რატომ ხდება სამხრეთ ნახევარსფეროში შტორმები უფრო ხშირად? — კვლევას ამ კითხვაზე პასუხი აქვს
ქარიშხლები და სხვა მეტეოროლოგიური მოვლენები ჩვენი პლანეტის ყველა ნაწილში თანაბარი სიხშირით არ გვხვდება. სამხრეთ ნახევარსფერო დაახლოებით 24%-ით უფრო შტორმიანია, ვიდრე ჩრდილოეთი. ამის მიზეზი აქამდე უცნობი იყო.
ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მთათა სისტემები და ენერგიის ოკეანეების ირგვლივ ცირკულაცია შტორმების ეკვატორის ჩრდილოეთით და სამხრეთით წარმოქმნის მთავარი ფაქტორებია.
ჩიკაგოსა და ვაშინგტონის უნივერსიტეტების მკვლევრებმა კითხვაზე პასუხის გასაცემად ხელოვნური კლიმატური მოდელები გამოიყენეს. ისინი დააკვირდნენ, თუ რა გავლენა აქვთ ისეთ ცვალებად მაჩვენებლებს, როგორებიც ტოპოგრაფია და ოკეანური დინებებია, წარმოქმნილი შტორმების რაოდენობაზე.
"ვინაიდან დედამიწის ქილაში ჩადება შეუძლებელია, ჩვენი ჰიპოთეზის გამოსაცდელად ფიზიკის კანონების მიხედვით შექმნილი კლიმატური მოდელები გამოვიყენეთ", — განაცხადა ჩიკაგოს უნივერსიტეტის კლიმატის მკვლევარმა ტიფანი შოუმ.
ყოველ ჯერზე მკვლევრები კლიმატური მოდელის ერთ ნაწილს ცვლიდნენ. როცა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროების ხმელეთის მასები სიმაღლეში გაათანაბრეს, შტორმების რაოდენობის განსხვავება განახევრდა.
შემდეგ მკვლევრებმა თბილი დინებების არქტიკულ ცივ წყალში ჩადინების პროცესი შეაჩერეს. როცა ეს ეფექტი მთათა სისტემების გაბრტყელების ეფექტს დაემატა, ქარიშხლების რაოდენობა ორივე ნახევარსფეროში გათანაბრდა.
რაც უფრო საინტერესოა, სატელიტური დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ 1980-იანი წლების შემდეგ სამხრეთ ნახევარსფეროში შტორმების რაოდენობა იმატებს, ხოლო ჩრდილოეთში ძირითადად უცვლელი რჩება.
სავარაუდოდ, ეს დინებებში ატმოსფეროსა და ოკეანის ტემპერატურის ზრდით გამოწვეული ცვლილებების დამსახურებაა. ეს ცვლილებები ყველგან ხდება, თუმცა ჩრდილოეთში მას ზღვის ყინულის კარგვა და მზის სხივების შთანთქმის მაღალი მაჩვენებელი აბალანსებს.
"სამხრეთ ნახევარსფერო უფრო ქარიშხლიანი გახდება. ჩრდილოეთში მიმდინარე ცვლილებების ხმაურს კი ტროპიკული და პოლარული კლიმატის ცვლილება ახშობს", — ვკითხულობთ კვლევაში,
მსოფლიოს მასშტაბით კლიმატისა და ამინდის კვლევა მხოლოდ მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. მიუხედავად ამისა, მეზღვაურებმა ყოველთვის იცოდნენ, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროში კლიმატური ცვლილებები აშკარა იყო.
1980-იან წლებში სატელიტური გადაღების საშუალებები გამოჩნდა, რამაც მიმდინარე ცვლილებების კვლევა ბევრად გაამარტივა.
მკვლევრები ამ მიგნებებს კვლავ კლიმატური ცვლილებების მოდელებისთვის გამოიყენებენ, რათა უკეთ გაიგონ, თუ როგორ ზემოქმედებს პლანეტის დათბობა ქარიშხლების წარმოქმნაზე და რომელი მაჩვენებლების დაკვირვებაა მნიშვნელოვანი.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები