ნახეთ: შერწყმის პროცესში მყოფი გალაქტიკები ჯეიმს ვების ტელესკოპის ობიექტივში
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა 2 გალაქტიკის შერწყმის პროცესი გადაიღო. სურათზე ვხედავთ, რომ შეჯახებისა და გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად მათი ფორმა სახეცვლილია და შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის.
ობიექტი, რომელიც მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ დააფიქსირა, II ZW 96-ის სახელითაა ცნობილი და ის ჩვენგან დაახლოებით 500 მილიონი წლითაა დაშორებული. გალაქტიკათა წყვილი ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებულ დელფინის თანავარსკვლავედშია განლაგებული.
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ეს თვალწარმტაცი სურათი მასზე დამონტაჟებული ახლო ინფრაწითელი (NIRCam) და შუა ინფრაწითელი (MIRI) კამერების მეშვეობით გადაიღო. ფოტო ცხადყოფს, რამდენად შეცვლილია მატერიის ამ უზარმაზარი სისტემების ფორმა მათი უმძლავრესი მიზიდულობის ძალის გავლენით.
NASA-ს მეცნიერები ამბობენ, რომ სურათის ქვედა მხარეს ნაჩვენები გალაქტიკის სპირალური შვერილები გამრუდებულია, კაშკაშა ბირთვები კი ერთმანეთთან ძალიან ნათელი, წაგრძელებული სტრუქტურებითაა დაკავშირებული. ეს ვარსკვლავთა წარმომქმნელი რეგიონებია, რომელთა გამოც II ZW 96 ვებისთვის საინტერესო საკვლევი კანდიდატია.
ტელესკოპის მიერ მსგავსი ობიექტების შესწავლის მიზანი გალაქტიკათა ევოლუციის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაა. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია ე.წ. კაშკაშა ინფრაწითელ გალაქტიკებზე, როგორიც II ZW 96 გახლავთ. ის ჰაბლის ობიექტივშიცაა მოხვედრილი და ხმელეთზე მდებარე ობსერვატორიებიდანაცაა დაფიქსირებული.
კომენტარები