შესაძლებელია თუ არა სეროტონინის დონის გაზრდა? — ექსპერტების აზრი
სეროტონინი ნეიროტრანსმიტერია, რომელიც სხეულის არაერთ ფუნქციაზეა პასუხისმგებელი. მას ხშირად ბედნიერების ჰორმონსაც უწოდებენ, რადგან ხასიათის რეგულირებაში, კერძოდ, მის ამაღლებაში იღებს მონაწილეობას. თუმცა, გარდა განწყობისა, ამ ქიმიურ ნივთიერებას თავისი როლი თითქმის ყველაფერში აქვს – დაწყებული მონელებით, დამთავრებული ძილითა და ძვლების ჯანმრთელობით.
თეორიულად, ორგანიზმში სეროტონინის დონის ამაღლება მიმზიდველად ჟღერს – განსაკუთრებით, თუ ეს ხასიათის გაუმჯობესებას დაეხმარება. მიუხედავად ამისა, არის თუ არა რეალურად შესაძლებელი ამის მიღწევა და რა ეფექტი ექნება ამას ორგანიზმზე, ძალიან ცოტამ თუ იცის. Live Science ამასთან დაკავშირებით ექსპერტებს ესაუბრა.
"სეროტონინი ამინომჟავა ტრიპტოფანის გამოყენებით სინთეზირდება, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი არ წარმოქმნის და საკვებიდან ვიღებთ. მიუხედვად იმისა, რომ სეროტონინს ძირითადად ტვინთან მიმართებაში ვახსენებთ, ორგანიზმში მისი უდიდესი ნაწილი ნაწლავებსა და სისხლში გვხვდება", — განაცხადა ნეიროფსიქიატრმა და Relief Mental Health-ის მთავარმა ექიმმა ტერეზა პოპრავსკიმ.
პოპრავსკის თქმით, ტვინში ნივთიერების მხოლოდ 1 ან 2%-ს ვხვდებით, ზოგ წყაროს კი ეს რიცხვი 10%-მდეც მიჰყავს.
თავისა და ზურგის ტვინში სეროტონინი ნეიროტრანსმიტერის ფუნქციას ასრულებს, ხოლო სხვა ქსოვილებში ჰორმონისას.
მისი ეფექტიც სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ სად მოქმედებს: ცენტრალურ ნერვულ სისტემაში თუ სადმე სხვაგან.
ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სეროტონინი სინაფსურ ნაპრალში, ორ ნეირონს შორის გვხვდება. ერთი ნერვული უჯრედი უშვებს ნივთიერებას, მეორე კი იღებს მას.
"ნეირონი, რომელიც სეროტონინს გამოყოფს, ნეიროტრანსმიტერის უკან შეწოვის გზით აკონტროლებს სინაფსურ ნაპრალში მის რაოდენობასაც, რასაც ხელახალ ათვისებას უწოდებენ. კონკრეტულ მედიკამენტებს შეუძლია ხელახალი ათვისების შენელება, რაც სეროტონინის ეფექტს მიმღებ ნეირონზე უფრო გაახანგრძლივებს. მაგალითად, ხელახალი ათვისების სელექციური ინჰიბიტორები (SSRI) ანტიდეპრესანტის ტიპია, რომელიც მიმღებ ნეირონზე სეროტონინის ეფექტს ახალგრძლივებს", — განაცხადა პოპრავსკიმ.
გარდა ხასიათის რეგულირებისა, სეროტონინი ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ისეთ ფუნქციებზეცაა პასუხისმგებელი, როგორებიც ძილი, მადა, სწავლა, მეხსიერება და ლიბიდოა.
ნევროლოგი შაჰინ ლახანის განცხადებით, დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა რწმენა, რომ სეროტონინის დონის ცვლილებები პირდაპირ ხასიათთან იყო დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ნეიროტრანსმიტერი ბევრად რთული რამეა, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა და ტვინის ნივთიერებებსა და ფუნქციებს შორის ბევრად მეტი დინამიკური ურთიერთქმედება არსებობს.
ცენტრალური ნერვული სისტემის მიღმა, სეროტონინი არა მხოლოდ ნაწლავის ფუნქციებს, არამედ სისხლის შედედებასაც არეგულირებს და ჭრილობის შეხორცების პროცესში სისხლის მიმოქცევის შენელებაში იღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, სეროტონინი სინთეზირდება მელატონინადაც. მელატონინი ჰორმონია, რომელიც ჩვენი ცირკადულ რითმს, ორგანიზმის ბიოლოგიურ საათს განაგებს.
როგორც სხვა მრავალ ნეიროტრანსმიტერსა და ჰორმონს, ზოგი ადამიანის ორგანიზმი სხვებზე მეტ სეროტონინს აწარმოებს, რადგან ამ ქიმიური ნივთიერების სინთეზი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. პოპრავსკი ამას სისხლში ტრიპტოფანისა და სხვა ამინომჟავების კონცენტრაციას უკავშირებს, რაც, თავის მხრივ, განსხვავებული კვებითი ჩვევებით არის გამოწვეული.
ტრიპტოფან ჰიდროქსილაზა ენზიმია, რომელიც სეროტონინის წარმოქმნას არეგულირებს. საპირისპიროდ, ამ ენზიმის აქტივობა გენის ექსპრესიაზეა დამოკიდებული, რაზეც გენეტიკასა და გარემო ფაქტორებს დიდი გავლენა აქვს.
არის თუ არა შესაძლებელი სეროტონინის წარმოქმნის გაზრდა?
პოპრავსკის თქმით, სეროტონინის წარმოქმნის გაზრდა შესაძლებელია, თუმცა ადამიანების უმრავლესობას ნივთიერების ადეკვატური რაოდენობა ისედაც მოეპოვება.
თუ რიცხვი ძალიან დაბალია, ექიმი გაზრდამდე იმის გაგებას ეცდება, რამ გამოიწვია მისი ამ დონემდე დაცემა.
სეროტონინის დაბალი კონცენტრაციის ნიშნებია დეპრესია, შფოთვა, კონცენტრაციის ნაკლებობა, უძილობა, წონაში მატება და ა.შ.
ძირითადად, ამას ამინომჟავა ტრიპტოფანის ნაკლებობა იწვევს. თავად ტრიპტოფანის ნაკლებობის გამომწვევი მიზეზი კი შეიძლება იყოს B6 ვიტამინის ან მაგნიუმის დეფიციტი, ჭარბი ალკოჰოლი ან მოწევა და შაქრისშემცველი პროდუქტის დიდი რაოდენობით მიღებაც კი.
თეორიულად, ტრიპტოფანის სხეულში მოხვედრა ნივთიერებით მდიდარი საკვებითაა შესაძლებელი, თუმცა იმისათვის, რომ ტვინმა სეროტონინის წარმოება დაიწყოს, მხოლოდ ეს საკმარისი არაა. ტრიპტოფანი ძირითადად გვხვდება ცილებით მდიდარ პროდუქტებში, როგორებიცაა ძროხისა და ღორის ხორცი, ტოფუ, გოგრის მარცვლები, კვერცხი, სოიო, ორაგული და ა.შ.
ლახანის თქმით, სეროტონინის წარმოება სულაც რომ გავზარდოთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დამატებით რაოდენობას სხეული გამოიყენებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ დეფიციტს არ განვიცდით.
მოკლედ რომ ვთქვათ, სეროტონინის რაოდენობის ზრდა შესაძლებელია, თუმცა ეს გარდაუვალი აუცილებლობით ხასიათის გაუმჯობესებას არ გამოიწვევს.
კომენტარები