შექმნეს მოწყობილობა, რომელიც Wi-Fi-ის საშუალებით კედლებს მიღმა "ხედავს"
ვატერლოოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დრონზე მომუშავე მოწყობილობა შექმნეს, რომელსაც WiFi ქსელების საშუალებით კედლებს მიღმა "დანახვა" შეუძლია.
მოწყობილობა, სახელად Wi-Peep, ჯერ შენობასთან ახლოს მიფრინავს. შემდეგ იგი მაცხოვრებელთა WiFi ქსელს იყენებს, სწრაფად აფიქსირებს შიგნით არსებულ ყველა მოწყობილობას, რომლებზეც WiFi ჩართულია და მათ ადგილმდებარეობას ადგენს.
Wi-Peep ამისათვის პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებულ მოწყვლადობას იყენებს, რომელსაც მკვლევრები Polite WiFi-ს უწოდებენ. მაშინაც კი, როდესაც ქსელს პაროლი იცავს, ჭკვიანი აპარატები ახლომდებარე მოწყობილობებიდან კონტაქტის ნებისმიერ მცდელობას ავტომატურად ეხმიანება. Wi-Peep ფრენისას მოწყობილობას რამდენიმე შეტყობინებას უგზავნის, შემდეგ კი თითოეულის შემთხვევაში უკუკავშირის დროს ზომავს. ასე იგი მეტრის რადიუსში მოწყობილობის ადგილმდებარეობას საზღვრავს.
აღმოჩენის მნიშვნელობას დოქტორი ალი აბედი გვიხსნის. იგი ვატერლოოს უნივერსიტეტში პროფესორის თანაშემწეა კომპიუტერულ მეცნიერების განხრით.
"Wi-Peep მოწყობილობები ხილულ სპექტრში არსებულ ნათებებს წააგავს, კედლები კი — შუშას", — გვიხსნის აბედი — "ანალოგიური ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია, ბანკის შიგნით მცველების მობილურების ანდა ჭკვიანი საათების ადგილმდებარეობას მივდიოთ და ასე მათ გადაადგილებას ვუთვალთვალოთ".
მისი თქმით, ასე ქურდი შეძლებდა და სახლში ჭკვიან მოწყობილობებს ამოიცნობდა, მათ შორის, დაცვის კამერებს, ლეპტოპებსა და ჭკვიან ტელევიზორებს. შემდეგ იგი მათ მდებარეობას განსაზღვრავდა და გასაქურდად კარგ სახლსაც შეარჩევდა.
"ამასთან ერთად, ვინაიდან მოწყობილობა დრონის მეშვეობით მუშაობს, მისი გამოყენება დისტანციურად და სწრაფად არის შესაძლებელი, ხოლო მომხმარებლის ამოცნობის შანსი დიდი არ არის", — აცხადებს აბედი.
აქამდე არსებულ მსგავს მოწყობილობებთან შედარებით Wi-Peep-ის უპირატესობა სიიაფეა. ამასთანავე, მარტივია მისი ტრანსპორტირებაც. აბედის გუნდმა იგი მაღაზიაში ნაყიდი დრონითა და $20 ღირებულების მარტივად საშოვნი აპარატული უზრუნველყოფით შექმნა.
"როგორც კი Polite WiFi მოწყვლადობა აღმოვაჩინეთ, მაშინვე მივხვდით, რომ ამ ტიპის თავდასხმა შესაძლებელი იყო", — აცხადებს აბედი.
თეორიის შესამოწმებლად მეცნიერებმა Wi-Peep შექმნეს და მალევე გაიაზრეს, რომ შესაბამისი ცოდნით მსგავსი მოწყობილობის შექმნას ნებისმიერი ადამიანი მარტივად შეძლებდა.
"არსებითად, Polite WiFi მოწყვლადობა უნდა გამოვასწოროთ, რათა ჩვენმა მოწყობილობებმა უცხოებს არ უპასუხოს", — ამბობს აბედი — "ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს შრომას შემდეგი თაობის პროტოკოლების შექმნაში გამოიყენებენ".
ამასობაში იგი WiFi ჩიპების მწარმოებლებს ურჩევს, რომ მოწყობილობის უკუკავშირის დროის კუთხით ხელოვნური, რანდომიზებული ვარიაცია შემოიღონ, რომელიც გამოთვლებს (მაგალითად, რომლებსაც Wi-Peep იყენებს) ბევრად არაზუსტს გახდის და კედლებს მიღმა "ხედვას" გაართულებს.
მკვლევრებმა ნაშრომი The 28th Annual International Conference on Mobile Computing and Networking წარადგინეს. მას ამ ბმულზე გაეცნობით.
კომენტარები