შავი ხვრელი, როგორც დროის მანქანა — რამდენად რეალურია
შავი ხვრელები ერთგვარი ბუნებრივი დროის მანქანებია. თუმცა, რამდენად რეალურია მათი მსგავსი ფორმით გამოყენება?
ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს კოსმოსური ხომალდი, რომელიც შავ ხვრელთან ახლოს მიგვიყვანს. მაგრამ, თუნდაც ეს შეგვეძლოს, წარსულში შავი ხვრელის გამოყენებით მოგზაურობის მცდელობა შეიძლება უკანასკნელი რამ იყოს რასაც ვცდიდით.
შავი ხვრელები
შავი ხვრელი არის უკიდურესად მასიური ობიექტი, რომელიც, როგორც წესი, წარმოიქმნება, როდესაც მომაკვდავი ვარსკვლავი თავის თავში იშლება.
პლანეტებისა და ვარსკვლავების მსგავსად, შავ ხვრელებსაც აქვთ გრავიტაციული ველები მათ გარშემო. გრავიტაციული ველი არის ის, რაც დედამიწაზე გვტოვებს და რაც დედამიწას მზის გარშემო აბრუნებს.
შესაბამისად, რაც უფრო მასიურია ობიექტი, მით უფრო ძლიერია მისი გრავიტაციული ველი.
დედამიწის გრავიტაციული ველი უკიდურესად ართულებს კოსმოსში გაღწევას. სწორედ ამიტომ ვქმნით რაკეტებს: ჩვენ გვჭირდება დიდი სიჩქარე, რათა დავძლიოთ დედამიწის გრავიტაცია.
შავი ხვრელის გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ სინათლეც კი ვერ აღწევს მისგან თავს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე სწრაფი სამყაროში სწორედაც რომ სინათლეა.
სწორედ ამიტომაა შავი ხვრელები შავი: ჩვენ არ შეგვიძლია შუქის დანახვა შავი ხვრელიდან ისე, როგორც სხვა შემთხვევაში.
რა არის შავი ხვრელი — ყველაფერი, რაც ამ მისტიკურ ობიექტებზე ვიცით
სივრცის გამრუდება
ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია გვეუბნება, რომ მატერიას და ენერგიას კომპლექსური გავლენა აქვს სამყაროზე. მატერია და ენერგია ამრუდებს და ჭიმავს სივრცეს. რაც უფრო მასიურია ობიექტი, მით მეტი სივრცეა დაჭიმული და გამრუდებული მის გარშემო.
მასიური ობიექტი ქმნის ერთგვარ გამრუდებას სივრცეში. როდესაც ობიექტები მას უახლოვდებიან, ისინი ჩაზნექილ სივრცეში ხვდებიან.
სწორედ ამიტომ, როდესაც საკმარისად მიუახლოვდებით მასიურ ობიექტს, მათ შორის შავ ხვრელს, ეცემით მისკენ. ეს არის იმის მიზეზიც, რის გამოც სინათლე ვერ აღწევს შავი ხვრელისგან.
შავი ხვრელის მიერ შექმნილი გამრუდება (ჩაღრმავება) უფრო და უფრო "ღრმა" ხდება, რაც მას უახლოვდებით. წერტილს, საიდანაც ის იმდენად ღრმაა, რომ მისგან სინათლეც ვეღარ აღწევს თავს მოვლენების ჰორიზონტს უწოდებენ.
მოვლენების ჰორიზონტი მხოლოდ დროში მოგზაურობისთვის არაა საინტერესო: ის ასევე საინტერესოა ფილოსოფოსებისთვის, რადგან მათ აქვთ გავლენა იმაზე, თუ როგორ გვესმის დროის ბუნება.
დროის ფაქტორი
როდესაც სივრცეა დაჭიმული, იგივე გამრუდებული, მსგავსი ხდება დროის შემთხვევაშიც. საათი, რომელიც ახლოსაა მასიურ ობიექტთან, უფრო ნელა იმუშავებს, ვიდრე ის, რომელიც ახლოსაა გაცილებით ნაკლებად მასიურ ობიექტთან.
შავ ხვრელთან გატარებული ერთი წელი დედამიწაზე 80 წელს შეიძლება უდრიდეს, როგორც ეს ფილმ Interstellar-შია.
ამ გზით, შავი ხვრელები შეიძლება გამოვიყენოთ დროში სამოგზაუროდ. თუ გსურთ დედამიწის მომავლის ნახვა და ამასთან, ნაკლებად დაბერება, უბრალოდ იფრინეთ შავ ხვრელთან ახლოს და შემდეგ დაბრუნდით დედამიწაზე.
თუ საკმარისად მიუახლოვდებით შავი ხვრელის ცენტრს, თქვენთვის დრო ბევრად უფრო ნელა გავა, ვიდრე ეს დედამიწაზე. თუმცა, იმისთვის, რომ უკან დაბრუნება შეძლოთ მოვლენათა ჰორიზონტი არ უნდა გადაკვეთოთ.
შემდეგი პოდკასტი: შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები
წარსულში დაბრუნება
რაც შეეხება წარსულს? აქ მოვლენები მართლაც საინტერესოდ ვითარდება. შავი ხვრელი ისე ახვევს დროს, რომ მას შეუძლია ის თავის გარშემო შემოიხვიოს.
წარმოიდგინეთ, რომ აიღეთ ფურცელი და ისე მოკეცეთ, რომ ორი ერთმანეთისგან დაშორებული წერტილი დაააკავშირეთ. როგორც ჩანს, შავი ხვრელი სწორედ ასე ექცევა დროს.
ეს ქმნის ბუნებრივ დროის მანქანას, ამჯერად წარსულში მოსახვედრად. თუ მსგავსი თვისების გამოყენებას შეძლებდით, რომელსაც ფიზიკოსები დახურულ დროის მსგავს მრუდს უწოდებენ, აღმოჩნდებით სივრცის იმ ტრაექტორიაზე, რომელიც იწყება მომავალში და მთავრდება წარსულში.
ამ ერთგვარი მარყუჟის შიგნით ასევე აღმოაჩენთ, რომ მიზეზისა და შედეგის ერთმანეთთან დაკავშირება ძნელია. ის, რაც წარსულშია და იწვევს რაღაცას მომავალში, თავის მხრივ იწვევს წარსულშიც.
სპაგეტი
თუმცა, სანამ შავ ხვრელს აარჩევდეთ და დინოზავრების მოსანახულებლად მოემზდებოდეთ, არის რამდენიმე პრობლემა.
ძირითადად სამი პრობლემაა. პირველი — თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ შავი ხვრელის წარსულში მოგზაურობა. ეს ნიშნავს, რომ თუ შავი ხვრელი დინოზავრების სიკვდილის შემდეგ შეიქმნა, მაშინ ვერ შეძლებთ საკმარისად შორეულ წარსულში დაბრუნებას.
მეორე — თქვენ მოგიწევთ მოვლენების ჰორიზონტის გადაკვეთა. ეს ნიშნავს, რომ საბოლოოდ თქვენ მოვლენების ჰორიზონტიდან გამოსვლაც დაგჭირდებათ. ეს კი სინათლეზე უფრო სწრაფად მოგზაურობას ნიშნავს, რაც ფაქტიურად შეუძლებელია.
მესამე, და ალბათ ყველაზე უარესი, თქვენ და თქვენი კოსმოსური ხომალდი გაივლით "სპაგეტიფიკაციას". გემრიელად ჟღერს, არა?
სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. მოვლენების ჰორიზონტს რომ გადაკვეთავთ ისეთი დაჭიმული იქნებით, როგორც ლაფშა. სინამდვილეში, არც მთლად სპაგეტი იქნებით, ეს ფაქტიურად ატომებად დაშლას ნიშნავს.
ამიტომ, დიახ, შავი ხვრელების გამოყენებით მომავალში მოხვედრა რეალურია, მაგრამ წარსულში დაბრუნება ბევრად უფრო კომპლექსური და რთულია.
კომენტარები