ChatGPT-ს ვაკანსიებისთვის სამოტივაციო წერილის შექმნაც შეუძლია
OpenAI-ის ახალი ჩეთბოტი ChatGPT ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიახლეა. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი შიშობს, რომ მისი შესაძლებლობების არაკეთილსინდისიერად გამოყენებაცაა შესაძლებელი. ძირითადი პრობლემა, რომელიც აქამდე იკვეთებოდა, აკადემიური ესეების შექმნის შესაძლებლობა იყო.
ასევე იხილეთ: შეუძლია თუ არა ChatGPT-ს კარგი აკადემიური ტექსტების წერა — პროფესორების აზრი
Insider-მა გამოიკვლია, რამდენად კარგად შეუძლია ChatGPT-ს, რომ ვაკანსიებისთვის სამოტივაციო წერილი შექმნას.
ჩეთბოტის შესაძლებლობების გამოსაცდელად, Insider-მა მას სოციალური მედიის ასისტენტისა და ბუღალტერის რეალური ვაკანსიების აღწერები მიაწოდა. გარდა ამისა, რამდენიმე წინადადება პერსონალური გამოცდილების შესახებაც. ჩეთბოტმა მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით რამდენიმე სამოტივაციო წერილი შექმნა, რომელიც მედიასაშუალებამ მენეჯერებს გააცნო.
"დიდი ალბათობით, ჩვენ ვიფიქრებდით, რომ ეს ნამდვილმა კანდიდატმა დაწერა და მას დავუკავშირდებოდით. წერილის სტრუქტურა კარგია, თუმცა ნაკლებად მოიცავს დეტალებს სამიზნე კომპანიის შესახებ", — განაცხადა რეკრუტირების ექსპერტმა კრის ვილშერმა.
სხვა ექსპერტის, სტეფანი პეტრის განცხადებით, წერილის ტონი ძალიან ფორმალური და მშრალია, დამსაქმებელი კი ყოველთვის მეტ კრეატიულობას ეძებს. მისი თქმით, ბუღალტრის პოზიციისათვის განკუთვნილი სამოტივაციო წერილი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ხოლო სოციალური მედიის ასისტენტის — არა.
საერთო ჯამში, ორივე მენეჯერი შეთანხმდა, რომ ChatGPT-ის წერილები საკმარისად კარგი იყო იმისათვის, რომ პრეტენდენტი გასაუბრებაზე დაებარებინათ, თუმცა ფაქტია ისიც, რომ მათ "ადამიანურობა" ოდნავ აკლდა.
საბოლოოდ, თუ პრეტენზიას სერიოზულ პოზიციაზე აცხადებთ, ამ ეტაპზე ჩეთბოტს არ უნდა ენდოთ. სამოტივაციო წერილის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ დამსაქმებელმა კანდიდატის მოტივაცია და პიროვნული თვისებები დაინახოს. ეს ChatGPT-ს ჯერ არ შეუძლია, თუმცა მარტივ სამოტივაციო წერილებს, როგორც ჩანს, თავს კარგად ართმევს.
კომენტარები