ფრჩხილის ლაქის UV საშრობის გამოყენება დნმ-ს აზიანებს და მუტაციებს იწვევს — ახალი კვლევა
ამ კვლევამდე არ არსებობდა იმის მოლეკულური გაგება, თუ რას უშვება ფრჩხილის ლაქის გასაშრობი მოწყობილობა ადამიანის უჯრედებს
დიდი ხანია ცნობილია ფაქტი, რომ ხანგრძლივი ურთიერთქმედების შემთხვევაში ულტრაიისფერ სხივებს კანის კიბოს გამოწვევა შეუძლია. მიუხედავად ამისა, თითქმის არავინ იკვლევს მოწყობილობას, რომელთაც სილამაზის სალონებში ფრჩხილის ლაქის გასაშრობად იყენებენ.
კალიფორნიის სან-დიეგოსა და პიტსბურგის უნივერსიტეტებს მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლითაც ეცადნენ გაერკვიათ, რა ზიანს აყენებს ჩვენს ხელებს რადიაციის ეს წყარო.
ფრჩხილის ლაქის LED საშრობი ჩვენი ფრჩხილებისთვის ერთგვარი მინი-სოლარიუმია. ის იყენებს ულტრაიისფერ გამოსხივებას, რათა ფრჩხილის სხვადასხვა სახის ლაქი სწრაფად და სუფთად გააშროს და გაამყაროს.
ნათურა, რომელიც ამ საშრობს აქვს, სოლარიუმის ნათურებთან შედარებით ნაკლებად ინტენსიურია და განსხავებული ულტრაიისფერი სპექტრი აქვს. მიუხედავად ამისა, მცირე რაოდენობით სხივები, რომელთაც ის უშვებს, ჩვენს კანში მარტივად აღწევს და წარმოდგენა არ გვაქვს, რა შედეგებს იწვევს.
ადრინდელი კვლევები პირდაპირ კავშირს ფრჩხილის საშრობ მოწყობილობასა და კანის კიბოს შორის ვერ ხედავდა, თუმცა ახალი კვლევა საკითხს მოლეკულურ დონეზე ეხება და შემაშფოთებელ დასკვნებს გვთავაზობს.
"ამ კვლევამდე, ფაქტობრივად, არ არსებობდა მოლეკულური გაგება იმასთან დაკავშირებით, თუ რას უშვება ეს მოწყობილობა ადამიანის უჯრედებს", — განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, ბიოინჟინერმა ლუდმილ ალექსანდროვმა.
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ საშრობიდან მომავალი ულტრაიისფერი სხივები ადამიანის დნმ-ს ისევე აზიანებს, როგორც თაგვისას.
როცა პეტრის ჯამებით ადამიანისა და თაგვის უჯრედები საშრობში 20 წუთით ორ-ორჯერ ჩადეს, აღმოაჩინეს, რომ უჯრედების 20-დან 30%-მდე მოკვდა.
როცა ექსპერიმენტი 3 დღეში იმავე უჯრედებზე გაიმეორეს, აღმოჩნდა, რომ უჯრედების 70%-მა გაიზიარა იგივე ბედი. მანიკურის ერთი სესიის განმავლობაში ადამიანის ხელები ამ მოწყობილობაში დაახლოებით 10 წუთს მაინც ატარებს. რა თქმა უნდა, ეს 40 წუთზე ბევრად ნაკლები დროა, თუმცა გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას მაინც გვაძლევს.
საბოლოოდ, კვლევას გადარჩენილი უჯრედების უმრავლესობამ დნმ-ის დაზიანებისა და კანის კიბოსთან დაკავშირებული მუტაციების ნიშნები აჩვენა.
რა თქმა უნდა, ეს შედეგები ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სიმსივნის რისკი მაღალია, თუმცა ადასტურებს, რომ ის ნამდვილად არსებობს. თუ რამდენად ხშირად უნდა მიაკითხოთ სილამაზის სალონებს ჯანმრთელობის რეალური საფრთხის წინაშე დასაყენებლად, ზუსტად დადგენილი არ არის.
ალექსანდროვი და მისი კოლეგები ხანგრძლივი ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარებას გეგმავენ იმის შესაფასებლად, თუ რამდენად "ითარგმნება" რეალურ საფრთხეში ამ კვლევის შედეგები.
კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მარია ჟივაგიმ გადაწყვიტა, საერთოდ შეეწყვიტა მანიკურის რეგულარული პროცედურები. მისი თქმით, ის ფრთხილი ადამიანია და ნებისმიერ შემთხვევაში, ბენეფიტებს რისკები აჭარბებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვებმაც მას უნდა მიბაძონ.
"როცა უჯრედების სიკვდილზე ლაქის საშრობის რადიაციის ეფექტი ვნახე, შოკირებული ვიყავი. 20 წუთიანი სესიის შედეგადაც კი ეს უჯრედების მუტაციას იწვევს", — განაცხადა ჟივაგიმ.
მიუხედავად ამისა, LED საშრობით სიმსივნის განვითარების შანსი მაინც ძალიან დაბალია, განსაკუთრებით 65 წელს მიუღწეველ ადამიანებში. თუმცა, საბოლოოდ ამ რისკს მკვლევრები მაინც არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ყველაფერი ინდივიდუალურ შემთხვევაზეა დამოკიდებული. მეცნიერები გვირჩევენ, რომ სანამ პროცედურას ჩავიტარებთ, მზისგან დამცავი კრემი წავისვათ ან გავიკეთოთ ხელთათმანები, რომლებიც ამ პერიოდში ხელის დიდ ნაწილს დაფარავს.
2021 წელს კლივლენდის კლინიკის დერმატოლოგი მელისა პილიანგი კიბოს გაზრდილი რისკის შესახებ აფრთხილებდა ადამიანებს, რომლებიც ფრჩხილის მოვლის სალონებს ხშირად სტუმრობდნენ.
თუ პროცედურას წელიწადში რამდენიმეჯერ იტარებთ, სანერვიულო, სავარაუდოდ, არაფერია. თუმცა, თუ ეს თვეში რამდენიმეჯერ ხდება, ბუნებრივია რისკი უფრო მაღალია.
2009 წელს ორ ჯანმრთელ ქალს, რომლებიც მანიკურის პროცედურას რეგულარულად იტარებდნენ ხელებზე კანის კიბო განუვითარდათ. შემთხვევამ LED საშრობებზე ჩატარებულ შემდგომ კვლევებს ბიძგი მისცა.
2013 წელს მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ლაქის საშრობების მიერ გამოცემული ულტრაიისფერი რადიაცია მზისას 4.2-ჯერ აღემატებოდა.
თავად პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის დაქირავებული მკვლევრების აზრით, განგაშის სიგნალი უსაფუძვლოა და ულტრაიისფერი სხივები, რომელსაც ადამიანი ფრჩხილების გალამაზების ერთი სესიით იღებს, საერთო სურათში უმნიშვნელოა.
ალექსანდროვისა და მისი კოლეგების აზრით, დამოუკიდებელი ეპიდემიოლოგიური კვლევები უნდა გაძლიერდეს, რათა საკითხი ინტერესთა კონფლიქტის არმქონე მკვლევრებმა შეისწავლონ.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები