კვლევის თანახმად, ტვინი ხმის ამოსაცნობად მხედველობას ეყრდნობა — რას ნიშნავს ეს
ახალი კვლევის თანახმად, ხმისა და სახის ამოცნობა ერთმანეთთან იმაზე მჭიდროდაა დაკავშირებული, ვიდრე აქამდე გვეგონა. კერძოდ, შესაძლოა, ვიზუალური და სმენითი ინფორმაცია, რომელიც ვიღაცის ამოცნობას უკავშირდება, ტვინის ერთსა და იმავე რეგიონს მიეწოდება, შეგრძნებათა სხვადასხვა მოდალობების ინტეგრირებით კი ამოცნობა უფრო ზუსტია. ნაშრომი გამოცემაში Journal of Neurophysiology გამოქვეყნდა.
"ბიჰევიორისტული კვლევებით ვიცით, რომ ადამიანები ნაცნობ ხმას უფრო სწრაფად და ზუსტად ამოიცნობენ, როდესაც მას მოსაუბრის სხმას უკავშირებენ, თუმცა ამის ასახსნელად კარგი მაგალითი არასოდეს გვქონია", — განაცხადა ტეილორ აბელმა, კვლევის თანაავტორმა და პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა.
მისი თქმით, ვიზუალურ ქერქში, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ჩვეულებრივ სახეებს ამუშავებს, ელექტრულ აქტივობას ნაცნობთა ხმებზე საპასუხოდაც ვხედავთ. მართალია, ამ სისტემებს შორის კავშირს მსოფლიოს გარშემო აქამდეც აღიარებდნენ და იკვლევდნენ, თუმცა ტრადიციულად მაინც მიჩნეული იყო, რომ ისინი სტრუქტურულად და სივრცობრივად ერთმანეთისგან გამოყოფილია.
ტვინის ცენტრიდან (მისი მთავარი როლი ვიზუალური ინფორმაციის გადამუშავებაა) მომავალი აქტივობის პირდაპირ გაზომვა აქამდე რამდენიმე კვლევის ფარგლებში უცდიათ. მეცნიერების მიზანი იყო გაერკვიათ, არის თუ არა იგი დაკავებული მაშინაც, როდესაც მონაწილეებს ნაცნობ ხმოვან სტიმულს ასმენინებენ.
მოყვანილი ურთიერთქმედება ამჯერად პიტსბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს ეპილეფსიის მქონე პაციენტებში. მათ მკურნალობის ფარგლებში დროებით ელექტროდები ჰქონდათ ჩადგმული, რომლებიც კრუნჩხვების წყაროს გამოსავლენად ტვინის აქტივობას ზომავდა.
კვლევაში ხუთმა ზრდასრულმა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა. მკვლევრებმა ცდისპირებს აშშ-ის სამი პრეზიდენტის — ბილ კლინტონის, ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას — ფოტოები აჩვენეს ანდა მათი ხმების მოკლე ჩანაწერები მოასმენინეს, შემდეგ კი მათი ამოცნობა სთხოვეს.
ვიზუალური ინფორმაციის დამუშავებაზე პასუხისმგებელი რეგიონიდან — თითისტარისებრი ხვეული (FG) — ელექტრული აქტივობის ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ნაცნობი ხმების გაგონების დროსაც იგივე რეგიონი აქტიურდებოდა, თუმცა უკუკავშირი შედარებით მცირე და ოდნავ შეყოვნებული გახლდათ.
"ეს მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ სმენითი და ვიზუალური არეები ძალიან ადრე ურთიერთქმედებს ხალხის ამოცნობისას და განცალკევებით არ მუშაობს", — ამბობს აბელი — "ტვინის ფუნქციონირების კუთხით ჩვენი ცოდნის გამდიდრების გარდა, კვლევა იმ დაავადებათა მექანიზმებსაც ხსნის, რომელთა ფარგლებშიც ხმის ანდა სახეების ამოცნობა რთულდება, მაგალითად, დემენციების თუ სხვა მსგავსი პრობლემების დროს".
კომენტარები