NASA-ს წინა საუკუნის ხელოვნური თანამგზავრი დედამიწაზე ჩამოვარდა
NASA-ს მიერ დედამიწის ორბიტაზე ჯერ კიდევ 1980-იან წლებში გაშვებული ხელოვნური თანამგზავრი ბერინგის ზღვაში ჩამოვარდა. ეს გახლავთ ჩვენს პლანეტაზე დასაკვირვებლად განკუთვნილი Earth Radiation Budget Satellite (ERBS), რომელიც ატმოსფეროში 9 იანვარს, თბილისის დროით 08:04 საათზე შემოიჭრა.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2 450 კილოგრამი წონის მქონე სატელიტის უდიდესი ნაწილი ატმოსფეროშივე უნდა დამწვარიყო. ამის მიუხედავად, ვარაუდობენ, რომ მისი რამდენიმე კომპონენტი მაღალ ტემპერატურას გადაურჩა და ზღვაში ჩაცვივდა.
NASA-მ აღნიშნული ხელოვნური თანამგზავრი კოსმოსში ხომალდით Space Shuttle Challenger გაგზავნა. მისია 1984 წელს განხორციელდა და მისი მიზანი დედამიწის მიერ მზისგან წამოსული ენერგიის შთანთქმისა და გამოყოფის პროცესის შესწავლა იყო. ასევე, პლანეტის სტრატოსფეროსა და ატმოსფერულ წყლის ორთქლზე, აეროზოლებსა თუ აზოტის ოქსიდზე დაკვირვება.
ERBS აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს პროგრამის Earth Radiation Budget Experiment ნაწილი იყო. ეს უკანასკნელი დედამიწის რადიაციის შესასწავლად ორბიტაზე 3 სატელიტის გაშვებას ითვალისწინებდა. მისი მოქმედების ინტერვალი მხოლოდ 2 წლით შემოიფარგლებოდა, თუმცა ზემოხსენებულმა თანამგზავრმა 2005 წლამდე იფუნქციონირა. შემდეგ NASA-მ მისი ექსპლუატაციიდან მოხსნა გადაწყვიტა და ERBS ორბიტულ ნარჩენებს შეუერთდა.
"ERBS-მა მოსალოდნელ 2-წლიან ფუნქციურ პერიოდს ბევრად გადააჭარბა და მუშაობა 2005 წლამდე გააგრძელა. მისი დაკვირვებები დედამიწის რადიაციულ ბალანსზე ადამიანთა საქმიანობის გავლენის გაანალიზებაში დაგვეხმარა",— ამბობენ NASA-ში.
იმის შესახებ, რომ ERBS დედამიწაზე ჩამოვარდებოდა, NASA-მ ინფორმაცია წინასწარ გაავრცელა. სააგენტოს გამოთვლებით, რისკი, რომ ამის შედეგად ხმელეთზე ვინმე დაზიანდებოდა, 9 400-ში 1 იყო. საბედნიეროდ, ყველაფერმა უსაფრთხოდ ჩაიარა და არავინ დაშავებულა.
კომენტარები