულ ქვეყნებში არსებულ თითქმის ყველა ოჯახში WiFi უკვე არის. ეს ტექნოლოგია შეგვიძლია ხანდაზმულებისთვის თვალყურის სადევნებლად ან სახლში საეჭვო ქმედებების იდენტიფიცირებისთვის გამოვიყენოთ", — აცხადებენ ავტორები.
უცნობია, რას გულისხმობენ ისინი "საეჭვო ქმედებებში", მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა პირადი სივრცის დაცვის საშუალებასაც მოგვცემს. მეცნიერები ამბობენ, რომ მოწყობილობა კომერციულად ქცევის შემთხვევაში ძვირი არ ეღირება.
კომენტარები