გალაქტიკების ცენტრალური შავი ხვრელები იმაზე 10-ჯერ მეტ სინათლეს გამოყოფს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა
კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, გალაქტიკების ცენტრში განლაგებული შავი ხვრელები იმაზე დაახლოებით 10-ჯერ მეტ სინათლეს გამოყოფს ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ.
ამ იდუმალი ობიექტების მიერ გარემომცველი მატერიის განადგურებისას დიდძალი ენერგია ელექტრომაგნიტური რადიაციის სახით თავისუფლდება, რის შედეგადაც გალაქტიკების ბირთვების გამოსხივება იქ არსებული ყველა ვარსკვლავისას აღემატება. სპეციალისტებმა სწორედ მსგავსი წყაროებიდან მომავალი ულტრაიისფერი სინათლე შეისწავლეს და გამოიკვლიეს, რა რაოდენობა შთაინთქმება შავი ხვრელების გარშემო არსებული მტვრის ღრუბლის მიერ.
მათთვის ისედაც ცნობილი იყო, რომ მტვერი აქტიური გალაქტიკური ბირთვების რადიაციას ამცირებს, მაგრამ არ იცოდნენ, რამდენად ძლიერია ეს ეფექტი. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ავტორებმა ჩვენგან 245 მილიონი სინათლის წლის მოშორებით მდებარე გალაქტიკა, სახელად NGC 5548 შეისწავლეს, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ცენტრი აქვს.
როდესაც ჩვენი მხედველობის არეალის გასწვრივ მცირე ზომის ნაწილაკებია, მათ მიღმა არსებული ობიექტები უფრო მკრთალია. ამის მაგალითი ჩამავალი მზეა, რომლის დისკოსაც მოწითალო ელფერი ეძლევა. იგივე ხდება გალაქტიკის ბირთვების შემთხვევაშიც, რომლებიც იმაზე წითელი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია.
ასტრონომები მზის მკრთალ სინათლეს რეალური რადიაციის ტალღურ სიგრძესა და ინტენსივობას მარტივად ადარებენ. ამის მიუხედავად, შორეული გალაქტიკების იმავენაირად შესწავლა ძნელია, რადგან მათთვის მსგავსი მახასიათებლები მეტწილად თეორიულ მოდელებზეა დაფუძნებული.
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 7 სხვადასხვა ინდიკატორი გამოიყენეს, რათა NGC 5548-ის ცენტრში არსებული მტვრის რაოდენობა გამოეთვალათ. დაადგინეს, რომ შვიდივე მათგანი თანხვედრაში იყო, გალაქტიკის ბირთვის სიმკრთალის ეფექტი კი იმაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენი მშობლიური ირმის ნახტომის შემთხვევაში.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები